ქართველი სამხედრო პილოტები აფრიკის ცაში - კვირის პალიტრა

ქართველი სამხედრო პილოტები აფრიკის ცაში

როგორ გგონიათ, დღეს ქართველი სამხედრო მფრინავების საფრენოსნო მომზადების დონე და საბრძოლო გამოცდილება სად უფრო მაღალია? თქვენ წარმოიდგინეთ, არა საქართველოში, არამედ - შორეულ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი ყოფილი სამხედრო პილოტები დაფრინავენ.

კონგოს ცაში დღეს Су-25 მოიერიშის ოთხი და Ми-24 დამრტყმელი შვეულმფრენის ხუთი პილოტი დაფრინავს, აეროდრომზე კი საფრენოსნო აპარატებს ასევე საქართველოდან ჩასული 12 ტექნიკოსი ემსახურება.

შეიარაღებული ძალებიდან მათ დათხოვნას სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი ჰქონდა როგორც "ნაციონალების" მმართველობის, ისე - შემდგომ პერიოდში. ისინი კონგოს ცაში, რა თქმა უნდა, თავისი ნებით მოხვდნენ და ამისთვის არცთუ მცირე ანაზღაურებას იღებენ, რაც მათი საქმეა, მაგრამ მათი სახით ქართულმა სამხედრო ავიაციამ დაკარგა გამოცდილი სამხედრო პილოტები, რომელთა მომზადებასა და გადამზადებაზე წლების განმავლობაში მილიონზე მეტიც კი დაიხარჯა.

თუმცა, ამ პრობლემას დადებითი მხარეც შეიძლება აღმოვუჩინოთ. საქართველოს შეიარაღებული ძალების Су-25 მოიერიშეების პილოტების საფრენოსნო საათები და მით უმეტეს - საბრძოლო მომზადება კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან მოიერიშეებს სასწრაფო კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება სჭირდებათ, რის გარეშეც საწვრთნელი ფრენების განხორციელება მალე შეუძლებელი იქნება.

რაც შეეხება Ми-24 დამრტყმელი შვეულმფრენების პილოტების მომავალს, ის დღეს, სამწუხაროდ, უპერსპექტივო ჩანს, რადგან ეს შვეულმფრენები უკვე რამდენიმე წელია, აღარ დაფრინავენ და მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა თავდაცვის სამინისტროს დაგეგმილიც არა აქვს. ხელის თითებზე ჩამოსათვლელ ქართულ Ми-24 -ებს, ალბათ, ან ჯართში ჩაბარება ან, უკეთეს შემთხვევაში, საზღვარგარეთ ნაწილებად გაყიდვა მოუწევს.

რაკი ქართული სამხედრო ავიაცია ასეთ არასახარბიელო მდგომარეობაშია, იქნებ ჯობდეს, ქართველმა ყოფილმა სამხედრო პილოტებმა აფრიკის ცაში მაინც იფრინონ, მით უმეტეს, რომ ისინი პირველივე დაძახილზე სამშობლოს მოაშურებენ, რაც აფხაზეთისა და აგვისტოს ომებშიც დაამტკიცეს.

დღეს შეიძლება უფრო არასახარბიელო მდგომარეობაში არიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დარჩენილი სამხედრო მფრინავები, რომლებიც სევდიანად შეჰყურებენ ქართულ ცას და მონატრებულ ფრენაზე ოცნებობენ...