აფხაზური "არმია" რუსეთმა გადაყლაპა - კვირის პალიტრა

აფხაზური "არმია" რუსეთმა გადაყლაპა

აფხაზური "არმია" გუდაუთაში დისლოცირებული მე-7 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის ერთი უმნიშვნელო დანაყოფი ხდება

"მავრმა გააკეთა თავისი საქმე, მავრს შეუძლია წავიდეს", - ალბათ, სხვა სიტყვებით არ შეიძლება ითქვას ის, რაც აფხაზურ "არმიას" კრემლმა გაუკეთა - მან "ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებაში" შეყარა ის აფხაზები, რომლებიც დღემდე ქართულ არმიაზე გამარჯვებით ამაყობენ.

აფხაზებმა კარგად იციან, რომ 1992 წელს მოსკოვმა ქართველებსაც და აფხაზებსაც თითქმის ერთ დღეს მოგვცა ათასობით ავტომატი და ასიათასობით ვაზნა, რომ ერთმანეთისთვის არ დაგვეშურებინა.

დღეს, როდესაც მოსკოვს უკვე მოპოვებული აქვს სამხედრო-პოლიტიკური პლაცდარმები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აღარც ე. წ. სამხრეთ ოსეთის "არმია" სჭირდება და არც აფხაზური, რადგან მათ თავიანთი ფუნქცია შეასრულეს, როდესაც რუსეთი ცდილობდა მთელი მსოფლიოსთვის დაენახებინა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მედგარ წინააღმდეგობას სწორედ აფხაზური და ოსური "არმიები" უწევდნენ. ამით რუსეთი ამ ომებში თავისი ღრმა ჩართულობის მიჩქმალვას ცდილობდა (ანალოგიურ სცენარს დღეს უკრაინაში, დონბასში იყენებს). დასავლეთმა ეს დაიჯერა ან თავი მოიკატუნა, თუმცა ყველა შემთხვევაში რუსულმა ხერხმა გაჭრა, რის შედეგსაც მალე მოიმკის დასავლეთი, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში.

აფხაზურმა "არმიამ" თავისი მისია შეასრულა და როგორც ცხინვალელი სეპარატისტების "არმია", ისიც რუსული სამხედრო ბაზის უმნიშვნელო ელემენტი გახდება, რომელიც დროთა განმავლობაში საერთოდ გაქრება. რუსეთის ხელისუფლება არ შეეგუება, რომ ოკუპირებულ საქართველოს ამ ორ რეგიონში იარაღზე, მით უმეტეს, საბრძოლო ტექნიკაზე, მისი სამხედროებისა და მესაზღვრეების გარდა, ხელი კიდევ ვინმეს მიუწვდებოდეს, მით უფრო, რომ ოსებსა და აფხაზებს ქართველებზე გამარჯვების სინდრომი მოსვენებას იმდენად არ აძლევს, რომ მფარველი რუსი გენერლებიც კი გააღიზიანეს. რუსეთის სპეცსამსახურები ყოველნაირად ცდილობენ, აღკვეთონ შეიარაღებული ინციდენტები საოკუპაციო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს და შეიარაღებულ ოსებსა და აფხაზებს შორის, მით უმეტეს, თუკი ეს შეიარაღებული აფხაზები და ოსები რომელიმე ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებში არიან გაწევრებული.

ასე რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ ოსური, შემდეგ კი აფხაზური "არმიები" გადაყლაპა, რაც სეპარატისტების სხვა სტრუქტურების ხვედრიც არის.