პუტინი ბომბავს, ობამა აღშფოთებულია... - კვირის პალიტრა

პუტინი ბომბავს, ობამა აღშფოთებულია...

მოსკოვის მთავარ მიზანს პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის გადარჩენა წარმოადგენს...

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საბრძოლო თვითმფრინავები 30 სექტემბრის შემდეგ ყოველდღიურად ბომბავენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ დანაყოფებს - როგორც ”ისლამური სახელმწიფოს”, ისე - აშშ-ის სპეცსამსახურების მომზადებულ ზომიერ ოპოზიციასაც.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვის მთავარი მიზანია, გადაარჩინოს პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლება, რომელსაც ბოლო დღეებში დიდი საფრთხე დაემუქრა.

(იხილეთ ასევე:  "თურქეთს სრული უფლება ჰქონდა რუსული გამანადგურებელი ჩამოეგდო" - რუსული თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში გამოჩნდნენ)

სირიის ომში რუსეთის ჩართვამ დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ის ტრადიციულ ”შეშფოთება-აღშფოთებას” ვერ გასცდა, რადგან თუნდაც ”აღშფოთებულ” ობამას ერთი წლის წინ შეეძლო, ამერიკული საბრძოლო ავიაციის წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით ”ისლამური სახელმწიფო” გაენადგურებინა, მაგრამ კოალიციური ძალების თვითმფრინავების მიერ 2014 წლის სექტემბრიდან განხორციელებული 6 ათასზე მეტი გაფრენა არაეფექტური გამოდგა, რადგან მათი 80% სადაზვერვო ხასიათის იყო.

სირიისა და ერაყის მთავრობები ”ისლამური სახელმწიფოს” დანაყოფების გასანადგურებლად რეალურ შედეგებს ელოდნენ და ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ სირიის პრეზიდენტის გარდა, ერაყის ხელისუფლებაც მიესალმა რეგიონში რუსული საბრძოლო ავიაციის გამოჩენას.

ბოლო მონაცემების თანახმად, სირიის ქ. ლატაკიის სიახლოვეს, ჰმეიმიმის აეროდრომზე, განთავსებულია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საბრძოლო ტექნიკა: Cу-30CМ ტიპის 4 გამანადგურებელი, 12 ერთეული საფრონტო ბომბდამშენი Су-24М, Су-25 ტიპის 12 მოიერიშე, 6 თანამედროვე საფრონტო ბომბდამშენი Су-34, Ми-8 და Ми-24 ტიპის 15-მდე შვეულმფრენი. აეროდრომს კი 50-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა იცავს.

რუსული ავიაცია საბრძოლო გაფრენებს დღისით და ღამით, ძირითადად, დისლოკაციის ადგილის სიახლოვეს, მათ შორის - იდლიბის რაიონში, ახორციელებს. რუს გენერლებს სურთ, გამორიცხონ მოწინააღმდეგის მიერ ჰმეიმიმის აეროდრომის საარტილერიო დაბომბვის შესაძლებლობა.

მოგვიანებით რუსეთის ავიაციის დარტყმები სირიის სხვა რეგიონებშიც განხორციელდება.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში, ერაყის მთავრობის თხოვნით, რუსულმა ბომბდამშენებმა ”ისლამური სახელმწიფოს” დანაყოფებს საჰაერო დარტყმები მიაყენონ ერაყის ტერიტორიაზეც, თუმცა, მარტო საჰაერო დარტყმებით ”ისლამური სახელმწიფოს” სრული განადგურება შეუძლებელია. ამისთვის აუცილებელია წარმატებული სახმელეთო ოპერაციების ჩატარებაც. რუსეთს, ისევე, როგორც აშშ-ს, არ სურს ”ისლამურ სახელმწიფოს” მიწაზე შეებრძოლოს, რადგან ამას შეიძლება პირადი შემადგენლობის დიდი მსხვერპლი მოჰყვეს. ამიტომაც სახმელეთო ოპერაციებში ”ისლამურ სახელმწიფოს” სირიის რეგულარული არმია, ირანისა და ”ჰეზბოლას” დანაყოფები, და ქურთების რაზმები დაუპირისპირდებიან. სხვათა შორის, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი სახალხოდ სთხოვს პუტინს ჩეჩნური რაზმების სირიაში, ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ, საბრძოლველად გაგზავნას.

რუსეთის ხელისუფლება უფრთხის, რომ საბრძოლო მოქმედებების შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში ის უფრო მეტად არ ”ჩაითრიოს” სირიის ომმა, როგორც ეს მოხდა საბჭოთა პერიოდში, ავღანეთის ომის დროს, 1979-1989 წლებში. თუ მოსკოვი მხოლოდ საავიაციო დარტყმებით შემოიფარგლება, ეს მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თუ ”ისლამურმა სახელმწიფომ” წამოიწყო შეტევა ქ. ლატაკიისა და ქ. ტარტუსის მიმართულებით, სადაც რუსული ავიაცია და საზღვაო ხომალდებია განთავსებული, რუსული გენერალიტეტი დადგება არჩევნის წინაშე - ან დროულად გაარიდოს ბომბდამშენები და დიდი სადესანტო ხომალდები ”ისლამური სახელმწიფოს” საარტილერიო დაბომბვებს, ან თვითონაც ჩართოს ბრძოლაში არტილერია და მოტომსროლელი დანაყოფები, რაც სირიის სამოქალაქო ომში რუსეთის ჩათრევის დასაწყისად იქცევა.

არ არის გამორიცხული, თეთრ სახლში სწორედ ამას ელოდებიან და მათ მიერ გაწვრთნილ ზომიერ ოპოზიციას საიდუმლო ბრძანებით დაევალოს იმ რუსული თვითმფრინავების ჩამოყრა (მათ შორის - თანამედროვე დასავლური წარმოების საზენიტო საშუალებების გამოყენებით), რომლებიც ”ისლამური სახელმწიფოს” გარდა, ასადის რეჟიმის პროდასავლური ოპოზიციის დანაყოფებსაც ბომბავენ, ანუ განმეორდეს ავღანური ისტორია, როდესაც საბჭოთა შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებს ავღანეთის ცაში ამერიკული ”სტინგერები” დაუპირისპირდნენ.