მოლდავეთი სეტყვისგან ვენახების დაცვას "დელტას" სთხოვს - კვირის პალიტრა

მოლდავეთი სეტყვისგან ვენახების დაცვას "დელტას" სთხოვს

სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის კახეთში გამოყენებით საზღვარგარეთაც დაინტერესდნენ

ხანდახან სტატიის დაწერა კი არ არის მთავარი, არამედ შენი კავშირებით კონკრეტული საქმის გაკეთება, ამიტომ ამ სტატიის ავტორი ამაყობს, რომ ხუთიოდე წუთში შეძლო ის, რასაც ბიუროკრატიული აპარატი დღეებს, ან შეიძლება კვირებსაც კი მოანდომებდა.

ჩვენ შევიტყვეთ, რომ მოლდავეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინტერესდა კახეთში "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის გამოყენებით და შეიძლება, "დელტას" სპეციალისტებმა მომავალ წელს მოლდავური ყურძნის დაცვაზეც იზრუნონ. მოლდავური მხარისა და "დელტას" ოპერატიულად დამაკავშირებელი ერთ-ერთ რგოლი სწორედ ამ სტატიის ავტორი გახლდათ.

ყველაფერი კი მოლდაველი მეღვინის კახელ კოლეგასთან სტუმრობით დაიწყო. მას მასპინძლებმა სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის მუშაობა აჩვენეს. სამშობლოში დაბრუნებულმა მოლდავეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობას გაუზიარა შთაბეჭდილება, ამას კი მალე მოლდაველთა ოფიციალური ვიზიტი მოჰყვა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და "დელტაში".

მოლდავეთში ვაზი 147 ათას ჰექტარზეა გაშენებული და სეტყვა მოლდაველი მევენახეებისთვისაც დიდი საფრთხეა, ამიტომ გასაკვირი არ არის მათი სურვილი, გააანალიზონ ქართველი კოლეგების წლევანდელი გამოცდილება.

გამოცდილება კი მართლაც აქვს "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის მომსახურე პერსონალს. მათ წელს 50-ჯერ დაამუშავეს სეტყვის შემცველი ღრუბლები სპეციალური რეაგენტებით, რისთვისაც 850-მდე რაკეტა დახარჯეს.

50-დან მხოლოდ სამჯერ გამოდგა არაეფექტური რაკეტებით ღრუბლების დამუშავება, რადგან ფრონტალური ღრუბლები უკვე ჩამოყალიბებული იყო და სეტყვა მაინც მოვიდა. 12 შემთხვევაში სეტყვის შემცველი ღრუბლები 90%-ით დაიშალა, ხოლო 35-ჯერ რაკეტებმა 100%-ით დაშალეს სეტყვის ღრუბლები.

შეიძლება, "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით მოლდავეთის გარდა, მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთიც დაინტერესდნენ, სადაც ასევე ხშირად ისეტყვება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

"დელტაში" უკვე მუშაობენ საკუთარი სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების შექმნაზე, რომელთა სერიული წარმოების შემთხვევაში სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის გამოყენება გაიაფდება და გზა გაეხსნება ექსპორტს.