"დიდგორი 2015" - მზადება რეალური საფრთხეებისგან თავდასაცავად?!
26-10-2015
"დიდგორი 2015" - მზადება რეალური საფრთხეებისგან თავდასაცავად?!
ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში", თბილისში, ვაზიანსა და სენაკში, ერთი კვირა მიმდინარეობდა სამთავრობო უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი 2015".

სამეთაურო-საშტაბო სწავლება იმით განსხვავდება საარტილერიო თუ საავიაციო სწავლებებისგან, რომ იქ არავინ ისვრის და აფეთქებს, მაგრამ შტაბებში სწორად წარმართული მუშაობაა გამარჯვების საწინდარი.

ამ სამეთაურო - საშტაბო სწავლებაში, სხვა სწავლებებისგან განსხვავებით, სამხედროების გარდა, სხვა - არა მარტო ძალოვანი - უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იმ ჩინოვნიკებს, რომლებმაც ერთად გაიარეს ასეთი სამთავრობო
უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება, კრიტიკულ სიტუაციაში არ უნდა გაუჭირდეთ დასახული ამოცანების ერთობლივად, ოპერატიულად გადაწყვეტა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლება რეალურის მსგავს, მოდელირებულ გეოპოლიტიკურ გარემოში განხორციელდა, რისთვისაც გამოყენებული იქნა საბრძოლო მოქმედებათა მოდელირების ამერიკული სიმულაციური სისტემა. სწავლების მიმდინარეობას პენტაგონიდან გამოგზავნილი მაღალი რანგის ოფიცრები აკვირდებოდნენ.
ამერიკელების გარდა, სწავლებას უკრაინის გენშტაბის
უფროსიც დაესწრო, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ძნელი სათქმელია, როგორ შეაფასა მან ქართველი შტაბის ოფიცრების მუშაობა, მაგრამ ერთი რამ ვიცით - მას უკრაინაში ბევრი სამხედრო ილოვაისკისა და დებალცევოს ალყების გამო დამნაშავედ მიიჩნევს.
დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას გამოჩნდა, რომ უკრაინელთა სამთავრობო უწყებათაშორისი მოქმედება ისეთივე შეუთანხმებელია, როგორიც აგვისტოს ომის დროს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების მოქმედება იყო.

იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სწავლების დროს ჩვენი ქვეყნის ძალოვანი და სხვა უწყებების წარმომადგენლებმა მართლაც დახვეწეს შეთანხმებული მოქმედების ტაქტიკა და კრიტიკულ სიტუაციაში ეს გამოცდილება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად გამოიყენება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით