დაპირისპირებულ რუსეთ-თურქეთს შორის აღმოჩენილი საქართველო - კვირის პალიტრა

დაპირისპირებულ რუსეთ-თურქეთს შორის აღმოჩენილი საქართველო

რუსეთს თურქეთთან 30-ზე მეტჯერ უომია, ბოლოს, ზუსტად ერთი საუკუნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს

რუსეთის შემდეგ ევროპაში (თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ბირთვულ იარაღს) ყველაზე ძლიერი არმია თურქეთს ჰყავს

ამ სტატიის ავტორმა 1992 წელს კოპიტნარის აეროდრომზე აღმოაჩინა თურქეთის ტერიტორიაზე გადაღებული იმ სარაკეტო დანადგარების სადაზვერვო აეროფოტოსურათები, რომლებიც საბჭოთა Су-24М ბომბდამშენების სამიზნეებს წარმოადგენდა

სირია-თურქეთის საზღვართან თურქული F-16C ტიპის გამანადგურებლით რუსული Су-24М საფრონტო ბომბდამშენის ჩამოგდებამ საბოლოოდ გამოაჩინა ის სტრატეგიული დაპირისპირება, რაც სირიის კონფლიქტში რუსეთსა და თურქეთს შორის გაჩნდა. საჰაერო სივრცის დარღვევა მხოლოდ საბაბია, ამ სახიფათო ინციდენტის მთავარი მიზეზი ის არის, რომ რუსეთმა იარაღით დაიწყო სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლების გადარჩენა-განმტკიცება, რითაც ომი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანის ფარულ სურვილს - რადაც უნდა დაუჯდეს, დაამხოს ასადის ხელისუფლება.

რუსეთის ავიაცია სირიაში "ისლამურ სახელმწიფოზე" მეტად დასავლეთის მხარდაჭერილ ე.წ. ზომიერ ოპოზიციას რომ ბომბავდა, ისედაც იყო ცნობილი, მაგრამ როდესაც რუსულმა ბომბდამშენებმა მეჩვიდმეტედ დაბომბეს სირია-თურქეთის საზღვარზე მოქმედი თურქმენული რაზმები (რომლებსაც, სავარაუდოდ, მალულად აიარაღებს თურქეთის სპეცსამსახურები), ეტყობა, ოფიციალური ანკარის მოთმინების ფიალა აივსო...

რუსეთის ავიაციამ საზღვრის ამ მონაკვეთზე ბომბდამშენისა და მისი ეკიპაჟის მოსაძებნად გაგზავნილი შვეულმფრენის დაკარგვის შემდეგაც გააგრძელა ინტენსიური დაბომბვა, რაც არ გამორიცხავს ახალ სახიფათო სამხედრო ინციდენტებს თურქეთსა და რუსეთს შორის.თურქული გამანადგურებლების შემდგომი შეტევებისგან თავის დაზღვევის მიზნით მოსკოვმა სირიის იმ აეროდრომზე, სადაც რუსეთის საჰაერო დაჯგუფებაა დისლოცირებული, С-400 ტიპის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემა გადაისროლა, რომელსაც 400 კმ-ში შეუძლია საჰაერო ობიექტების ჩამოგდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს სირიის ჩრდილოეთიდან თურქეთის სამხრეთით, საჰაერო სივრცის სიღრმეში, დაახლოებით 300-350 კმ-ის გაკონტროლება შეეძლება.

შავ ზღვაში თურქეთს 14 წყალქვეშა ნავის ამოქმედება შეუძლია, რომლებსაც უახლოეს მომავალში არანაკლებ ექვსი რუსული სუბმარინა დაუპირისპირდება და რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ზღვის სიღრმეში გადანაცვლება აბსოლუტურად შესაძლებელი გახდება

როგორ შეიძლება აისახოს საქართველოს უსაფრთხოებაზე რუსეთ-თურქეთის შემდგომი სამხედრო დაპირისპირება?

ამ დაპირისპირების სირიიდან შავი ზღვის აკვატორიაში გადმონაცვლების თეორიული შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს, მით უმეტეს, რომ რუსეთ-თურქეთის ყველა ომი სწორედ ან შავ ზღვაში მიმდინარეობდა, ან - მის სანაპიროებზე, როგორც ყირიმის ნახევარკუნძულზე, ისე - სამხრეთ კავკასიაში. ერთი საუკუნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთის იმპერია იყენებდა დღევანდელი საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებს ოსმალეთის იმპერიაზე შეტევების განსახორციელებლად.

დღეს საქართველო, საბედნიეროდ, დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ აკონტროლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს, ოკუპირებული გალის რაიონი კი საუკეთესო პლაცდარმია რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისთვის ("ისკანდერი" და "ტოჩკა-უ"), რათა მათ ზუსტი სარაკეტო დარტყმები მიაყენონ თურქეთის სტრატეგიულ ობიექტებს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. შეგახსენებთ, რომ როდესაც, აგვისტოს ომის დროს, რუსეთი საქართველოს ნაწილს იპყრობდა, თურქეთის ხელისუფლება არ ჩქარობდა ბოსფორის სრუტეში ამერიკული საბრძოლო ხომალდების გამოტარებას, რომელთა გამოჩენა იმ კრიტიკულ მომენტში ჩვენთვის დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა იყო...

დღემდე შავ ზღვაში თურქეთის ფლოტი იყო გაბატონებული, მაგრამ ჯერ - აფხაზეთის, შემდეგ კი ყირიმის ოკუპაციით და ახალი საბრძოლო ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების შემოყვანით მოსკოვი, ფაქტობრივად, სრულად გააკონტროლებს შავი ზღვის აკვატორიას.

საეჭვოა, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ომში გადაიზარდოს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ამ ორი ძლიერი ქვეყნის ურთიერთობა დიდი ხნით დაიძაბა, ამიტომაც არ არის გამორიცხული, მათი "ძიძგილაობა" საქართველოს ტერიტორიაზე სპეცსამსახურების ფარული ომით გაგრძელდეს...

რას წარმოადგენს თურქეთის შეიარაღებული ძალები

თურქეთის შეიარაღებული ძალები სტრუქტურულად შედგება სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების, ჟანდარმერიისა და სანაპირო დაცვისგან, რომლებიც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში არიან გაერთიანებულნი.მათი საერთო რაოდენობა 410 ათას კაცს აღწევს.

თურქეთის სახმელეთო ჯარები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებში, აშშ-ის შემდეგ, ყველაზე მრავალრიცხოვანია და 391 ათას კაცს შეადგენს.

თურქეთის შეიარაღებული ძალების არსენალშია ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები 30 მობილური დანადგარი, 3 500-ზე მეტი ტანკი, 5 ათასზე მეტი საბრძოლო ჯავშანმანქანა, 6 ათასამდე სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო სისტემა, 3 800 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, 1 400-მდე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 400-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი (მათ შორის - 208 გამანადგურებელი F-16C/D, რომლებიც თურქეთში ამერიკული ლიცენზიით იწყობა). თურქეთის სამხედრო ფლოტის შემადგენლობაში 133 მცურავი საშუალებაა, მათ შორის - 19 ფრეგატი და 7 კორვეტი, ასევე - 14 დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი.

ჩვენი დოსიე:

საფრონტო ბომბდამშენი Су-24 პირველად ჰაერში 1970 წელს აფრინდა. 1971-1993 წლებში 1400-მდე Су-24 და მისი მოდერნიზებული ვარიანტი - Су-24М-ია გამოშვებული.

თითქმის 40-ტონიან Су-24М-ს 560 კმ რადიუსში შეუძლია 7,5 ტ საერთო მასის მართვადი და უმართავი ბომბებისა და რაკეტების მიტანა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 1 320-დან (დაბალ სიმაღლეზე) 1 600 კმ/სთ-მდე (მაღალ სიმაღლეზე) მერყეობს.

საბჭოთა პერიოდში, 1992 წლამდე, საქართველოში ამ ბომბდამშენების ორი საავიაციო პოლკი იყო დისლოცირებული - კოპიტნარსა (Су-24М) და დედოფლისწყაროში (Су-24).

კოპიტნარის პოლკის საბრძოლო ამოცანებში შედიოდა NATO-ს წევრი თურქეთის სამხედრო ბაზების დაბომბვა, მათ შორის - ტაქტიკური ბირთვული იარაღით. დედოფლისწყაროს პოლკის სამიზნე კი, ძირითადად, ირანი იყო.

ქართულ მიწაზე ექვსი ასეთი ბომბდამშენია ჩამოვარდნილი.

1990 წელს დედოფლისწყაროში კატასტროფა განიცადა Су-24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენმა. 1991 წელს კოპიტნარის პოლკმა სამი Су-24М დაკარგა. კოპიტნარის აეროდრომიდან აფრენისას ბომბდამშენმა მართვა დაკარგა, ჰაერში ამოტრიალდა და მიწას დაენარცხა, ეკიპაჟი დაიღუპა. ცოტა ხანში, თითქმის ანალოგიურ საავარიო სიტუაციაში, ეკიპაჟის ორივე წევრმა მოასწრო კატაპულტირება და სოფელ იანეთის სიახლოვეს პარაშუტებით დაეშვა. კოპიტნარის კიდევ ერთი ასეთი ბომბდამშენი საჰაერო-ტაქტიკური სწავლების დროს მთას შეასკდა.

2007 წელს რუსული Су-24М კვლავ გამოჩნდა ქართულ ცაში, როდესაც "ჰაერი-რადიოლოკატორი" კლასის მართვადი რაკეტით თბილისი-გორის გზაზე, შავშვებთან, ჩვენი რადიოლოკაციური სადგურის აფეთქება სცადა, თუმცა, რაკეტამ მართვა დაკარგა და სოფელ წითელუბანთან ჩამოვარდა, მაგრამ არ აფეთქებულა.

2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებდა Су-24М ტიპის ბომბდამშენებს. ქართველმა მეზენიტეებმა ორი Су-24М ჩამოაგდეს: 9 აგვისტოს - სოფელ ძევერასთან და 11 აგვისტოს - ცხინვალთან.