"საქართველოში "ალ-ქაიდას" რეზიდენტურა მოქმედებს" - კვირის პალიტრა

"საქართველოში "ალ-ქაიდას" რეზიდენტურა მოქმედებს"

საქართველოში ე.წ. მიძინებული ჯიჰადისტური ქსელები მოქმედებენ

ტერორიზმის საფრთხის დონე, ჩვენს ქვეყანაში მაღალი არ არის, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა. მისივე თქმით, ზოგადად, მსოფლიოში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რისკები ყველგან მომატებულია. ექსპერტ ვახტანგ მაისაიას მტკიცებით კი, საქართველოში ე.წ. მიძინებული ჯიჰადისტური ქსელები მოქმედებენ:

- საქართველოში ე.წ. მიძინებული ჯიჰადისტური ქსელები მოქმედებენ. გარდა ამისა, უსამა ბინ ლადენის ნათესავს საქართველოში მაღალშემოსავლიანი ბიზნესი აქვს, რაც ნიშნავს რომ "ალ-ქაიდას" რეზიდენტურა ქვეყანაში ისევ მოქმედებს, როგორც 1999-2004 წლებში ხდებოდა. ზესახელმწიფოები აცნობიერებენ, რომ პარიზისა და ბამაკოს ტერაქტები ბოლო არ იქნება. 2015 წლის 13 ნოემბრამდე ერთი კვირით ადრე "ალ-ქაიდას" ხელმძღვანელმა აიმან ალ-ზავაჰირიმ ყველა ისლამისტურ დაჯგუფებას დასავლეთის წინააღმდეგ გალაშქრებისკენ მოუწოდა. როგორც ჩანს, ამ განცხადებამ ადრესატამდე მიაღწია. ამ პროცესს საფუძველი დიდი ხნით ადრე ჩაეყარა, უბრალოდ, ზავაჰირიმ ალიანსური გარიგების შედეგი ფორმალურად დააანონსა. მანამდე "ისლამური სახელმწიფო" და "თალიბანი" გაერთიანდნენ და ავღანეთის პროვინციებს შეუტიეს - ამით მოახერხეს ცენტრალური აზიის რეგიონისკენ გასვლა. მდგომარეობა გეოსტრატეგიულ ფორმატში კიდევ უფრო დრამატული გახდა რუსული ავიალაინერის სინაის თავზე აფეთქების შემდეგ, რომელიც, ფაქტობრივად, პარიზის ტერაქტის წინა პირობა გახდა. ასე რომ, პარიზის, ბაღდადის, ბამაკოს, ბეირუთის ტერაქტები არ უნდა განიხილებოდეს როგორც ასიმეტრიული სამხედრო შეტევები... ამიტომაც ლოგიკურია, რომ ერთ კოალიციას (სადაც შედიან ისლამისტური საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებები), დაუპირისპირდეს მისი საპირწონე კოალიცია, სადაც შეიძლება გაერთიანდნენ აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, თურქეთი და ა.შ. საქართველო ამ საერთაშორისო ორომტრიალის ეპიცენტრში გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ექცევა. ეს გამოიხატება "ისლამური სახელმწიფოს" ლატენტური გააქტიურებით საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში.

საქართველოში მცხოვრები მუსლიმანების რელიგიური ტრადიციები ზომიერია, თუმცა მათში გამოჩენილი რადიკალური ისლამისტური კლასტერები მცირე ჯგუფების შექმნას ხელს მაქსიმალურად უწყობენ. მსგავსი ორგანიზებული ჯგუფები კი დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. ტენდენცია უკვე იკვეთება ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, რადიკალები ძლიერდებიან აჭარაშიც. ვინ და როგორ მოქმედებს, ამაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია...

"საქართველოში მყოფ არალეგალებზე კონტროლი გამკაცრდა"

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების პარალელურად, სასაზღვრო პოლიტიკას საქართველოც ამკაცრებს - როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში შემოსვლის მსურველები უმკაცრეს შემოწმებას გადიან. მეტიც, ნაკადების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების მოქალაქეებს, ქართველი მესაზღვრეები სასაზღვრო პუნქტიდან უკან აბრუნებენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც ადასტურებს:

- რამდენიმე დღის წინ აზიური სახელმწიფოს მოქალაქეთა 14-კაციანი ჯგუფი საქართველოში შემოსვლას ნიგერიიდან ცდილობდა, თუმცა მათ მხოლოდ 20 დოლარი აღმოაჩნდათ. როდესაც მესაზღვრეებმა ჰკითხეს, ქვეყანაში შემოსვლა რა მიზნით სურდათ, პასუხი ვერ გასცეს. ზოგმა ისიც კი არ იცოდა, რომელ ქვეყანაში მოდიოდა. ეს ნიშნავს, რომ მათ საქართველო მხოლოდ ტრანზიტად სჭირდებოდათ და თუ სხვა ქვეყანაში გადასვლას ვერ მოახერხებდნენ, აქ დარჩებოდნენ. კონტროლს დაექვემდებარნენ ისინიც, ვინც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან. უშიშროების სამსახური ყველა საეჭვო დეტალს აკონტროლებს.

რუსუდან შელია