გაყიდე ქართული იარაღი, გააძლიერე ქვეყანა! - რომელი პროდუქციის გაყიდვა შეიძლება საზღვარგარეთ?!
23-11-2015
გაყიდე ქართული იარაღი,  გააძლიერე ქვეყანა! - რომელი პროდუქციის გაყიდვა შეიძლება საზღვარგარეთ?!
საბრძოლო ტექნიკის, იარაღის, აღჭურვილობისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შექმნა და სერიულად წარმოება საქართველოში აბსოლუტური რეალობაა

საქართველოში მხოლოდ კვების პროდუქტებს თუ ტანსაცმელს როდი აწარმოებენ. ჩვენ ტექნოლოგიურად უფრო რთული - სამხედრო და ორმაგი დანიშნულების - პროდუქციის შექმნა და სერიული წარმოებაც შეგვიძლია, რომლის ნაწილის გაყიდვა საზღვარგარეთაც იქნება შესაძლებელი.
ბევრმა უკვე იცის, რომ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" სწორედ ასეთ პროდუქციას აწარმოებს, მაგრამ რომელს აქვს რეალური საექსპორტო პოტენციალი?
ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" "დელტას" ეწვია
და სცადა, გაერკვია, რომელი პროდუქციის გაყიდვა შეიძლება საზღვარგარეთ და რომლის - ქვეყნის შიგნით.

გასული წლის მნიშვნელოვანი სიახლე იყო სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, რომლის ეფექტიანობა 90%-ზე მეტი აღმოჩნდა. ამ სისტემის გაუმჯობესება და მისი მოქმედების არეალის გაზრდა მომავალში დიდ ეკონომიკურ მოგებას მისცემს ჩვენს ქვეყანას, რადგან სეტყვით გამოწვეული
მოსავლის (არა მარტო ყურძნის) დანაკარგი შემცირდება. გარდა ამისა, საზღვარგარეთ, კერძოდ, მოლდავეთში, ქართული სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით დაინტერესდნენ და ალბათ, "დელტას" სარაკეტო დანადგარები მალე სეტყვისგან მოლდავურ ყურძენსაც დაიცავს. მაგრამ სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაზე მეტი საექსპორტო პერსპექტივა 2016 წელს შეიძლება "დელტაში" აწყობილ შეჯავშნულ სამედიცინო-საევაკუაციო მანქანას ჰქონდეს.

ამ ჯავშანმანქანამ, რომელიც საუდის არაბეთის სამხედრო მედიკოსების ტექნიკური პირობების გათვალისწინებით არის მოდერნიზებული, წარმატებით ჩააბარა გამოცდა არაბეთის უდაბნოში. არაბი სამხედროები მზად არიან, რამდენიმე ათეული ქართული ჯავშანსასწრაფოსთვის 20 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადონ, რაც დიდი მოგება იქნება როგორც "დელტას", ისე მთელი საქართველოს ბიუჯეტისთვის.
თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ვინმემ ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების ჩაშლა სცადოს ისევე, როგორც კონგოში "დიდგორების" გაყიდვის მცდელობისას, რამაც ქვეყნის ბიუჯეტში 4 მილიონამდე დოლარის შემოსვლა შეაჩერა.

რატომ ჩაიშალა კონგოში ორ ათეულამდე "დიდგორის" გაყიდვა, ჟურნალისტური გამოძიების თემაა და ამ საკითხს "კვირის პალიტრა" აუცილებლად დაუბრუნდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "დიდგორების" გარეშე დარჩენილ კონგოელ სამხედროებს უკვე რუსულ ჯავშანმანქანებს სთავაზობენ...

მესამე, კომერციულად ყველაზე პერსპექტიული პროდუქცია "დელტაში" შეკერილი ჯავშანჟილეტებია.
საქართველოს ბევრ მოქალაქეს შეიძლება ძალიანაც სურდეს, შეიძინოს "დელტას" ჯავშანჟილეტი, რომელიც "კალაშნიკოვის" 7,62 მმ კალიბრის ტყვიის მოხვედრისგანაც კი დაიცავს (თანაც ჯავშანჟილეტის გასაყიდი ფასი 1.200-1.500 ლარი იქნება, მისი დაცვის დონეების შესაბამისად), მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს საბრძოლო ჯავშანჟილეტების კერძო პირებისთვის მიყიდვას.

სამაგიეროდ, თავდაცვის სამინისტრომ ორი წლის წინ ორ ასეულამდე ქართული ჯავშანჟილეტი შეიძინა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასაგზავნი ქართული სამხედრო კონტინგენტის აღსაჭურვად.

ამჟამად "დელტაში" ათჯერ მეტ ჯავშანჟილეტს ამზადებენ ავღანეთში მიმავალი ქართული ბატალიონებისთვის.
ჯავშანჟილეტების შეცვლა ყოველ 5-7 წელშია საჭირო, რადგან ბალისტიკური ქსოვილი თვისებებს იცვლის, ამიტომაც ჯავშანჟილეტებზე მოთხოვნა მუდმივად იქნება, მით უმეტეს - დღევანდელ არასტაბილურ მსოფლიოში და "დელტასაც" სამუშაო არ მოაკლდება. საყურადღებოა, რომ ჯავშანჟილეტში ჩასადებ კერამიკულ ფილებსაც ქართველი სპეციალისტები ამზადებენ.
მებრძოლს ტანზე მეტად, თავის დაცვა სჭირდება, ამისთვის კი ასევე ჩვენთან დამზადებული ჯავშანჩაფხუტები გამოდგება. "დელტაში" დაინერგა ჯავშანჩაფხუტების დამზადების უახლესი ტექნოლოგია, რომელიც დღეში რამდენიმე ათეული ჯავშანჩაფხუტის დამზადების საშუალებას იძლევა.

ქართული ჯავშანჩაფხუტის საიმედოობაში ამ სტატიის ავტორი მაშინ დარწმუნდა, როცა 5 მ-დან "ტეტეს" პისტოლეტის 7,62 მმ-იანი ტყვიებით ვერ გახვრიტა.

"დელტაში" წარმოებული იარაღიდან ამ ეტაპზე უკეთესი საექსპორტო პერსპექტივა ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნსა (რომელიც პირველი სერიულად წარმოებული ქართული იარაღია) და სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნებს აქვს. კონკრეტული კალიბრის ნაღმსატყორცნის ძირითადი ნაწილები უკვე იყიდება საქართველოს ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის არმიის შესაიარაღებლად.
ორმაგი დანიშნულების პროდუქციიდან აღსანიშნავია "დელტას" კიდევ ერთი საექსპორტო პროექტი - ეგვიპტისთვის "მერსედესის" ტიპის მიკროავტობუსების დაჯავშნა საინკასაციო მომსახურების განსახორციელებლად.

ურიგო არ იქნება, თუ "დელტას" ამ ტექნიკური პროექტით ქართული ბანკებიც დაინტერესდებიან.
ისევ ჯავშანმანქანა "დიდგორების" თემას დავუბრუნდეთ. მათი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო შეიარაღების ბაზარზე მაშინ გაიზრდება, როდესაც ამ არცთუ ურიგო ჯავშანმანქანებით, ბოლოს და ბოლოს, ქართული არმიის სარდლობაც დაინტერესდება და "დელტას" "დიდგორების" გაუმჯობესებულ ვარიანტებს დაუკვეთს.

"დელტას" არსენალში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არის ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკა" (რომელზეც თანამედროვე ძრავასა და ტრანსმისიის დაყენების შემდეგ მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები გაუმჯობესდება), სნაიპერული შაშხანები, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, უხმაურო ნაღმსატყორნი, უპილოტო შვეულმფრენი, მობილური მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნი და სხვა ცნობილი თუ ჯერ კიდევ გასაიდუმლოებული პროექტები, რომლებიც ტექნიკურ დახვეწას მოითხოვს, რის შემდეგ მათი სერიული წარმოება და გაყიდვა როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ბაზარზე უპერსპექტივო სულაც არ არის.
ჯინო
26 იანვარი 2016 11:36
გამოგონება მაქვს და გაკეთება მინდა მეთქი დელტას მივწერე....ამათ კიდევ რას ეხებაო....კართოფილის სათლელია და სეკრეტნი სქემა აქ თქვე დედა........ო.......სხვა რაღა გინდათ.....
maro
04 დეკემბერი 2015 11:09
გაგებასჰი არა ხარ და სჯობია მოკეტო ისევ პოლიტიკაზე ლაპარაკობ სადაა სჰენი პატრიოტიზმი მე ვმუსჰაობ დელტასჰი და ვიცი რა არის პიარი და არა
უბირი
27 ნოემბერი 2015 23:05
მოხსნან ბატონო იარაღის და ჯავშანჟილეტრების შეძენაზე შეზღუდვა და ჩემს კუბოსთან გებირჟავოთ სევდიანი სახეებით, თუ ერთ-ერთმა პირველმა მე არ ვიყიდო დელტასგან ყველა ხელმისაწვდომ ფასიანი ნაწარმი

რედაქტორის რჩევით