რუსული "ისკანდერები" უკვე ოკუპირებულ ცხინვალთან - კვირის პალიტრა

რუსული "ისკანდერები" უკვე ოკუპირებულ ცხინვალთან

500 კმ-ზე მფრენი რუსული რაკეტებისთვის სამიზნეები საქართველოზე მეტად თურქეთში მოიძებნება

"ცივი ომის" დროს NATO-ს წევრი თურქეთი საბჭოთა კავშირის მთავარ მოწინააღმდეგედ განიხილებოდა. სამხრეთ მიმართულებასა და მის სტრატეგიულ ობიექტებზე არაერთი ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტა იყო დამიზნებული, მათ შორის გასაბჭოებული საქართველოს ტერიტორიიდანაც (სხვათა შორის, საქართველოს დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი იმ დროს როგორც ოფიცერ-მერაკეტე პასუხისმგებელი იყო შაუმიანიდან გაშვებული "სკადის" რაკეტების ზუსტ მორტყმაზე თურქეთის ქ. ვანის რაიონში არსებულ ელექტროსადგურზე).

ამის გახსენება იმიტომ დაგვჭირდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თანამედროვე ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემა Искандер-М-ი გადმოისროლა.

"ამერიკის ხმის" მტკიცებით, "ისკანდერის" სისტემა ჯავის რაიონის სოფელ რაროსთან არის განთავსებული, თუმცა მისი ოპერატიულად გადაადგილება მთელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. პრინციპში, ეს მოსკოვს ნაკლებად დასჭირდება, რადგან "ისკანდერის" რაკეტები არანაკლებ 500 კმ-მდე მიფრინავენ და ოკუპირებული ჯავის რაიონიდანაც მისწვდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს.

ის, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსული "ისკანდერების" მთავარ სამიზნეს სწორედ თურქეთის სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენენ, ეჭვს არ იწვევს, რადგან ქართული სამიზნეების სარაკეტო დარტყმა მოსკოვს ჩრდილო კავკასიიდანაც თავისუფლად შეუძლია, რაც კიდევაც დაამტკიცა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. მაშინ ჩრდილო კავკასიიდან ჩვენი მიმართულებით ოცზე მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა გვესროლეს, მათ შორის ორი "ისკანდერიც", ოღონდ საექსპორტო ვარიანტები, რომელთა მოქმედების რადიუსი მხოლოდ 280 კმ იყო (როგორც ირკვევა, ამ ორი რაკეტის სტარტს იმ არაბული ქვეყნის გენერლებიც დაასწრეს, რომელიც "ისკანდერების" შეძენას გეგმავდა).

"კვირის პალიტრაში" ჯერ კიდევ აგვისტოს ომის შემდეგ გამოვთქვამდით ვარაუდს, რომ ცხინვალის რეგიონისა და განსაკუთრებით აფხაზეთის ოკუპირება კრემლს იმიტომაც სურდა, რომ იქ შეექმნა სარაკეტო პლაცდარმები არა იმდენად საქართველოს, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგის, ასევე შავი ზღვის სამხრეთ აკვატორიის სამიზნეში ამოსაღებად, მით უმეტეს, რომ მაშინ მოსკოვს ყირიმის ნახევარკუნძული ჯერ არ ჰქონდა ოკუპირებული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, განსაკუთრებით კი გალის რაიონიდან, კრემლს ბირთვულქობინიანი "ისკანდერებით" შეუძლია შექმნას მოკლე "ბირთვული ხელკეტი", რომელიც უპირველესად სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების პერსპექტივას დაემუქრება.