"დაუთმეთ ეს ტანკი­ ჟურნალისტს!" - კვირის პალიტრა

"დაუთმეთ ეს ტანკი­ ჟურნალისტს!"

მე, როგორც მემიზნე, სათვალთვალო კოშკურებში ვიყურები, თუმცა ჩვენი მოძრაობის ტრაექტორიაზე სამიზნე არ შეიმჩნევა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადას იუბილე აქვს, დაარსებიდან მეოცე წლისთავს ზეიმობს. ბრიგადის სრულ შემადგენლობას მშვიდობას ვუსურვებ. მათთან ბაზაში და საწვრთნელ პოლიგონზე გატარებული მცირე დროის მიხედვით კი გთავაზობთ ჯარის ცხოვრების ერთ ფრაგმენტს.

გეზი ვაზიანისკენ ავიღე. სამიზნედ"მეოთხე ბრიგადა შემთხვევით არ შემირჩევია. განსაკუთრებულ დაინტერესებას განაპირობებს ორი ფაქტორი: ეს არის ერთადერთი მექანიზებული ბრიგადა, რომელიც აღჭურვილია ყველა სახის ჯავშანტექნიკით. ამასთან, ცხინვალის ომის დროს ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო, ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ტრაგიკული აღმოჩნდა ბატალიონის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაც - ავღანეთში ერთ ჯერზე - 3, მეორედ კი ერთბაშად 7 მებრძოლი დაკარგა. მეოთხე ბრიგადის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალურ დაფას ახლახან მიემატა კიდევ ერთი, 22 წლის ვასილ ყულჯანიშვილი.

ჩემი მივლინების დროს მეოთხე ბრიგადის ყველა ტანკი სასწავლო პოლიგონზეა. ღრუბლიანი ამინდის გამო ვჩქარობ, არ მინდა, წვიმამ მომისწროს, თორემ ფოტოების გადაღება გამიჭირდება. მასპინძლებს, მამუკა ბახსოლიანსა და ირაკლი ყაველაშვილს, დაუყოვნებლივ ვთხოვ პოლიგონზე წასვლას. "ერთ დღეში ტანკის მართვას მაინც ვერ ისწავლი, ნაწილში ხანგრძლივად უნდა დარჩე", - მეხუმრება ირაკლი.

პოლიგონზე ჩემი სწავლებისთვის არავის სცალია, ყველა ტანკი დაკავებულია. "უნდა დაელოდო შესვენებას ან სასწავლო პროცესის დასრულებას", - მკაცრად მაფრთხილებენ "ომის ველის" გამგებლები. სხვა გზა არა მაქვს და სიამოვნებით ვადევნებ თვალს საომარ სპექტაკლებს. ყველაფერი ისეა, როგორც ნამდვილ ომში, ოღონდ აქ ბრძოლა უსისხლოდ მთავრდება და აზარტში შესულს გავიწყდება, რომ ომი სულაც არ არის გართობა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიგონზე "ბრძოლა" შთამბეჭდავია, მიჭირს გაგება, რა ხდება, რას ნიშნავს ტანკით მანევრირება. ამიტომაც ყოფილი სამხედრო აკადემიისკენ მივდივართ, სადაც ერთ-ერთი ტანკი განმარტოებით დგას. "დაუთმეთ ეს ტანკი ჟურნალისტს!" - ისმის ბრძანება. ღრმად ამოვისუნთქე და ღრუბლებს გავხედე, უკვე ცრის, მაგრამ მე N-72-ის კაბინაში ვძვრები. ჩაფხუტფონის მორგებაში მეხმარებიან. ასეთი ქუდი პირველად მახურავს. ის არა მხოლოდ ეკიპაჟის წევრებისა და შტაბის ერთმანეთთან დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებს, ტანკის სვლის დროს თავის კედლებზე მირტყმისგან მიცავს. ჩაფხუტფონში არის რადიო, ყურსასმენი, მიკროფონი. მეგონა, ტანკის მოძრაობის დროს ისეთი ხმაური იქნებოდა, რომ ეკიპაჟთან ლაპარაკი მხოლოდ ღრიალით შემეძლებოდა. სულაც არა. მძღოლ-მექანიკოსმა "რკინის რაში" დაძრა. სალონში სამნი ვართ: მძღოლი, მე, რომელიც მემიზნის ადგილს ვიკავებ სპეციალურ სამიზნე კოშკურასთან, და მეთაური.

ბრძოლაში წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად სინქრონულად მოქმედებს ტანკის ეკიპაჟი.

შესაძლოა, მძღოლ-მექანიკოსმა ისეთ ადგილზე ჩააგდოს მანქანა, რომ მთელი ეკიპაჟი დილემის წინაშე აღმოჩნდეს. მემიზნე ოპერატორის სწრაფ თვალსა და აზროვნებაზეა დამოკიდებული მოწინააღმდეგის შემჩნევა-განადგურება, მაგრამ თუ მეთაური არასწორ ბრძანებებს გასცემს, მას ყველას და ყველაფრის დაღუპვა შეუძლია. მოკლედ, ტანკში რომ ზიხარ, განსაკუთრებული დაცულობის შეგრძნება კი გაქვს, მაგრამ როგორც ჩემი "თანამებრძოლები" ამბობენ, ბრძოლის ველზე ეს უპირატესობა თვალის დახამხამებაში გაცამტვერდება ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯითაც კი.

მაგალითად, მეთაურმა რომ უადგილოდ მოითხოვოს გაჩერება, ზედ ბრძოლის ველზე თავის ამოყოფა ან სულაც მაღლა ამოსვლა განიზრახოს, შესაძლოა, თავიც დაიღუპოს და სხვებიც დაღუპოს.

მე, როგორც მემიზნე, სათვალთვალო კოშკურებში ვიყურები, თუმცა ჩვენი მოძრაობის ტრაექტორიაზე სამიზნე არ შეიმჩნევა. ომი მოსაწყენი გახდა, მოწინააღმდეგე არ ჩანს. "ასე ტყუილად უნდა ვიაროთ?" - ვწუწუნებ მე... "ღამით სპეციალური ხედვის საშუალებების გამოყენება შეგიძლია", - მიხსნის მეთაური... ჩემი ტანკით "თარეში" მთავრდება. სამწუხაროდ, ამჯერად პოლიგონზე "საბრძოლო სპექტაკლში" მონაწილეობის უფლება არ მომეცა, უბრალოდ, იმიტომ, რომ ახალი ვარ და ამ საქმის ბევრი არაფერი გამეგება. არადა, გამოგიტყდებით, მინდა, მეტი ვიცოდე.

ახლა, 42 წლის რომ არ ვიყო, აუცილებლად წავიდოდი ჯარში და ვისწავლიდი თუნდაც ტანკისტობას. როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და აგრესორი მავთულხლართიანი საზღვრით შეუჩერებლად მოიწევს შენს მიწაზე, უნდა შეგეძლოს სამშობლოს დაცვა. ასე ვფიქრობ, როგორც მოქალაქე.

ტანკიდან ავტომობილებში გადავინაცვლეთ. მასპინძლები ჩემს თეორიულად განსწავლას განაგრძობენ. ომამდეც, ომშიც და ომის შემდეგაც ტანკისტები: ბრიგადის მასტერსერჟანტი ირაკლი ყაველაშვილი და კაპრალები ალექსანდრე დათუაშვილი და ზურაბ მახარაძე ძალისხმევას არ იშურებენ, ამიხსნან, რას ნიშნავს ტანკის მართვა.

ირაკლი ყაველაშვილი:

- ტანკი არის კაცი. წარმოიდგინეთ, ბრძოლის ველზე უძლიერესი მებრძოლი, რომელსაც მთელი სხეული კარგად აქვს დაცული. ტანკის სული ეკიპაჟია. მისი საშუალებით ხდება ეს მანქანა საშიში.

ამაყობ, შენ რომ განდვეს ეს მანქანა და ბრძოლიდან უვნებელს რომ დააბრუნებ, კიდევ უფრო გიმტკიცდება თავდაჯერება.

ალექსანდრე დათუაშვილი: - მე მამის კვალს გავყევი. ისიც სამხედრო იყო. მოსვლის დღიდანვე გადავწყვიტე, რომ ტანკისტი უნდა ვყოფილიყავი. ტანკი უძლიერესი საბრძოლო იარაღია, ბრძოლის ველზე დომინანტად გაგრძნობინებს თავს. მაგარია იმის შეგრძნება, რომ შენ იცავ ქვეითს, მიჰყვები ან ის მოგყვება.

ზურაბ მახარაძე:

- ამ მძიმე მანქანას კარგი მანევრირება უნდა შეეძლოს. იოლი არავის ეგონოს ტანკისტობა. დიდ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს, სხვანაირად არავინ განდობს ამ უძვირფასეს მანქანას.

ბაზის დატოვებამდე დერეფანში მეოთხე ბრიგადის მეთაური შალვა ჯაბახიძე მხვდება. "ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა? მტერმა ხომ არ შეგაშინათ? ჯავშანტექნიკა ხომ არ დაგვიზიანეთ?" - მოჩვენებითი სერიოზულობით მეკითხება მეთაური. ვალში არ ვრჩები, ჯარისკაცის დაცინვას ჟურნალისტი არ მოუკლავს-მეთქი, ვპასუხობ.

მეთაური უკვე 18 წელია ჯარშია. ისიც იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ჯარის გარეშე სიცოცხლე რომ არ შეეძლო და წლების განმავლობაში 86-ლარიანი ხელფასის სანაცვლოდ ემსახურებოდა სამშობლოს.

"ჩვენ ოჯახები გვყავს, რომელთაც არსებობისთვის სჭირდებათ მატერიალური სახსრები, თორემ ჯარისკაცი არასდროს იწუწუნებს ფულზე. უამრავი ღირსეული ადამიანი წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, უანგაროდ იდგა და დგას სამშობლოს სადარაჯოზე"."

საუბარში ბრიგადის უფროსი სერჟანტი გიორგი გოგოჭურიც ერთვება: "შესაძლოა, პირველ კონტრაქტს რომ აწერს ხელს, იმ კაცს მართლაც მხოლოდ მატერიალური მიზნები ამოძრავებს და ამიტომაც მოდის ჯარში, მაგრამ თუ იგივე პირი აფორმებს მეორე, მესამე და ა.შ. კონტრაქტებს, იცოდეთ, ის ჯარისკაცია და ჯარში იმიტომ რჩება, რომ სხვაგვარად არ შეუძლია. ჯარი ის სამყაროა, სადაც თავს ლაღად გრძნობს. ასეთი ბევრი გვყავს. აი, თუნდაც გოგა შელია. უფროსი სერჟანტი გმირების მემორიალთან მდგომ ორ ჯარისკაცს მაცნობს, ერთ-ერთი 42-ე ბატალიონის "დელტა" ასეულის უმცროსი სერჟანტი გოგა შელიაა, რომელიც ჯარისკაცი 2007 წელს გახდა, იყო ომში, სამჯერ ავღანეთში და მეოთხედ მომავალი წლის მარტში გაემგზავრება. პირველი კლასის რიგითი ვანო ომიაძე კი ჯერ სულ 22 წლის არის. ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებაც მოასწრო და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სამშობლოს ემსახუროს. "იმის გამო, რომ გორის რაიონიდან ვარ და ჩემ თვალწინ იყო ომი, სკოლის დამთავრებამდე გადავწყვიტე ჯარისკაცობა. ეს ჩემი ამქვეყნად მოსვლის მისიაა და ვეცდები გმირულად დაღუპული ბიჭების სულების წინაშე პირნათლად შევასრულო ჩემი ვალი", - ამბობს ვანო.

P.S. "არსებობს ადამიანთა სამი ტიპი: ცხვრები, რომელთაც თავდაცვა არ შეუძლიათ; მტაცებლები, რომლებიც ცხვრებს ანადგურებენ და მეცხვარის ძაღლები, რომლებიც ცხვრებს იცავენ განადგურებისგან", - ასე განმარტავს ჯარისკაცის მისიას ერთ-ერთ ცნობილ ჰოლივუდურ ფილმში ლეგენდარული სნაიპერის მამა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მომავალი ლეგენდა ბავშვია. "ჯარისკაცები, როგორც მეცხვარის ძაღლები", - მომწონს ეს დახასიათება, არც ერთ სულიერს არ შეუძლია პატრონის ისეთი ერთგულება და დაცვა, როგორიც ძაღლს და არავის შეუძლია სხვისი სიცოცხლის უსაფრთხოების სამსხვერპლოზე ისე მიიტანოს სიცოცხლე, როგორც ჯარისკაცმა.

ქალბატონი მასტერსერჟანტი

მეოთხე ბრიგადაში 120-ზე მეტი ქალი მსახურობს, მათ შორის 10-მდე შტაბშია დასაქმებული. ბრიგადის მასტერსერჟანტი თამარ ხელაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მეოთხე ბრიგადის, ფაქტობრივად, დაარსების დღიდან მუშაობს აქ და ბრიგადის მთელი ისტორია იცის. თამარი სიამოვნებით დაგვთანხმდა საუბარზე.

- 1993 წლიდან ჯარში ვმსახურობ. მაშინ ეს ბრიგადა შინაგან ჯარებში იყო და ე.წ. მერვე პოლკის ტერიტორიაზე იდგა. აფხაზეთის ომი ახალი დამთავრებული იყო, მუშაობა რომ დავიწყე. ძალიან მძიმე დრო იდგა. ხელფასი 48 მილიონი კუპონი მქონდა, მერე 70 მლნ კუპონიც გამიხდა, მაგრამ გემახსოვრებათ, ერთი პური თითქმის სამი მილიონი კუპონი რომ ღირდა. ასეთ ხელფასს ფასი არ ჰქონდა, თანაც წელიწადი ისე გადიოდა, რომ ხელფასს ვერ ვიღებდით. მიუხედავად ამისა, დავდიოდით სამსახურში და მზად ვიყავით სამშობლოსთვის გვემსახურა. ამიტომაც, როდესაც ლაპარაკობენ იმაზე, რომ თითქოსდა ჯარში უფრო ეკონომიკური პრობლემებისგან თავდასაღწევად მიდიან, სასაცილოდ არ მყოფნის. ის, ვინც ჯარში ფულისთვის წავა, დიდხანს ვერ დარჩება იქ.

2004 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით გავხდით საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადა და ვაზიანში გადმოვედით. აქ ისე ვარ, როგორც ოჯახში და მე, როგორც ბრიგადის საიდუმლო საქმის მწარმოებელს, მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი შვილი მყავდა, ომის დროს თვეობით მიწევდა ბაზაში მუდმივად ყოფნა. ჩემი ქალობა და დედობა ეზოს ჭიშკართან რჩებოდა. როდესაც დედამ იცის, რომ აქ ყოფნით სწორედ მისი შვილის უსაფრთხოებას იცავს, შედარებით იოლი გადასატანია შვილებთან სიშორე.

საერთოდაც, მგონია, რომ ქართველი დედები მეტად უნდა ცდილობდნენ თავიანთ შვილებში მხედრული სულის გაღვიძებას, წახალისებას. ჯარში ძლიერი, განათლებული ახალგაზრდობა უნდა მოდიოდეს.