ახალი "ცივი ომი" საქართველოდან დაიწყო - კვირის პალიტრა

ახალი "ცივი ომი" საქართველოდან დაიწყო

2015 წლის ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა

გასულ 2015 წელს საქართველო გადაურჩა სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ გართულებებს, პირველ რიგში, რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს შეეძლო არაერთი საბაბი მოეძებნა ამისთვის, თუნდაც საქართველოს ევროკავშირის ასოცირებულ წევრად გახდომისა ან სირიისკენ საჰაერო და სახმელეთო დერეფნების გაჭრის მოტივით. მიუხედავად ამისა, სწორედ გასულ წელს ცხადი შეიქნა, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იმ სარაკეტო პლაცდარმად აქცია, საიდანაც საქართველოზე მეტად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ თურქეთს დაემუქრება.

ახალი "ცივი ომის" შუაგულში

2008 წლის რუსეთ-საქართველოს რამდენიმედღიანმა ომმა პრაქტიკულად საფუძველი ჩაუყარა ახალ, XXI საუკუნის "ცივ ომს". მაშინ ამის აღიარება დასავლეთის ლიდერებს არ სურდათ და მიაჩნდათ, რომ პრობლემა მხოლოდ ლოკალური იყო და კრემლი ვერ გაბედავდა საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხედრო-პოლიტიკური ამბიციების გამომჟღავნებას. თუმცა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მწარედ შეცდა.

უკრაინისთვის ყირიმის ნახევარკუნძულის წართმევისა და დონბასში შეჭრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ აგვისტოს ომი შემთხვევით არ მომხდარა, ხოლო სირიის ომში რუსული საბრძოლო ავიაციის დასავლეთისთვის მოულოდნელმა ჩართვამ კითხვები აღარ დატოვა - რუსეთის ხელისუფლებამ საბოლოო განაცხადი გააკეთა მსოფლიო პოლიტიკის წაყვანაზე.

წლის ბოლოს რუსეთმა "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები შემოიყვანა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (სავარაუდოდ, აფხაზეთშიც), რითაც პირველ რიგში, საქართველოზე მეტად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ თურქეთს დაემუქრა. რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები სარაკეტო პლაცდარმებად აქცია, რაც ერთ-ერთი მთავარი ნიშანია "ახალი ცივი" ომის დაწყებისა და ისიც საქართველოს ტერიტორიიდან.

ეს კი დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან NATO-სთვის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადმოსროლილი ბირთვული ქობინების გადამტანი "ისკანდერები" პირველ სამიზნეებს წარმოადგენს. სავარაუდოდ, თურქეთის გენშტაბის ოპერატიული სამმართველო სწორედ ამ დღეებში ამუშავებს იმ მოსალოდნელი საჰაერო ოპერაციების დეტალებს, რომლებიც თურქეთზე დამიზნებული რუსული "ისკანდერების" შესაძლო ნეიტრალიზაციას ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე.

"ცივი ომი" სხვა არაფერია, თუ არა ერთმანეთზე დამიზნებული რაკეტები და ბომბები და ძალზე ცუდია, რომ საქართველოს ტერიტორია კვლავ ხდება როგორც რუსეთის, ისე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სარაკეტო და საჰაერო დარტყმების სამიზნე.

"მტკიცე მხარდაჭერა" ავღანეთში

ISAF-ის მისიის დასრულების მიუხედავად, ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველომ 900-მდე სამხედრო მოსამსახურე დატოვა. ისინი ამერიკელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად ქაბულში, მაზარი-შარიფსა და ბაგრამში იმყოფებიან. დღევანდელი ხელისუფლება, ისევე როგორც მისი წინამორბედი, თვლის, რომ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნით ვაახლოებთ საქართველოს გაწევრებას NATO-ში, თუმცა უკვე მეექვსე წელი შესრულდა ავღანურ მისიებში ქართული არმიის მონაწილეობისა და პროგრესი ამ მიმართულებით (რეალური და არა სიტყვიერი) ნაკლებად იგრძნობა.

2015 წელს გაეროში სტუმრობისას მიღწეული იქნა პრინციპული შეთანხმება, რომ ქართველმა სამხედროებმა გაეროს უშიშროების საბჭოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც შეიძლება მიიღონ მონაწილეობა. მანამდე კი ავღანეთში მოსალოდნელია როგორც "ალ-ქაიდას", ისე "ისლამური სახელმწიფოს" საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება, რაც გაზრდის საფრთხეს ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო კოალიციური ძალებისთვის, მათ შორის - ქართული კონტინგენტისთვისაც.

მე-17 და თანაც ქალი თავდაცვის მინისტრი

"ბატონო კი არა, ქალბატონო თავდაცვის მინისტრო! ასე მომმართეთ", - ასე აკვალიანებდა პატაკის ჩამბარებელ დაბნეულ ოფიცრებს ახალდანიშნული თინა ხიდაშელი სამხედრო ნაწილებში სტუმრობისას. ჯარის დაბნევის მიზეზი კი ადვილად გასაგები იყო - საქართველოს მე-17 თავდაცვის მინისტრად 2015 წლის მაისში პირველად ისტორიაში ქალი პოლიტიკოსი დაინიშნა. მაშინვე ბევრმა ეჭვი გამოთქვა, რომ ქალისთვის თავდაცვის მინისტრის პორტფელის ჩაბარება არ იყო გამართლებული, მაგრამ რვა თვის თავზე შეიძლება ითქვას, რომ ქალმა თავდაცვის მინისტრმა თავისი ნიშა მონახა, რაც საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში გამოიხატა (რასაც მისი წინამორბედი ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა). ამის გამო მას სამინისტროში ზურგს უკან "სამგზავრო თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრადაც" მოიხსენიებენ, ხშირი საზღვარგარეთული ოფიციალური ვიზიტების გამო. საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობა, რა თქმა უნდა, აუცილებელია პოლიტიკოსი თავდაცვის მინისტრისთვის (რომელიც, მით უმეტეს, თავისი პოლიტიკური კარიერის შეჩერებას ამ პოსტზე არ აპირებს), მაგრამ ხანდახან ის გადაუდებელი საშინაო საქმეებიც ფერხდება, რომლებიც მინისტრის ხელმოწერის გარეშე წინ ვერ წაიწევს.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რამდენიმე ძალზე გაბედული კრიტიკული განცხადება გააკეთა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების გასაგონად საქართველოს NATO-ში გაწევრების თაობაზე. ხიდაშელი პირველი მინისტრია, რომელმაც გაბედა და საჯაროდ განაცხადა: თუკი საქართველოს მოსახლეობამ ვერ დაინახა ალიანსის კონკრეტული ნაბიჯები და ისევ მითური "NATO-ს კარი ღიაა საქართველოსთვის" დაპირებები მოისმინა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის მომხრეთა რიცხვი საქართველოში დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება.

2016 წელს ვარშავაში NATO-ს მორიგ სამიტზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი ჩვენთვის MAP-ის (ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა) მონიჭებას ელოდება, მაგრამ ეს სათუოა, რადგან ალიანსში კიდევ უფრო აშინებთ "რუსული დათვის" აჩრდილი და მოსალოდნელია, ვერც ამჯერად მივიღოთ ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა, რაც კიდევ უფრო რეალურს გახდის ჩვენი თავდაცვის მინისტრის წინასწარმეტყველებას.

ომი სირიაში და "ისლამური სახელმწიფოს" ფენომენი

სირიაში ოთხი წლის წინ დაწყებულმა სამოქალაქო ომმა აპოგეას 2015 წელს მიაღწია, როდესაც მასში რამდენიმე ათეული ქვეყანა ჩაერთო.

მათ შორის გამორჩეული მაინც რუსეთია, რომელიც თითქმის ძალით შეიჭრა საბრძოლო მოქმედებების თეატრში და პირველ რიგში აშშ-ს აჩვენა, რომ რუსული არმია ისევ ანგარიშგასაწევი ძალაა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

სირიაში თავისი ინიციატივით საჰაერო ოპერაციების დაწყებით პრეზიდენტმა პუტინმა აიძულა დასავლეთი, რუსეთთან გაეგრძელებინა თანამშრომლობა, რომელიც ყირიმის ოკუპაციისა და სანქციების დაწესების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირებული იყო. საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა "ისლამურმა სახელმწიფომ" თავისი დანაშაულებრივი ქმედებებით ჯერ ერაყში, შემდეგ კი სირიაში თავის წინააღმდეგ განაწყო ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეებიც კი, მაგალითად, თურქები და ქურთები, რომელთა შორის სისხლისმღვრელი შეტაკებები ახალი წლის წინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ სირიაში მიმდინარე ომისგან საქართველოს რამდენიმე ასეული კილომეტრი აშორებს, შეიძლება ამ ომმა გავლენა მაინც მოახდინოს ჩვენს ქვეყანაზე. ჯერ ერთი, "ისლამური სახელმწიფო" აქვეყნებს რუკას იმ ტერიტორიებისა, რომლების დაპყრობასაც უახლოეს ხუთ წელიწადში აპირებს და იქ საქართველოცაა დატანილი. მეორე - თუკი რუსეთმა სირიაში საჰაეროს შემდეგ სახმელეთო ოპერაციებიც დაიწყო, დიდი ალბათობით მოსალოდნელია, მოსკოვმა ახალი სატრანზიტო დერეფნების მოძიება დაიწყოს რუსეთიდან სირიისკენ ცოცხალი ძალის, საბრძოლო ტექნიკისა და საჭურვლის გადასაზიდად, უმოკლესი გზა კი საქართველოზე, სომხეთზე, ირანსა და ერაყზე გადის.

ტერორიზმის აღზევება მთელ მსოფლიოში

2015 წელი პარიზში ტერაქტებით დაიწყო და ტერაქტებითვე მთავრდება იმავე პარიზში. მათ შორის კი იყო ათობით სხვა ტერაქტი, ნაკლებად რეზონანსული და ისეთიც, რომელმაც მსოფლიო შეძრა.

მსოფლიოში ტერორიზმის აღზევება იმაზე მეტყველებს, რომ დღეს თავს აბსოლუტურად დაცულად ვერც ერთი ადამიანი ვერ იგრძნობს, რადგან ტერორისტულ ომს ფრონტის ხაზი არა აქვს და თავდასხმა ნებისმიერ დროს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს.

ამ მხრივ სრულად დაცულად მოქალაქეები ვერც საქართველოში იქნებიან, რადგან საერთაშორისო კოალიციებში (ერაყში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ავღანეთში) აქტიური მონაწილეობისა და NATO-სკენ სწრაფვის გამო საქართველო იმავე "ისლამური სახელმწიფოსთვის" მტრად აღიქმება.

საერთაშორისო ტერორიზმი ახალ "ცივ ომთან" ერთად ის ძირითადი საფრთხეებია, რომლებიც გასულ 2015 წელს გამოიკვეთა და რომლებიც მომავალ 2016 წელს კიდევ უფრო გაღრმავდება, რასაც მთელი მსოფლიო იგრძნობს, მათ შორის - საქართველოშიც.