ახალი საფრთხე საქართველოსთვის... ამჯერად შავი ზღვის სიღრმიდან
02-11-2015
ახალი საფრთხე საქართველოსთვის... ამჯერად შავი ზღვის სიღრმიდან
მალე შავი ზღვის სიღრმიდან რუსული წყალქვეშა ნავები გააკონტროლებენ მთელ შავ ზღვას, მათ შორის - ფოთისა და ბათუმის პორტების აკვატორიასაც...

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური თამაშების ფონზე თითქმის შეუმჩნეველი დარჩა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც შეუძლია, შავი ზღვის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ბალანსი შეცვალოს და რაც ჩვენთვის ყველაზე სახიფათოა, საქართველო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციოს.

საქმე ის არის, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაიწყო წყალქვეშა ნავების შენაერთის აღდგენა და მათთვის ნოვოროსიისკის პორტში სპეციალური ნავსაყუდელი აიგო.

საბჭოთა
პერიოდში შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავები ფოთშიც ბაზირებდა. 1991 წლისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, შავი ზღვის ფლოტის მე-14 დივიზია 40-მდე სხვადასხვა ტიპის წყალქვეშა ნავს ითვლიდა, თუმცა, ისინი უკვე მოძველებული იყო, ამიტომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტში მალევე ჩამოწერეს და ჯართად ჩააბარეს.

ბოლო პერიოდამდე რუსეთის შავი ზღვის
ფლოტის შეიარაღებაში მხოლოდ ორი წყალქვეშა ნავი ირიცხებოდა. მათგან ერთი - Б-380, 1991 წლიდან რემონტდება და როგორც საბრძოლო ერთეული, მხედველობაში მისაღები არ არის. მეორე - Б-871 Алроса დღემდე ერთადერთი მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანი რუსული წყალ­ქვეშა ნავია შავ ზღვაში.

2014 წლის გაზაფხულზე, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის დროს, რუსმა სამხედროებმა სევასტოპოლის ნავსადგურში ხელში ჩაიგდეს ერთადერთი უკრაინული წყალქვეშა ნავი Б-435 Запорожье, რომლის გამართულობაც საეჭვოა.

პოსტსაბჭოურ პერიოდში შავ ზღვაში ყველაზე ძლიერი წყალქვეშა ფლოტი თურქეთს ჰყავდა, მაგრამ ამა წლის 21 სექტემბრიდან ყველაფერი შეიცვალა, რადგან ნოვოროსიისკის პორტში ახალი რუსული წყალქვეშა ნავი Б-261 Новороссийск-ი­ შეცურდა.
"ნოვოროსიისკი" პირველი მერცხალია და მას 2016 წლის ბოლომდე ანალოგიური, 636.3 პროექტის კიდევ ხუთი წყალ­ქვეშა ნავი მოჰყვება, რის შემდეგ შავი ზღვის აუზში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ძალები გაბატონდება, რაც პრობლემებს შეუქმნის NATO-ს შავიზღვისპირა წევრ ქვეყნებს - რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას შავ ზღვაში რუსეთის გაბატონების სურვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც უნდა შეენიშნა, როდესაც მოსკოვმა, აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, შავი ზღვის აკვატორიის დიდი ნაწილის გაკონტროლება დაიწყო.
მაგრამ NATO მხოლოდ მას შემდეგ გამოფხიზლდა, რაც კრემლმა 2014 წელს შავი ზღვის "ჩაუძირავი ავიამზიდი" - ყირიმის ნახევარკუნძული დაიპყრო. ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთმა უკვე განათავსა თანამედროვე საჰაერო, საზენიტო და ხომალდსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემები, რომლებსაც თითქმის მთელი შავი ზღვის გაკონტროლება და ბოსფორის სრუტის ჩაკეტვაც კი შეუძლიათ.
თუკი ამას დავუმატებთ ექვს ახალ რუსულ წყალქვეშა ნავს და ამდენივე 11 356 პროექტის სადარაჯო ხომალდს, რომლებიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის იგება, ადვილად მივხვდებით, რომ რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მალე გააძევებს შავი ზღვიდან.
ამაზე, ჯობს, ბრიუსელში იდარდონ, მაგრამ რუსული წყალ­ქვეშა ნავების შავ ზღვაში გაბატონებით შეიძლება ყველაზე მეტად საქართველო დაზარალდეს.

აგვისტოს ომის დროს რუსმა ადმირალებმა სცადეს ერთადერთი წყალქვეშა ნავის - "ალროსას" საბრძოლო გამოყენება ზღვიდან ფოთის პორტის დასაბლოკად, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რადგან ტექნიკურად გაუმართავი წყალქვეშა ნავი კინაღამ ჩაიძირა.
მას შემდეგ, რაც ახალ წყალქვეშა ნავებს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანენ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობას აღარ გაუჭირდება ფოთისა და ბათუმის პორტებისკენ მიმავალი სანაოსნო მარშრუტების დაბლოკვა არა მარტო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ხომალდების, არამედ სავაჭრო გემებისთვისაც (მაგალითად, თუკი ქართული პორტების სიახლოვეს რუსული წყალქვეშა ნავები მალულად დააყენებენ საზღვაო ნაღმებს, ეს სანაოსნო გზებს ჩაკეტავს), რამაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა გამოიწვიოს. აღარაფერს ვამბობთ ახალი რუსული წყალქვეშა ნავების საბრძოლო შესაძლებლობებზე - "კალიბრის" სისტემის ფრთოსანი რაკეტებით შავი ზღვი­დან დაემუქრონ საქართველოს ნებისმიერ კუთხეს და დედაქალაქსაც კი (დაახლოებით ისე, როგორც ამას წინათ ასეთივე ფრთოსანი რაკეტებით რუსეთმა კასპიის ზღვიდან სირიაში გაანადგურა სამიზნეები).

ჩვენი დოსიე:

შავ ზღვაში შემოყვანილი 636.3 პროექტის ახალი რუსული წყალქვეშა ნავის სიგრძე 73,8 მ, სიგანე კი 9,9მ-ია. მისი სრული წყალქვეშა წყალწყვა 3 950 ტ-ს აღწევს, წყალზედა კი 2 350 ტ-ს უტოლდება. ორი დიზელ-გენერატორი და ერთი მთავარი ელექტროძრავა წყალქვეშა ნავს წყალქვეშ მაქსიმალურ 20 კვანძის (37 კმ/სთ) განვითარების საშუალებას აძლევს. ნავს 300 მეტრამდე ჩაყვინთვა შეუძლია. ეკიპაჟი 52 ოფიცრისა და მეზღვაურებისგან შედგება, ხოლო ავტონომიური ცურვის ხანგრძლივობა 45 დღე-ღამეა.

წყალქვეშა ნავი აღჭურვილია 6 ცალი 533 მმ კალიბრის სატორპედო აპარატით, რომლებიდანაც, ტორპედოების გარდა, "კალიბრის" სისტემის ფრთოსანი რაკეტების გაშვება (წყალქვეშ ყოფნისასაც) და საზღვაო ნაღმების დაყენებაც შეიძლება. შეიარაღების მარაგშია 18 ტორპედო, ან 24 საზღვაო ნაღმი, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის - "იგლას" 8 რაკეტა.
ადმირალი ჭიჭიკია
25 ნოემბერი 2015 10:52
საქართველოს ყავს რამდენიმე წყალქვეშა ნავი. თინას ამჟამად გასაიდუმლოებული აქვს მათი ადგილსამყოფელი ბიძია. ისინი ამ წუთას წყნარ და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში შეიძლება პატრულირებენ, ან ბალტიის ზღვაში. აღარაფერს ვამბობ საქართველოს საჰაერო ძალების მფრინავ თეფშებზე. ასეა ეს.
lili
20 ნოემბერი 2015 23:44
რამე ხომ არ გამომრცჰა, რა, ცხინვალს და აპხაზეტს დამსჰვიდობებული არ ვარტ? ტერიტორია სადაც პეხს ვერ ვდგამტ,ცჰვენია?
daviti
10 ნოემბერი 2015 17:07
რუსეთი რაც ნაგავია ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან შედარებით ძალიან ძლიერი ქვეყანაა, ვერაფერს დავაკლებთ ძალიანაც რომ მოვინდომოთ. უბრალოდ საქართველოსადმი ინტერესი არ უნდა გავუღვივოთ. ერთადერთი რაც მომწონს ახალი მთავრობის რუსეთთან დამოკიდებულებაა. რუსეთი ახლა ძალიან ძლიერია და ჯობია არ გააღიზიანო. რომ იძახით ვიბრძოლებთო, რა ჩემი ფეხებით დაიცავ შავ ზღვას? თუ გვინდა ამერიკის ფლოტი შემოვიდეს და საქართველო რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების ფრონტის ხაზად იქცეს? ახლა ჯობია გავჩუმდეთ და მოვიცადოთ, ზღვის ქვეშ კი არა მიწას გვართმევენ და ვერაფერს ვაკეთებთ.

რედაქტორის რჩევით