საგარეჯოდან სირიამდე ათ წუთში... ბირთვული რაკეტით!
12-10-2015
საგარეჯოდან სირიამდე ათ წუთში... ბირთვული რაკეტით!
მოსკოვი ნადირაძის ბირთვულქობინიან ბალისტიკურ რაკეტებს საქართველოდან სირიას, თურქეთს, ირანსა და ერაყს უმიზნებდა

უსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 7 ოქტომბერს აასრულა კრემლის ნახევარსაუკუნოვანი ოცნება - რუსეთის ტერიტორიიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის სარაკეტო დარტყმები მიეყენებინა და მთელი მსოფლიოსა და უპირველესად - აშშ-ისთვის დაემტკიცებინა, რომ რუსებსაც შეუძლიათ სამიზნეების წერტილოვანი დაზიანება.

(იხილეთ ასევე: "საქართველომ რუსეთს შეტევის საბაბი არ უნდა მისცეს" - რა სამხედრო მანევრები შეიძლევა დაიწყოს რუსეთმა კავკასიაში?!)

ამ დღეს რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის ოთხი სამხედრო
ხომალდიდან სირიის მიმართულებით (ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეების გავლით) გაუშვეს Калибр-НК კლასის საზღვაო ბაზირების სარაკეტო კომპლექსის 3М14 ტიპის 26 ცალი ფრთოსანი რაკეტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 26-ვე ფრთოსანმა რაკეტამ 1 500 კმ-ის ფრენის შემდეგ მიზანს მიაღწია და სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" 11 ობიექტი გაანადგურა (თუმცა,
პენტაგონში აცხადებენ, რომ ოთხი რუსული ფრთოსანი რაკეტა ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა).

საგარეჯოდან გაშვების შემთხვევაში ნადირაძის ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსი

კასპიის ზღვის აკვატორიიდან სირიაზე საჰაერო დარტყმების სამხედრო აუცი­ლებლობა არ არსებობდა, რადგან სირიაში გადასროლილ რუსულ საფრონტო ბომბდამშენებსაც (განსაკუთრებით კი - Су-34-ს) იოლად შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ ამით რუსეთის ხელისუფლებამ ყველას დაანახა, რომ საკუთარი ტერიტორიიდან მათ ახლო აღმოსავლეთიც "სარაკეტო შანტაჟის" რადიუსში მოაქციეს.
ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ახლო აღმოსავლეთისთვის დამიზნებული ბირთვულქობინიანი რაკეტები კრემლს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჰქონდა განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე.

"ჩვენ სამი დივიზიონის ანგარებიდან გამოსვლისთანავე ერთი ზალპით გავანადგურებთ თურქეთს, ირანსა და ერაყს, სასწრაფოდ გადავალთ სათადარიგო რაიონში, იქ თელავის შვეულმფრენები ვაზიანიდან ახალ რაკეტებს ჩამოგვიტანენ და ბირთვულ ზალპს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებისკენ გავუშვებთ," - არ გეგონოთ, კოშმარს გიყვებოდეთ. ეს სიტყვები ეკუთვნის პოლკოვნიკ ხუკალენკოს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საქართველოში, კერძოდ, საგარეჯოს რაიონში, გომბორში დისლოცირებულ 119-ე სარაკეტო ბრიგადას მეთაურობდა. მუქარა საბჭოთა პოლკოვნიკს შეიძლება კახური ჭაჭის გასინჯვის შემდეგ წამოსცდა, მაგრამ იმ პერიოდში მისი ბრიგადის შეიარაღებაში არსებულ Темп-С ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებს ეს მართლაც შეეძლოთ.
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში 119-ე­ სარაკეტო ბრიგადის ჩამოყალიბება 1971 წლის 1-ლი დეკემბრიდან დაიწყო და მისი საბრძოლო ამოცანა საბჭოთა კავშირის სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყნებისთვის (მათ შორის - NATO-ს წევრი თურქეთის, ასევე სირიის, ირანისა და ერაყის) ბირთვული სარაკეტო დარტყმების მიყენება იყო.

1965 წელს საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში მიიღო Темп-С ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, რომლის მთავარი კონსტრუქტორი ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე გახლდათ.
Темп-С-ები რამდენიმე წელში უკვე საგარეჯოს რაიონის გზებზეც გამოჩნდნენ. 119-ე სარაკეტო ბრიგადა გომბორის უღელტეხილზე განთავსდა. ჩანს, ამაღლებული ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ისევე, როგორც ახლომდებარე ტყეები, სადაც 12 მ სიგრძის სარაკეტო დანადგარის დამალვა შეეძლოთ.

119-ე სარაკეტო ბრიგადების შეიარაღებაში Темп-С-ის 12 სარაკეტო დანადგარი ირიცხებოდა, 4 ცალი თითოეულ დივიზიონში. მათი სამიზნე სავარაუდო მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის - დედაქალაქებიც იყო.
119-ე სარაკეტო ბრიგადის Темп-С-ების მიზნიდან "სავარაუდო აცილების წრის" რადიუსი 3-3,5 კმ-ს შეადგენდა, თუმცა, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, 3 კმ-ით იქით ჩამოვარდება ბირთვული ქობინი თუ - აქეთ.

გომბორის რაკეტები აღჭურვილი იყო 300 კილოტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული AA-19 ტიპის ქობინებით. ამ სიმძლავრის ბირთვული აფეთქება, რომელიც 15-20-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აფეთქებული ამერიკული ატომური ბომბების სიმძლავრეს, გადარჩენის შანსს თითქმის არ უტოვებდა იმ ქალაქების მცხოვრებთ, სადამდეც საგარეჯოს რაიონიდან გაშვებული რაკეტა მიაღწევდა.

გომბორიდან 119-ე სარაკეტო ბრიგადის Темп-С-ებს მაქსიმალურ 950 კმ რადიუსში შეეძლოთ ბირთვული სარაკეტო დარტყმები მიეყენებინათ ირანის დედაქალაქ თეირანისა და ერაყის დედაქალაქ ბაღდადისთვის და მისწვდომოდნენ NATO-ს წევრი თურქეთის დედაქალაქ ანკარის აღმოსავლეთ გარეუბნებს.

თუმცა, გომბორელ მერაკეტეებს არავინ უშლიდა სწრაფ მარშ-ნახტომს (მობილური სარაკეტო დანადგარები ხომ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა) საქართველოსა და შესაბამისად, მაშინდელი საბჭოთა კავშირის სამხრეთ საზღვრამდე: ახალციხე-ახალქალაქის რაიონში, საიდანაც მათი ბირთვულქობინიანი რაკეტები იოლად სწვდებოდნენ როგორც ანკარას, ისე NATO-ს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს თურქეთში - ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზას, სადაც იმ პერიოდში ატომური ბომბების მატარებელი ამერიკული "ფანტომები" იყო განთავსებული.
თუკი 119-ე ბრიგადის მეთაურობა მოინდომებდა, მათ რვაბორბლიან Темп-С-ებს გომბორიდან აჭარის ტყეებამდე რამდენიმე საათში შეეძლოთ ჩაღწევა, საიდანაც ბალისტიკური რაკეტები ბოსფორის სრუტემდეც მიაღწევდა, საჰაერო ბირთვული აფეთქებით ბოსფორის სრუტის ჩაკეტვა კი NATO-ს მოუსპობდა საშუალებას, ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში ავიამზიდები და სარაკეტო ხომალდები შემოეყვანა.
ასე რომ, პოლკოვნიკ ხუკალენკოს საშინელი აზრი მხოლოდ ქართული ჭაჭის დამსახურება არ ყოფილა - კახელების მირთმეულმა საყვარელმა სითხემ 119-ე სარაკეტო ბრიგადის მეთაურს ის წამოაროშვინა, რაც მოსკოვიდან გომბორში გაგზავნილ ზესაიდუმლო ბრძანებებში ეწერა.
119-ე ბრიგადას სულ ცოტა აკლდებოდა, რომ მათ ბირთვულქობინიან რაკეტებს საქართველოს ტერიტორიიდან ისრაელამდე - მაშინდელი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ მთავარ მტრამდე - მიეღწია.

1983 წლის ჩათვლით გომბორში განთავსებული 119-ე სარაკეტო ბრიგადა საბჭოთა კავშირის ყველაზე გრძელი "სარაკეტო ბირთვული ხელკეტი" გახლდათ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომლითაც მოსკოვი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ემუქრებოდა.
1984 წელს 119-ე სარაკეტო ბრიგადა მოულოდნელად გომბორიდან გერმანიაში, საბჭოთა ჯარების დაჯგუფების შემადგენლობაში გადაისროლეს.

როგორც ჩანს, ეს "ცივი ომით" იყო გამოწვეული - მაშინ ამერიკელებმა დასავლეთ გერმანიაში დააყენეს "პერშინგის" ტიპის საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც მოსკოვში, კრემლამდე მისაღწევად მხოლოდ ათიოდე წუთი სჭირდებოდათ.
"გომბორელებმა" გერმანიაში ოთხი წელი დაჰყვეს და კახური ჭაჭის ნაცვლად, ბავარიულ ლუდს გეახლებოდნენ, სანამ 1988 წელს გორბაჩოვმა და რეიგანმა ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას ევროპაში საშუალო და მცირე რადიუსის მქონე რაკეტების შემცირების შესახებ, რომლის თანახმადაც, განადგურებულ იქნა Темп-С-ს ტიპის 718 რაკეტა. ურაკეტებოდ დარჩენილ 119-ე სარაკეტო ბრიგადას გერმანიაში აღარაფერი ესაქმებოდა და 1988 წელს ის "მშობლიურ" საგარეჯოს რაიონში, გომბორში დააბრუნეს.

გომბორში ბრიგადას ახალი შეიარაღება, რეალურად კი - მორალურად და ტექნიკურად მოძველებული Луна-М ტიპის ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები დაახვედრეს. "ლუნაც" ბირთვული ქობინის მატარებელი იყო, მაგრამ უფრო მცირე მანძილზე - მხოლოდ 70 კმ-მდე. ამით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შესუსტდა გომბორის 119-ე სარაკეტო ბრიგადის საბრძოლო შესაძლებლობები, თუმცა, მაშინ ამას ყურადღებას აღარავინ აქცევდა, რადგან საბჭოთა კავშირი ბოლო დღეებს ითვლიდა. 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე თვეში, 119-ე სარაკეტო ბრიგადამ დატოვა დისლოკაციის ადგილი გომბორში და რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, ქ. ელანსკში გადაბარგდა.

ჩვენი დოსიე:

ალექსანდრე ნადირაძის მიერ შექმნილი გაზრდილი სიშორის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსი Темп-С 9,3 ტ მასის ბირთვულქობინიან ბალისტიკურ რაკეტას მაქსიმალურ 950 კმ სიშორეზე უშვებდა.

(იხილეთ ასევე: "თუ რუსი სამხედრო მოკლავს სირიის მოქალაქეებს, მოკალით რუსეთის მოქალაქეები" - ალ - ქაიდა რუსულ მიწებს იღებს მიზანში)

erno
24 ოქტომბერი 2015 04:24
რამდენი რეგვენი მეხოტბე ჰყავს რუსეთს საქართველოში!...
ამირანი
16 ოქტომბერი 2015 18:48
საგარეჯოს სამხედრო ბაზაზედ 90იან წლებში საქართველოსთავდაცვის საინჟინრო ბატალიონი დაბანაკდა შტაბის თავზე მართლა იყო დიდი ლოკატორი ხოლო გამშვები მოწყობილობა გაძარცული იყო
archil
16 ოქტომბერი 2015 16:54
გაანებეთ თავი რუსეთს და ეძებეთ საქართველოსთვის(ქართველებისთვის) უკეთესი, თავისუფალი ცხოვრების უკეთესი შესაძლებლობა.(ოღონდ გეი "პარადები" არ გვინდა.)

რედაქტორის რჩევით