NATO - რუსეთის დაპირისპირების პირველი მსხვერპლი - კვირის პალიტრა

NATO - რუსეთის დაპირისპირების პირველი მსხვერპლი

16 ოქტომბერს თურქეთ-სირიის საზღვრიდან 3კმ-ის მოშორებით, თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში, იპოვეს ჩამოვარდნილი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი.

თურქეთმა განაცხადა, რომ მისი გამანადგურებელი თვითმფრინავების პილოტებმა სამჯერ გააფრთხილეს საჰაერო სივრცის დამრღვევი საფრენი აპარატი, უკან გაბრუნებულიყო, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი იძულებულნი გახდნენ, ჩამოეგდოთ.

ძნელი წარმოსადგენია, როგორ აფრთხილებდა თურქული F-16-ის პილოტი უპილოტო საფრენ აპარატს, მაგრამ აქ მთავარი სხვა გახლავთ - ჩამოგდებული უპილოტო იმ უპილოტო საფრენი აპარატების იდენტურია, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა ამა წლის თებერვალში დონბასში ჩამოყარეს. გარდა ამისა, 2015 წლის 27 ივლისს ასეთივე სადაზვერვო უპილოტო სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის ოპოზიციამაც ჩამოაგდო. თუმცა, პირველი ანალოგიური კონსტრუქციის უპილოტო ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში უკრაინაში, ხარკოვის რაიონის ქ. იზიუმის სიახლოვეს ჩამოვარდნილი იპოვეს.

ამ ისტორიის მოყოლა დაგვჭირდა, რათა შეგახსენოთ: რუსეთი კატეგორიულად უარყოფს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოგდებული სადაზვერვო უპილოტო მისი საკუთრებაა.

თითქმის ყველა რუსული სადაზვერვო უპილოტო და მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები ცნობილია, თურქეთში ჩამოგდებული უპილოტო კი აქამდე ოფიციალურად არ უჩვენებიათ. არადა, თუკი დამტკიცდა ამ უპილოტოს რუსული წარმომავლობა, ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. საქმე ის არის, რომ ოქტომბერში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა, რომლებიც მოსკოვმა სირიაში გადაისროლა, ორჯერ დაარღვიეს თურქეთის საჰაერო სივრცე, რამაც ოფიციალური ანკარის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობის პროტესტი გამოიწვია.

თუკი დადასტურდება, რომ ჩამოგდებული უპილოტო რუსეთს ეკუთვნოდა (რაც ეჭვს არც იწვევს, რადგან ანალოგიური უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები თავიანთ ტერიტორიაზე უკრაინელმა სამხედროებმაც ჩამოყარეს), უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი "ცივი ომის" დაწყების შემდეგ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებას პირველი მსხვერპლი უკვე მოჰყვა, რაც უფრო დაძაბავს სიტუაციას.