ამერიკელი რესპუბლიკელ-დემოკრატების ძიძგილაობაზე დამოკიდებული საქართველო...
08-03-2010
აშშ-ის პრეზიდენტი ობამა თურმე ნანობს, რომ აგვისტოს ომის გამო NATO-რუსეთის საბჭოს მუშაობა წელიწად-ნახევარი შეჩერებული იყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში შეცდომად მიაჩნიათ აგვისტოს ომის გამო NATO-რუსეთის საბჭოს მუშაობის შეჩერება...

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩათვალა, შეეჩერებინა NATO-რუსეთის საბჭოს მუშაობა მანამდე, სანამ რუსეთი თავის ჯარებს იმ პოზიციებზე არ დააბრუნებდა, რაც მათ 2008 წლის 8 აგვისტომდე ეკავათ.

მაშინ საქართველოს ხელისუფლება, თავისი ტელევიზიების
საშუალებით, მოსახლეობას დღედაღამ უმტკიცებდა - ხომ ხედავთ, NATO-მ როგორ უპასუხა რუსეთის სამხედრო აგრესიას, ეს საქართველოსთვის უდიდესი მხარდაჭერაა და რუსეთი მალე იზოლაციაში მოექცევაო...

2010 წლის დასაწყისში NATO-რუსეთის საბჭოს მუშაობა სრულად აღდგა, თუმცა მოსკოვს არ შეუსრულებია ალიანსის მოთხოვნა და ჯარები 8 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე არ გაუყვანია.

გამოვიდა,
რომ NATO-მ თვალი დახუჭა თავისსავე მოთხოვნაზე და ფაქტობრივად დაეთანხმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას!
NATO-რუსეთის საბჭოს მუშაობის სრულფასოვნად განახლებას საქართველოს ხელისუფლება ერთსულოვანი დუმილით შეხვდა. სამთავრობო ტელევიზიებმაც დაივიწყეს, თუ რა იმედს აძლევდნენ მოსახლეობას...

გავიდა ცოტა ხანი და ცნობილი გახდა, - პრეზიდენტი ობამა თურმე ნანობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თითქმის წელიწად-ნახევრით შეჩერებული NATO-რუსეთის საბჭოს მუშაობამ ურთიერთობა გააფუჭა მოსკოვთან და ეს უდიდესი შეცდომა იყო.

ფაქტობრივად, ამ პოზიციით პრეზიდენტმა ობამამ ირიბად გააკრიტიკა წინამორბედი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილება და საბოლოო ანგარიშში ყველას (უპირველესად კი კრემლს) დაანახა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის "გადატვირთვის" პროგრამას ყველაფერზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეც მაღლა აყენებს.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. გაიხსენეთ 1992 წელი, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო. აგვისტოში, სახელმწიფო მეთაურ ედუარდ შევარდნაძისთვის მიწერილ წერილში აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი თბილისს სრულ მხარდაჭერას აღუთქვამდა, მაგრამ წლის ბოლოს აშშ-ის სათავეში რესპუბლიკელების ნაცვლად დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ბილ კლინტონი მოვიდა, რომელმაც რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან, ბორის ელცინთან დაახლოების პოლიტიკა არჩია. ამის შედეგად გაიზარდა რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლა საქართველოზე, რაც აფხაზეთის ომში დამარცხებით და ტერიტორიის დაკარგვით დასრულდა.

15 წლის შემდეგ, 2008 წლის შემოდგომაზე, აშშ-ის პრეზიდენტი რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში-უმცროსის შემდეგ ისევ დემოკრატი ბარაქ ობამა გახდა და საქართველოს იმედების გაცრუებაც გაგრძელდა...

არავინ ამტკიცებს, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირის - აშშ-ის პრეზიდენტი 2008 წელს ისევ რესპუბლიკელი მაკ-კეინი რომ გამხდარიყო, მეორე დღესვე რუსული საოკუპაციო ჯარები გუდა-ნაბადს აიკრავდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, როდემდე უნდა იყოს საქართველო დამოკიდებული აშშ-ის შიდაპოლიტიკურ ბრძოლებზე რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის?
TeMo
12 მარტი 2010 00:03
ობამა სერიოზულ შეცდომებს უშვებს ასევე ევროპაც რუსეთი სერიოზულად იკრებს ძალებს ობამამ კი იძახოს Change Change
s
10 მარტი 2010 23:59
"ვაი ჩვენს პატრონს!"

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?