ქართველ რეინჯერთა მისია (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ქართველ რეინჯერთა მისია (ექსკლუზივი)

ISAF-ის მისიის ქართული წარმომადგენლობის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციების მიხედვით, რეინჯერები რეკორდსმენები აღმოჩნდნენ, რის გამოც აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ ცნობილი გენერლები

2014 წელს, შვიდი თვის განმავლობაში, ავღანეთში ISAF-ის მისიით მყოფმა ქართველ რეინჯერთა ბატალიონმა თავი ისახელა. მისიის სამეთაურო შეხვედრებზე, რომელთაც 22 ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ამერიკელი გენერლები მოუწოდებდნენ, ქართველებივით უშეცდომოდ ემოქმედათ. ჩვენი რეინჯერები რამდენიმე საბრძოლო მიმართულებაზე ცალკე ან აშშ-ის სპეცრაზმთან ერთად მოქმედებდნენ და მათი საცეცხლე მხარდაჭერა და პერიმეტრის დაცვა ევალებოდათ. ბატალიონი დანაკარგის გარეშე დაბრუნდა სამშობლოში. ერთადერთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მოგერიების დროს დაიჭრა და გამოჯანმრთლების შემდეგ კვლავ საბრძოლო მზადყოფნაშია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ოცეული, რომელიც ამერიკელთა ზედამხედველობით, მაგრამ დამოუკიდებლად მოქმედებდა. რეინჯერები სიამაყით აღნიშნავენ, რომ ოცეულს იმ დროისთვის 22 წლის სამხედრო მოსამსახურე მეთაურობდა. დასანანია, რომ რეინჯერთა ბატალიონის, როგორც სპეციალური ოპერაციების შემსრულებელი სამხედრო ქვედანაყოფის, მებრძოლების ვინაობას ვერ დავასახელებ, ვერ ვიტყვი, ვინ არიან ის შესანიშნავი მეომრები, რომელთაც დიდი საომარი გამოცდილება მიიღეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. თუმცა მათი ღვაწლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა ექსკლუზიურად მომეცა.

ავღანეთში ჩვენი ბატალიონები ყოველთვის მოწონებით სარგებლობდნენ, მაგრამ ISAF-ის მისიის ქართული წარმომადგენლობის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციების მიხედვით, რეინჯერები რეკორდსმენები აღმოჩნდნენ - მონაწილეობდნენ კომბინირებულ თავდასხმაში და შეტევებში. ბატალიონს ორი სინჯის 32 სამხედრო მედალი (არმიის ქების მედალი და მედალი ღირსეული სამსახურისთვის. მათ მხოლოდ განსაკუთრებულ სამხედროებს გადასცემენ) და თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის სერტიფიკატი გადაეცა. დაჯილდოებამდე კი ყანდაგარის სამხედრო ბაზაზე სადაც ქართული ბატალიონი სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებოდა, ISAF-ის მთავარი შტაბიდან მოვიდა ბრძანება, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონის ჩამოსვლამდე ქართველები არსად გაეშვათ. ანდერსონი ქაბულიდან ბატალიონის თითოეული ჯარისკაცისთვის ხელის ჩამოსართმევად და ჯილდოებისა და სერტიფიკატების გადასაცემად ჩამოფრინდა.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ჯარისკაცისთვის სერტიფიკატის გადაცემა ყანდაგარის სამხედრო ბაზის მეთაურის, გენერალ-მაიორ მაიკლ ბილსის ინიციატივა იყო. ამჯერად მუხროვანში ბატალიონის ბაზას ვსტუმრობთ. სხვათა შორის, იქ, სადაც 1802 წელს მეფის რუსეთმა ამიერკავკასიაში პირველი რუსული ბაზა დააარსა. იმდროინდელი შენობა კვლავაც დგას. აქ ოდესღაც მეფის ჯარში მსახურობდა ცნობილი რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი. ბაზის ერთ მხარეს ნანგრევებად შემორჩენილა საბჭოთა ჯარის ოფიცრების ოჯახების საცხოვრებელი კორპუსები.

ბაზაზე სიმშვიდეა. რეინჯერთა ნაწილი ვარჯიშობს. სხვები, ალბათ, პოლიგონებზე გადიან ტაქტიკურ წვრთნებს. მეც იქით მიმიწევს გული. თუმცა მასპინძლები (მათი ვინაობის გამხელაც იკრძალება) განმარტავენ, რომ პოლიგონზე შებინდებისას გავლენ. სპეცოპერაციები ძირითადად ღამით იმართება, ტაქტიკური წვრთნებიც ხშირად ღამით ან შებინდებისას ტარდება. ამის გამო ხუმრობენ, სპეცრაზმელს რა უნდა და, ბნელი ღამეო...

ISAF-ის მთავარი შტაბიდან მოვიდა ბრძანება, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონის ჩამოსვლამდე ქართველები არსად გაეშვათ. ანდერსონი ქაბულიდან ბატალიონის თითოეული ჯარისკაცისთვის ხელის ჩამოსართმევად და ჯილდოებისა და სერტიფიკატების გადასაცემად ჩამოფრინდა...

ჯარში კიდევ ერთი დღის გატარების შემდეგ მიასკეცდება სურვილი, საკუთარ თავზე გამოვცადო კარანტინის "სიმწარე." რომ არა ასაკი (შესუსტებული ფიზიკური მონაცემები), თუ მთლად ცნობილი ჰოლივუდელი კინოგმირივით - ჯარისკაც ჯეინივით ვერ გავართმევდი გამოცდას თავს, საკუთარ ტყავზე მიღებული გამოცდილებით მეცოდინებოდა, რას განიცდიან და რა გზას გადიან სპეცრაზმელები, რომელთა შესახებაც ტყუილად არ იქმნება ლეგენდარული ფილმები. ბინდთან ერთად წვრთნებზე გასვლის დროც მოახლოვდა. გადაღების უფლება მხოლოდ ორ საწვრთნელ მოედანზე მომცეს. მოედანს პირობითად ვამბობ, თორემ სწავლება ტყეში მიმდინარეობს. ორივე შემთხვევაში კონკრეტული ტერიტორია უნდა გადაილახოს.

ოპერაციის დაწყებამდე მეომრები უსიტყვოდ, მუნჯური ჟესტებით გეგმავენ პროცესს, მერე გარკვეული ინტერვალებით ორ-ორი მეომარი გადადის ერთი მონაკვეთიდან მეორეზე. ბარიერის გადალახვის შემდეგ, ვიდრე რაზმის დანარჩენი წევრები შემოუერთდებიან, წინ წასულები საფარში მაგრდებიან...

მეორე მოედანზე მოქმედება ისევ ტყეში მიმდინარეობს, თუმცა რელიეფი და გარემო განსხვავებულია და რაზმიც ამ სპეციფიკის გათვალისწინებით მოქმედებს. წვრთნის პროცესში კურიოზულ ფაქტს ვაწყდები - ტყიდან გამოსული ძაღლი მებრძოლების მწკრივში ჩადგა. ბაზას მიჩვეული ბათურაა, ჩვეულებრივი ეზოს ქოფაკი. მასპინძლები მეხუმრებიან, რომ ეს ძაღლი წინა ცხოვრებაში ჯარისკაცი იყო, რომელიც მუხროვანს ვერ ივიწყებს.

წვრთნის დროს რეინჯერთა გაყინული სახეები და თვალები სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე რბილდება. მრისხანე მეომრები ჩვეულებრივი ადამიანები ხდებიან, რომელთაც სამოქალაქო სამოსში გამოწყობილთ ვერაფრით გამოარჩევთ, არადა, ისინი მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

სპეცრაზმელების შესახებ გადაღებულ ერთ ამერიკულ ფილმში ვეტერანი მეომარი ამბობს: თუ შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებისთვის ომი ოფიციალურად გამოცხადებიდან იწყება, სპეცრაზმელი მთელი ცხოვრება ომშია. არავინ იცის მათი საიდუმლო ოპერაციების შესახებ, მაგრამ ყველამ იცის, რომ არსებობენ უნივერსალური ჯარისკაცები, რომლებიც მშვიდობას ინარჩუნებენო...

ვინ არის რეინჯერი?

თავდაპირველად რეინჯერი გაჩნდა ამერიკულ ჯარში, სპეცრაზმელზე ბევრად ადრე. რეინჯერები ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებზე უკეთ გაწვრთნილი ქვეითები არიან. სპეცოპერაციების სიხშირემ მრავალ ქვეყანაში აქტუალური გახადა, სპეცრაზმელს ოპერაციის დროს საცეცხლე მხარდამჭერი ჰყოლოდა. მრავალ ქვეყანასა და საქართველოშიც ამ ფუნქციას რეინჯერები ასრულებენ. მათ მარტოხელა მეომრის სპეციფიკით ამზადებენ, რათა მარტო დარჩენის შემთხვევაში ყველა სირთულის დაძლევა შეძლონ. საქართველოში რეინჯერთა ქვედანაყოფის შექმნა 2009 წელს სახმელეთო და სადაზვერვო ბატალიონების ხარჯზე დაიწყო.

რომელიმე კონფლიქტურ ზონაში სეპარატისტულმა დაჯგუფებამ მძევლად რომ აიყვანოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები, საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, ქართული მხარე ვალდებულია, მძევლების გამოხსნაზე იზრუნოს. საიდუმლო სპეცოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალური ძალებისა და რეინჯერთა ჯგუფები და საზღვაო სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების ბატალიონმა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ფარულად უნდა შეაღწიოს და მძევლების გასათავისუფლებლად სპეციალური ოპერაციის ჩატარება შეძლოს. ამ დროს რეინჯერებმა ობიექტზე შესული სპეცდანიშნულების მებრძოლები უნდა "დაფარონ", მტერმა ვერ უნდა შეძლოს გაქცევა. ასევე არ უნდა დაუშვან მოწინააღმდეგის დამხმარე ძალების შემოსვლა. შესაბამისად, მათ საცეცხლე მხარდაჭერის გარდა, შეუძლიათ დაზვერვა, ჩასაფრება და რეიდის ჩატარება. მოწინააღმდეგისთვის ზურგიდან გამოგზავნილმა იარაღით, საკვებით, საწვავით ან სხვა დამხმარე საშუალებებით დატვირთულმა კოლონებმა რეინჯერების ძალისხმევით დანიშნულების ადგილზე ვერ უნდა მიაღწიონ.

ომს იგებს მთელი ჯარი

დიმიტრი კიკნაძე, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური: - ბრძოლის დროს სპეცოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს განსაკუთრებული ფუნქციები გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად, ჯარის გარეშე შეგვიძლია სასწაულების მოხდენა. ჩვენი მიზანია შეიარაღებული ძალების ქვეით ბრიგადებს, საარტილერიო დანაყოფებს, სატანკო მექანიზებულ ქვედანაყოფებსა და სხვებს გავუადვილოთ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა, დავასუსტოთ მტრის ზურგი, რათა მოვუშალოთ მომარაგების მართვისა და კონტროლის სისტემა და ჩვენს ქვეითებთან შეჯახების დროს წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ომს იგებს არა ერთი რომელიმე დანაყოფი, არამედ მთელი ჯარი, ქვეითების, საზღვაო, საჰაერო ძალების, სპეცდანიშნულების ჯგუფებისა და სხვა დანაყოფების ერთობლიობა. ჩვენ მივდივართ ისეთ ადგილას, სადაც სხვა ვერ მივა, მაგრამ ომს იგებს სრულიად შეიარაღებული ძალების კოორდინირებული მოქმედება.