ნაჩუქარ "იროკეზებს" ხრახნები არ გაესინჯება... - კვირის პალიტრა

ნაჩუქარ "იროკეზებს" ხრახნები არ გაესინჯება...

18 მლნ დოლარის ღირებულების ორ "იროკეზზე" მეტად ამავე თანხის ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინები" უფრო გვჭირდება, მაგრამ საჩუქარი არ დაიწუნება

თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 2018 წელს აშშ საქართველოს გადასცემს ორ მოდერნიზებულ "იროკეზის" შვეულმფრენს, სათადარიგო ნაწილებს და მოუმზადებს პილოტებს, რაც ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს 18 მლნ 500 ათასი დოლარი დაუჯდებათ. მათი გადმოცემა განხორციელდება 50 მლნ ლარიანი ამერიკული გრანტის ფარგლებში.

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, გადმოსაცემად მზადდება UH-1H Huey II ტიპის მოდერნიზებული შვეულმფრენები, რომლებიც ქართული არმიის შეიარაღებაში ამჟამად არსებული UH-1H-ებისგან განსხვავდება გაძლიერებული ძრავით, გაუმჯობესებული ტრანსმისიითა და ხრახნებით, ასევე თანამედროვე რადიოელექტრონული მოწყობილობებით.

ქართულ არმიას შვეულმფრენების პარკის განახლება, დიდი ხანია, სჭირდება და როგორც იტყვიან, ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც რჩება ხინჯი - შვეულმფრენების ნაცვლად პენტაგონს 18 მლნ დოლარის ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინები" რომ მოეწოდებინა, ქართული არმია შესაძლო სატანკო შემოტევებისგან უფრო დაცულად იგრძნობდა თავს.

ჩვენი დოსიე:

პირველი "იროკეზები" ქართულ ცაში 2001 წელს გამოჩნდა, როდესაც აშშ-მა 10 ცალი UH-1H გამოგვიგზავნა (მათგან ექვსი დაფრინავდა, ხოლო ოთხი სათადარიგო ნაწილებისთვის იყო განკუთვნილი), თურქეთმა კი - ორი. ერთი ჩვენი "იროკეზი" წალკასთან ამერიკელმა პილოტმა "იმსხვერპლა". 2008 წელს საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ორი მოდერნიზებული UH-1H შეიძინა. მოგვიანებით ესპანეთში შეიძინეს სამი ერთეული ორძრავიანი "იროკეზის" - Bell 212-ის სამოქალაქო ვარიანტები, ხოლო "ბრიტიშ პეტროლიუმისგან" - ერთი ასეთივე შვეულმფრენი, რომელიც მანამდე საქართველოს საჰაერო სივრცეში რამდენიმე წელი დაფრინავდა.