როდის შეცდნენ საფრანგეთის სპეცსამსახურები? - კვირის პალიტრა

როდის შეცდნენ საფრანგეთის სპეცსამსახურები?

პარიზში ტერორისტული აქტების სერია მსოფლიო ტერორისტული ომის დაწყებას მოასწავებს...

ტერორისტებს, სავარაუდოდ, აფეთქებების მოწყობა სტადიონის ტრიბუნებზეც სურდათ, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტიც იმყოფებოდა...

”საერთაშორისო ტერორისტებმა ამ საშინელი ქმედებით მთელ მსოფლიოს უჩვენეს, რომ ისინი ნებისმიერ დანაშაულს ჩაიდენენ და დღეს ჩვეულებრივი მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა და მოქალაქეობისა, თითქმის ყველგან დაუცველია,” - ასე დავასრულეთ სტატია ”კვირის პალიტრის” წინა ნომერში, რომელიც ტერორისტების მიერ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებას ეხებოდა. სამწუხაროდ, ახალი სტატიის დაწყებაც ამ წინადადებით გვიწევს, რადგან 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებულმა ტერორისტული აქტების სერიამ დაამტკიცა, რომ დღეს საერთაშორისო ტერორიზმისგან არავინ არის დაცული. რაოდენ პროფესიონალური სპეცსამსახურებიც უნდა ჰყავდეს შენს ქვეყანას, საფრთხე მაინც ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.

ახლა გაოცებას სწორედ ასე ნაქები ფრანგული სპეცსამსახურების უმოქმედობა იწვევს. მათ პარიზში განხორციელებული ვერც ერთი ტერაქტი წინასწარ ვერ აღკვეთეს - ფეხბურთის სტადიონთანაც კი, სადაც თამაშს უცხოელ სტუმრებთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტი ესწრებოდა და სტადიონის პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ადვილი წარმოსადგენია, როგორი პანიკა ატყდებოდა, აფეთქებები სტადიონის ტრიბუნებზე რომ მომხდარიყო...

როგორც მოსალოდნელი იყო, ტერაქტებზე პასუხისმგებლობა მაშინვე აიღო ”ისლამურმა სახელმწიფომ”, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იყო საფრანგეთის მიერ სირიის საჰაერო დაბომბვის პასუხი.

პარიზში ისლამისტებმა ტერორისტული თავდასხმის თითქმის ყველა მეთოდი გამოიყენეს - კამიკაძეები, დამონტაჟებული ბომბები, გამვლელებისა და რესტორნების კლიენტების მოულოდნელი დაცხრილვა ავტომატური იარაღით და თეატრში მძევლების აყვანა, რომელთა ნაწილი შემდგომ დახოცეს.

14 ნოემბრის მონაცემებით, რვა ტერორისტმა (თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი პარიზის ქუჩებში მიიმალა) 129 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, 352-მდე კი დაშავდა.

ტერაქტების წინასწარ გამოვლენა საფრანგეთის შსს-ს შიდა დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკოორდინაციო ჯგუფის, ასევე - პარიზის პოლიციის პრეფექტურის სადაზვერვო სამმართველოს პრეროგატივა იყო, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, არადა, ამა წლის 7 იანვარს პარიზში, ”შარლ ებდოს” რედაქციაზეც ანალოგიური ხელწერის ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და საფრანგეთის სპეცსამსახურებს მეტი ყურადღება მართებდათ.

მსგავსი ტერორისტული თავდასხმებისგან ევროპის არც სხვა მეგაპოლისებია დაცული, რადგან იქ ბოლო თვეებში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის - სირიიდანაც, ათასობით დევნილმა შეაღწია და ალბათ, მათ შორის არც ისე ცოტაა ”ისლამური სახელმწიფოს” შენიღბული ტერორისტი...

ჩვენი დოსიე:

საფრანგეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სპეცსამსახურები ჰყავს. ისინი დაზვერვის ეროვნულ საბჭოს ექვემდებარებიან, რომელიც, თავის მხრივ, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი დანაყოფია.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს ექვემდებარება საგარეო და თავდაცვის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატები, ხოლო შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გაერთიანებულია სამხედრო დაზვერვის სამმართველო, დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ბრიგადა და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების ცენტრალური სამსახური.

შსს-ს განკარგულებაშია შიდა დაზვერვის მთავარი სამმართველო და ტერორიზმთან ბრძოლის საკოორდინაციო ჯგუფი.

პოლიციის პრეფექტურაში ფუნქციონირებს პარიზის პოლიციის პრეფექტურის სადაზვერვო სამმართველო.

ეკონომიკის სამინისტროს ემორჩილება დაზვერვისა და საბაჟო გამოძიებების ეროვნული დირექტორატი, ასევე - დაზვერვისა და უკანონო ფინანსურ მოქმედებებთან მებრძოლი სამმართველოები.