მეორე "ავღანეთის ომი", ამჯერად - სირიაში... საქართველოს გავლით? - კვირის პალიტრა

მეორე "ავღანეთის ომი", ამჯერად - სირიაში... საქართველოს გავლით?

მოსკოვი სირიაში საჰაერო დაბომბვების შემდეგ სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადება, რაც რუსეთისთვის მეორე "ავღანეთის ომად" შეიძლება იქცეს...

სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის პროვინციაში, ბაშარ ასადის ერთგულ არმიასთან ერთად რუსეთის საჯარისო დანაყოფები ერთობლივი სახმელეთო შეტევითი ოპერაციის დაწყებას გეგმავენ. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მოვლენა შეიძლება ახალ, მსოფლიო მასშტაბის, შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს და მოსკოვისთვის მეორე "ავღანეთის ომად" იქცეს.

მარტო საჰაერო, თუნდაც წერტილოვანი დარტყმებით "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება რომ შეუძლებელია, არაერთხელ გვითქვამს. ამაზე მეტყველებს ამერიკული და რუსული საბრძოლო ავიაციის განხორციელებული რვა ათასამდე საჰაერო დარტყმა, რომლებმაც წელში ვერ გატეხა "ისლამური სახელმწიფო".

სახმელეთო ოპერაციების დაწყების აუცილებლობაზე, დიდი ხანია, მსჯელობენ დასავლეთის კოალიციის გენერლები, მაგრამ ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ვერც აშშ-ისა და ვერც ევროპის ქვეყნების ლიდერები ვერ ბედავენ - არავის უნდა, მისი არმია სირიასა და ერაყში ახალი კონტრპარტიზანული ომების ჭაობში აღმოჩნდეს ჩაფლული. ეს განსაკუთრებით მტკივნეული თემაა თეთრი სახლის დღევანდელ ბინადართათვის, რომელთაც ძლივს მოახერხეს ერაყიდან ამერიკული კონტინგენტის გამოყვანა და ავღანეთში მათი რაოდენობის ათჯერ შემცირება.

სწორედ დასავლეთის ლიდერების გაუბედაობითა და ყოყმანით ისარგებლა "კრემლის მეფემ" და ორი თვის წინ სირიაში საავიაციო დაბომბვები დაიწყო, რითაც თითქმის შეძლო, მსოფლიოს ამ დაძაბულ რეგიონში პოლიტიკის "კეთების" საკუთარი მეთოდები ეკარნახა.

საჰაეროდან სახმელეთო ოპერაციებზე გადასვლის შემთხვევაში რუსეთი სირიაში უფრო განიმტკიცებს პოზიციებს და ყველანაირად ეცდება, დასავლეთის ქვეყნები და უპირველესად აშშ გააძევოს ამ რეგიონიდან.

რუსეთის ძლიერი სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო მხარდაჭერით ასადის არმია ადრე თუ გვიან შეძლებს ტაქტიკური გარდატეხის შეტანას 2011 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო ომში, მაგრამ რად დაუჯდება ეს რუსეთს?

ალბათ, მეორე "ავღანეთის ომად".

1979 წლის ბოლოს ავღანეთში საბჭოთა არმიის შეჭრა მნიშვნელოვანწილად იმანაც განაპირობა, რომ კრემლში დაიჯერეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დეზინფორმაცია, თითქოს ავღანეთში აშშ დესანტის გადასხმას აპირებდა და მას დაასწრეს. თითქმის ათწლიანმა ავღანეთის ომმა და ნავთობის ფასის დაცემამ ბოლო მოუღო ეკონომიკას და დაანგრია საბჭოთა იმპერია.

თუკი რუსეთი სირიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციებშიც ჩაერთვება, შეიძლება განმეორდეს ავღანური ისტორია, მით უმეტეს, რომ კვლავ იკლებს ნავთობის ფასი, რაც რუსეთის შემოსავლის უმთავრესი წყაროა.

სირიის ომში კრემლის კიდევ ღრმად ჩართვის შემთხვევაში იქ მებრძოლ რუსულ დანაყოფებსა და ტექნიკას მეტი მომარაგება დასჭირდება. დღეს სირიაში გადასროლილ რუსულ საავიაციო შენაერთს, ძირითადად, შავი ზღვის რუსული პორტებიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით ამარაგებენ. სასწრაფო ტვირთის ნაწილი რუსეთიდან სატრანსპორტო თვითმფრინავებით იგზავნება კასპიის ზღვა-ირანი-ერაყი-სირიის საჰაერო მარშრუტით.

ფართომასშტაბიან სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის შემთხვევაში სირიაში რუსული სამხედრო კონტინგენტის სრულად მოსამარაგებლად მოსკოვს ახალი მარშრუტების მოძებნა დასჭირდება (მით უმეტეს - თურქეთთან ურთიერთობის გაუარესების შემდეგ), რაც რეალურს ხდის სამხრეთ კავკასიაზე გამავალი საგზაო დერეფნის გამოყენების აუცილებლობას. კერძოდ, რუსი გენერლები დაინტერესებული იქნებიან, საბრძოლო ტექნიკა, აღჭურვილობა და ტყვია-წამალი რუსეთიდან სარკინიგზო პლატფორმებით საქართველოსა და სომხეთის გავლით ირანის საზღვრამდე სწრაფად გადაისროლონ, იქიდან კი ერაყის გავლით სირიამდე საავტომობილო ლაფეტებით გადაზიდონ.

შეიძლება ესეც არის მიზეზი, რომ რუსეთის სარკინიგზო ჯარების დანაყოფები ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო ხაზის აღდგენით იყვნენ დაკავებულნი.

ქართული რკინიგზითა თუ საავტომობილო გზებით რუსული სამხედრო ტვირთის სირიის მიმართულებით გადაზიდვას, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების ნებართვა სჭირდება, მაგრამ ვინ იცის, როგორი სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა შეიძლება განახორციელოს რუსეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ სირიისკენ უმოკლესი გზა გაჭრას?

P.S. არ არის გამორიცხული, რომ ისევე როგორც შორეულ 1979 წელს, ახლაც აშშ ფარულად უბიძგებს კრემლს უფრო ღრმად შეტოპოს სირიის ომის ჭაობში, რაც ისედაც სანქციებდაწესებული რუსეთის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება და შეიძლება რუსეთმა საბჭოთა იმპერიის ბედიც კი გაიზიაროს.

ხოლო თუკი კრემლმა მოახერხა სირიაში სიტუაციის გაკონტროლება, ასადის ხელისუფლების შენარჩუნება და გაძლიერება, მაშინ უკვე აშშ-სა და ევროპის რიგ ქვეყნებს მოუწევთ ახლო აღმოსავლეთში პოზიციების დათმობა, რადგან მოსკოვთან მეგობრობას სირიისა და ირანის შემდეგ ალბათ ერაყიც გადაწყვეტს...