ქართული არმია - დიდი თუ პატარა? - კვირის პალიტრა

ქართული არმია - დიდი თუ პატარა?

საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს...

საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ შეიარაღებული ძალების დღევანდელი საშტატო რაოდენობა უცვლელი დარჩეს, ანუ არ აღემატებოდეს 37 ათას სამხედრო მოსამსახურეს.

ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.მოქალაქეთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი რთული პოლიტიკური სიტუაციის დროს, როდესაც არსებობს რუსული სამხედრო აგრესიის განახლების საფრთხე და ამასთან, ჩვენი რეგიონიდან არცთუ ისე შორს "ისლამურმა სახელმწიფომ" ლამის ნახევარ მსოფლიოს ომი გამოუცხადა, ქართული არმიის რაოდენობისა და ბრძოლისუნარიანობის გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ. სხვები, პირიქით, თვლიან, რომ ქართულმა არმიამ 2008 წელს რუსული სამხედრო აგრესიისგან ვერ დაგვიცვა და ამას ვერც მომავალში შეძლებს, ამიტომ არ არის საჭირო ამხელა კონტინგენტის გამოკვება და ჯობს, სამხედრო ბიუჯეტის დიდი ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას მოხმარდეს.

თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი 600 მლნ ლარს შეადგენს. მისი დაახლოებით 80% სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომით ანაზღაურებაზე, პრემიებზე, მივლინებებსა და სოციალური პირობების უზრუნველყოფაზე იხარჯება, ჯარის საბრძოლო მომზადებისა და შეიარაღების რემონტისთვის კი ძალიან ცოტა თანხა რჩება, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის შეძენაზე. ასეთი სამხედრო ბიუჯეტის პირობებში არმიის რაოდენობის გაზრდა ნონსენსი იქნებოდა, რადგან ბიუჯეტი მთლიანად ხელფასებზე გაიხარჯებოდა.

მერე მხრივ, გასათვალისწინებელია ერთი ჩვენთვის არასახარბიელო რეალობაც - მართალია, საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით არის განსაზღვრული, მაგრამ საბრძოლო დანაყოფები სრულად არ არის დაკომპლექტებული და საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო 37 ათასზე ბევრად ნაკლები მებრძოლის გამოყვანას თუ შეძლებს ქვეყნის დასაცავად (არ დაგვავიწყდეს ავღანეთში მივლინებული 900-ზე მეტი სამხედროც).

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეზობელი სომხეთის არმიის რაოდენობა ჩვენსას თითქმის ორჯერ აღემატება, რომ აღარაფერი ვთქვათ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებზე. არმიის მრავალრიცხოვნობა ყოველთვის არ ნიშნავს მის სიძლიერეს, მაგრამ როცა არ შეგიძლია, შეიარაღებული ძალების სიმცირე ძლიერი, თანამედროვე შეიარაღებით დააბალანსო, მაშინ სხვა გზა უნდა ეძებო. უპირველესად, უფრო ოპტიმალური უნდა გახადო ჯარების მართვა, საბრძოლო მომზადება, ყურადღება მიაქციო ტექნიკისა და შეიარაღების დროულ რემონტს, ანუ გააკეთო ყველაფერი, რაც დღეს ქართულ არმიაში ნაკლებად ხდება, როგორც ობიექტური, ისე - სუბიექტური მიზეზების გამო.