ჰილმენდი თალიბებისგან ქართველების ჩასვლამდე გაწმინდეს... - კვირის პალიტრა

ჰილმენდი თალიბებისგან ქართველების ჩასვლამდე გაწმინდეს...

ავღანეთში დასრულდა ფართომასშტაბიანი ოპერაცია თალიბების წინააღმდეგ იმ პროვინციაში, რომელშიც ქართული ბატალიონი ერთი თვის შემდეგ ჩავა

ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოსვლის 21 წლისთავზე ISAF-მა (ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები) ჰილმენდის პროვინციაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია წამოიწყო.

2001 წლიდან, როდესაც ამერიკელები გადასხდნენ ავღანეთში, ოპერაცია "მოშტარაქი" (ქართულად "ერთად") მეტად ფართომასშტაბიანი იყო. 13 თებერვალს დაწყებულ საბრძოლო ოპერაციაში ავღანეთის არმიისა და NATO-ს ქვეყნების 15 ათასამდე სამხედრო მონაწილეობდა. მათ მხარს დამატებით 5 ათასი ამერიკელი საზღვაო ქვეითი უჭერდა (სავარაუდოდ, ჰილმენდის პროვინციაში ქართულ ბატალიონს სწორედ ამ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მოუწევს მოქმედება).

ოპერაციის მთავარი მიზანი გახლდათ ჰილმენდის პროვინციის ერთ-ერთი დიდი ქალაქის - მარჯის გათავისუფლება, რადგან ბოლო პერიოდში ამ ქალაქს მთლიანად თალიბები აკონტროლებდნენ და აქედან ეწეოდნენ იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდას.

საგულისხმოა, რომ ოპერაციის გეგმა თავად ავღანელმა სამხედროებმა შეიმუშავეს, ხოლო კოალიციის ძალები მათ ძირითადად მხოლოდ მხარს უჭერდნენ.

გააფთრებული ბრძოლები მარჯის აღებისას, ბუნებრივია, არ ყოფილა - თალიბები ავღანეთის რეგულარული არმიის ტანკებსა და კოალიციური ძალების დამრტყმელ შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებს თავს პირდაპირ ბრძოლებში არ შეაკლავდნენ. მათ ისევ პარტიზანული ბრძოლა არჩიეს და ამ ეტაპზე უკან დაიხიეს.

ამაზე მეტყველებს ოპერაციის შედეგიც - მოკლულია ასიოდე თალიბი, არადა მარჯაში ათჯერ მეტი მეომარი მაინც აფარებდა თავს.

ავღანური არმიისა და კოალიციური ძალების წინსვლას ქ. მარჯისკენ მნიშვნელოვნად აფერხებდა დანაღმული გზები - ნაღმი ხომ თალიბების საყვარელი იარაღია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჰილმენდის პროვინციაში ჩასულმა თითოეულმა ქართველმა სამხედრომ.

ბრძოლებში დაიღუპა NATO-ს 13 სამხედრო და ავღანური არმიის 3 ჯარისკაცი. მსხვერპლს ვერც მარჯის მშვიდობიანი მოსახლეობა გადაურჩა - დაღუპულია 28 მოქალაქე, მათ შორის 13 ბავშვი. მათი ნაწილი იმ რაკეტამ იმსხვერპლა, რომელიც NATO-ს სამხედროებმა თალიბების პოზიციისკენ გაუშვეს, მაგრამ რაკეტა 300 მ-ით გვერდზე გადაიხარა და საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ამის შემდეგ ISAF-ის მეთაურობამ თავის სამხედროებს აუკრძალა ოპერაციის დროს რაკეტების გაშვება.

კარგია, რომ ავღანეთის არმიამ და ISAF-ის ძალებმა ქ. მარჯი იქ 750-მდე ქართველი სამხედროს ჩასვლამდე აიღეს, ანუ ჩვენს ბიჭებს თვითმფრინავის ტრაპიდან პირდაპირ ბრძოლებში ჩართვა აღარ მოუწევთ.

თუმცა დამშვიდების საფუძველი მაინც არ გვაქვს. ISAF-ის სარდალმა, გენერალმა სტენლი მაკ-კრისტალმა ოპერაცია "მოშტარაქის" დასრულების შემდეგ განაცხადა, - ჩვენ გავაგრძელებთ ჰილმენდის პროვინციის სამხრეთ რაიონებისა და ქალაქ ყანდაარის თალიბებისგან გათავისუფლების ოპერაციებსო.

გამოდის, რომ ჰილმენდის პროვინციაში აპრილში (როგორც ეს დაგეგმილია) ჩასული ქართული ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გულხელდაკრეფილნი არ ისხდებიან, მათ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში მალევე მოუწევთ ჩაბმა.

P.S. მართალია, ქ. მარჯა თალიბებმა დატოვეს, მაგრამ ისინი არსად გამქრალან. მათმა დიდმა ნაწილმა უბრალოდ "კალაშნიკოვები" გადამალა (სამხედრო ფორმის გადამალვა არც დასჭირდებოდათ, რადგან არც აქვთ). ისინი ღამღამობით დაიწყებენ დივერსიულ თავდასხმებს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ჰილმენდის პროვინციაში ჩასულმა ქართველმა სამხედროებმა და არავითარ შემთხვევაში მარტო ან მცირე ჯგუფით არ დატოვონ დისლოკაციის ადგილი, რადგან ადვილი შესაძლებელია, მოიტაცონ და მძევლად აიყვანონ.