16 აგვისტო - რუსული საავიაციო კატასტროფების ტრადიციული დღე - კვირის პალიტრა

16 აგვისტო - რუსული საავიაციო კატასტროფების ტრადიციული დღე

16 აგვისტოს, მოსკოვის მახლობლად ცაში ერთმანეთს ორი გამანადგურებელი СУ-27 შეეჯახა, ერთი წლის წინ კი ჯავაში ერთი რუსული შვეულმფრენი მეორეს თავზე "დააჯდა"...

რუსეთის სამხედრო ავიაციის ისტორიაში უკვე დამკვიდრდა ახალი ტრადიცია - 16 აგვისტო საჰაერო კატასტროფების გარეშე არ მთავრდება.

ერთი წლის წინ, 16 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ჯარებს უკვე დაპყრობილი ჰქონდათ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იყო, მაგრამ სწორედ ამ დღეს განიცადა აგრესორების ავიაციამ მნიშვნელოვანი დანაკარგი.

ჯავის რაიონის სოფელ უგარდანტის მახლობლად ოკუპანტებმა დროებითი საველე დასაფრენი მოედანი მოაწყვეს. 16 აგვისტოს ღამეს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) მესაზღვრეების შვეულმფრენი МИ-8МТКО მიწაზე დაჯდომისას წამოედო საბრძოლო МИ-24-ს, გადაბრუნდა და ცეცხლი წაეკიდა. ცეცხლმა საბრძოლო მასალის დეტონაცია გამოიწვია, რამაც ძლიერ დააზიანა МИ-24 და შორიახლო მდგომი სხვა შვეულმფრენებიც. დაიღუპა შვეულმფრენის ბორტმექანიკოსი, ეკიპაჟის სამმა წევრმა კი მძიმე დამწვრობა მიიღო.

ინფორმაციისთვის: МИ-8МТКО ტიპის მოდერნიზებულ სატრანსპორტო-საბრძოლო შვეულმფრენებზე დაყენებულია თანამედროვე ოპტიკურ-ელექტრონული აპარატურა, რომელიც დღე-ღამის ნებისმიერ დროს ნავიგაციასა და იარაღის ზუსტად გამოყენების საშუალებას იძლევა. ასეთი მოდერნიზებული შვეულმფრენები რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს თითო-ოროლა ჰყავს.

ეს კატასტროფა რუსეთის ხელისუფლებამ და მის მიერ კონტროლირებულმა რუსულმა მასმედიამ მაშინვე მიჩქმალა, თუმცა გაიპარა ინფორმაცია, თითქოს მაშინ კატასტროფა ახალმა რუსულმა საბრძოლო შვეულმფრენმა МИ-24Н ночной охотник-მა განიცადა.

ჯავის კატასტროფის წლისთავზე საავიაციო კატასტროფა უკვე მოსკოვის მახლობლად, ჟუკოვსკისთან მოხდა, ცნობილი რუსული საპილოტაჟო ჯგუფი Русские Витязи სავარჯიშო ფრენებს ახორციელებდა საავიაციო-კოსმოსური სალონის МАСК-2009-ის გახსნის წინ.

16 აგვისტოს, დილის სავარჯიშო ფრენის მომენტში, დაახლოებით 300 მ სიმაღლეზე, საჰაერო მანევრის შესრულებისას ერთმანეთს ორი მძიმე გამანადგურებელი ჩე-27 შეეჯახა.

დაიღუპა საპილოტაჟო ჯგუფის მეთაური, ერთ მფრინავს კატაპულტირებისას ხერხემალი დაუზიანდა.

მიწაზე ჩამოცვენილმა გამანადგურებლის ალმოდებულმა  ფრაგმენტებმა დააზიანეს რვა აგარაკი, ხუთმა კაცმა დამწვრობა მიიღო, მათგან მოგვიანებით ერთი გარდაიცვალა.