რუსული "სუ"-ები სირიაში მაინც ჩაფრინდნენ - რატომ დარჩა აშშ-ს დაზვერვა გაოგნებული? - კვირის პალიტრა

რუსული "სუ"-ები სირიაში მაინც ჩაფრინდნენ - რატომ დარჩა აშშ-ს დაზვერვა გაოგნებული?

აშშ-ის დაზვერვა შეიძლება გაოგნებულიც დარჩა, როდესაც 21 სექტემბერს კოსმოსიდან, სადაზვერვო თანამგზავრიდან, სირიაში, ქ. ლატაკიის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, რუსული საბრძოლო ავიაციის მთელი არმადა დააფიქსირა.

სადაზვერვო ფოტოსურათზე კარგად ჩანს, რომ ამ აეროდრომზე მოსკოვმა სწრაფად გადაისროლა ოთხი გამანადგურებელი CУ-30CМ, 12 მოიერიშე СУ-25 და ამდენივე საფრონტო ბომბდამშენი СУ-24М. გარდა ამისა, რუსეთმა სირიის ამავე აეროდრომზე ასევე ჩაიტანა МИ-8 და МИ-24 ტიპის 15 შვეულმფრენი, 9 ცალი Т-90 ტიპის ტანკი, 36 ჯავშანმანქანა და საზენიტო-სარაკეტო სისტემის რამდენიმე დანადგარი.

სირიაში, დასავლეთისთვის მოულოდნელად, 30-მდე რუსული საბრძოლო თვითმფრინავის გამოჩენა, NATO-სთვის გამაოგნებელი უნდა იყოს.

როგორც "კვირის პალიტრის" წინა ნომერში ვვარაუდობდით, საბრძოლო თვითმფრინავების სირიაში გადასასროლად მოსკოვმა ირან-ერაყის საჰაერო მარშრუტი გამოიყენა და თანაც, სამხედრო ეშმაკობაც იხმარა: თურქეთში განთავსებულ ამერიკულ რადარებს თვითმფრინავების მაღალ სიმაღლეზე ფრენა რომ არ დაეფიქსირებინათ, საბრძოლო "სუ"-ები უზარმაზარი სატრანსპორტო Ан-124-ის სიახლოვეს, რამდენიმე მეტრში, მიფრინავდნენ, რაც ამერიკული რადარის ეკრანზე აისახება, როგორც ერთი "რუსლანის" ფრენა.

ინტერნეტით გავრცელდა ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც - ერაყის თავზე, დიდ სიმაღლეზე, სატრანსპორტო თვითმფრინავს "ჩახუტებული" რუსული საფრონტო ბომბდამშენები СУ-24М-ები მიფრინავენ. საინტერესოა, როგორ ჩააღწიეს ირანამდე რუსულმა თვითმფრინავებმა. ალბათ, კასპიის ზღვიდან, რადგან საქართველოს ცაში მათი გამოჩენა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა, ირანმა და სირიამ ბაღდადში შექმნეს ცენტრი, სადაც თავი უნდა მოუყარონ იმ შიიტებს, რომლებიც "ისლამურ სახელმწიფოს" ხმელეთზე შეებრძოლებიან, ჰაერიდან კი მათ სირიაში გადასროლილი რუსული საბრძოლო ავიაცია დაეხმარება.

თუმცა, ქ. ლატაკიის აეროდრომზე თავმოყრილი რუსული თვითმფრინავები "ისლამური სახელმწიფოსთვის" საუკეთესო სამიზნეა, თუკი ისინი ამ აეროდრომს ჰაუბიცებისა და მით უმეტეს - ნაღმსატყორცნების გასროლის მანძილზე მიუახლოვდებიან.