ტერაქტი, რომლის დამალვა სურდათ... - კვირის პალიტრა

ტერაქტი, რომლის დამალვა სურდათ...

"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსული ავიაციის მიერ სირიის დაბომბვის დაწყებიდან ერთი თვის თავზე კრემლზე შური იძია

სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების დაბომბვა რუსეთის საბრძოლო ავიაციამ ოფიციალურად 30 სექტემბერს დაიწყო და მას შემდეგ ბევრი ელოდა, რომ ისლამისტები ადრე თუ გვიან პირველ რუსულ "სუ"-ს ჩამოაგდებდნენ, თუმცა, "ისლამური სახელმწიფოს" ჩამოგდებული პირველი რუსული თვითმფრინავი არც მოდერნიზებული Су-25СМ აღმოჩნდა და არც - თანამედროვე საფრონტო ბომბდამშენი ჩე-34.

(იხილეთ ასევე: შავი ყუთის მიხედვით რუსული თვითმფრინავის აფეთქება დასტურდება)

ისლამისტმა ტერორისტებმა ეგვიპტის საჰაერო სივრცეში, სინაის ნახევარკუნძულის ცაში, Airbus A321 ტიპის სამგზავრო ლაინერი ააფეთქეს, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიას ეგვიპტის კურორტიდან ტურისტები სანქტ-პეტერბურგში მიჰყავდა. ავიალაინერის ბორტზე იყო 224 ადამიანი. სამწუხაროდ, ყველა დაიღუპა, რაც არა მარტო რუსეთის, საბჭოთა სამოქალაქო ავიაციის ისტორიაშიც კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ავიაკატასტროფად იქნა მიჩნეული.

ავიაკატასტროფის დღიდან მოყოლებული, მთელი კვირის განმავლობაში ეგვიპტის ხელისუფლება დაჟინებით ცდილობდა, ტრაგედია სამგზავრო ლაინერის გაუმართაობისთვის დაებრალებინა. რუსეთის ხელისუფლებაც გამორიცხავდა ტერაქტის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" ავიალაინერის აფეთქება აღიარა. ეგვიპტის პოზიცია გასაგებია - ტერაქტის დადასტურება საერთაშორისო იმიჯს შეულახავდა ეგვიპტის კურორტებს, საეჭვოს გახდიდა მათ უსაფრთხოებას და ამ ქვეყანაში ტურისტების ნაკადი შემცირდებოდა.

რუსეთის პოზიციაც პრეზიდენტ პუტინის ინტერესებს შეესაბამებოდა - ტერაქტის ვერსიის აღიარება ნიშნავდა, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" მოახერხა კრემლზე შური ეძია, თანაც ამ ტერაქტის შედეგად იმდენი რუსეთის მოქალაქე გარდაიცვალა, რამდენის მოკვლასაც ტერორისტები სირიის ცაში ვერც ერთი რუსული "სუ"-ს ჩამოგდებით ვერ შეძლებდნენ. მაგრამ, მიუხედავად ეგვიპტისა და რუსეთის მთავრობების მცდელობისა, გამოიკვეთა რამდენიმე ტექნიკური დეტალი, რომლებმაც უფრო სარწმუნო გახადა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ სამგზავრო ლაინერის ბორტზე ბომბის აფეთქების ვერსია.

(იხილეთ ფოტოგალერეა)

სავარაუდოდ, ბომბი ავიალაინერის უკანა ნაკვეთურში აფრენამდე ცოტა ხნით ადრე ჩადო მან, ვინც ეგვიპტის აეროპორტში მუშაობდა და თვითმფრინავების მომსახურებაზე ხელი მიუწვდებოდა. აფრენიდან 24 წთ-ის შემდეგ, 9 411 მ სიმაღლეზე, როდესაც ფრენის სიჩქარე იყო 755 კმ/სთ, სამგზავრო ლაინერმა სწრაფად დაიწყო სიმაღლის კარგვა. სწორედ ამ დროს "შავ ყუთში" დარეგისტრირდა ძლიერი ხმა, რომელიც ძალიან ჰგავს აფეთქების ხმას. ამავე დროს ამერიკულმა სადაზვერვო თანამგზავრმა ავიალაინერის სიახლოვეს ტემპერატურის ზრდა დააფიქსირა. თვითმფრინავის ფიუზელაჟის ფრაგმენტებზე ჩანს, რომ დურალუმინის ფურცელი გარეთ არის გამოზნექილი, რაც შიგნიდან მომდინარე აფეთქების ტალღაზე მიუთითებს. ამასთან, თვითმფრინავის კუდში მსხდარი მგზავრების ცხედრების შესწავლისას აღმოაჩინეს მეტალის ნაწილაკები, რომლებიც სხეულებში მხოლოდ აფეთქების შედეგად შეიძლებოდა მოხვედრილიყო.

ბრიტანეთმა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ სასწრაფოდ დაიწყეს ეგვიპტის კურორტებიდან თავიანთი მოქალაქეების ევაკუაცია. მათ რუსეთმაც მიჰბაძა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს, "ისლამური სახელმწიფოს" საპასუხო დარტყმა არ შეიმჩნიოს.

საერთაშორისო ტერორისტებმა ამ საშინელი ქმედებით მთელ მსოფლიოს უჩვენეს, რომ ისინი ნებისმიერ დანაშაულს ჩაიდენენ და დღეს ჩვეულებრივი მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა და მოქალაქეობისა, თითქმის ყველგან დაუცველია.

ჩვენი დოსიე:

1988 წლის 21 დეკემბერს ანალოგიური ტერორისტული აქტი განხორციელდა. ლონდონიდან ნიუ-იორკისკენ გაფრენილი ამერიკული სამგზავრო Boeing 747 შოტლანდიის ქალაქ ლოკერბის თავზე აფეთქდა და მისი მსხვილგაბარიტიანი ფრაგმენტები სახლებს დაეცა. დაიღუპა ავიალაინერის ბორტზე მყოფი 259 ადამიანი და ქალაქის 11 მცხოვრები. სამწლიანი გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ აფეთქება "ბოინგის" საბარგო ნაკვეთურში იმ ჩემოდანში მოხდა, რომელშიც რადიომიმღებად შენიღბული ბომბი იდო. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმფრინავში ლიბიის მოქალაქეებმა ჩადეს, რაც ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ ტერაქტიდან მხოლოდ 15 წლის შემდეგ აღიარა და თითოეული დაღუპულის ოჯახს კომპენსაციის სახით 10 მლნ დოლარი გადაუხადა.