ახალ წელს ახალი საჰაერო თავდაცვით - რა შევიძინეთ ფრანგული სესხით? - კვირის პალიტრა

ახალ წელს ახალი საჰაერო თავდაცვით - რა შევიძინეთ ფრანგული სესხით?

ფრანგული სესხით ფრანგული რადიოლოკატორები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები შევიძინეთ

საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ფრანგული საბრძოლო ტექნიკა მართალია გააძლიერებს ქართული ცის დაცვას, მაგრამ ეს არასაკმარისი იქნება...

საფრანგეთში საქართველოს საჰაერო თავდაცვისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენის შესახებ მთელი წლის განმავლობაში არაერთი ჭორ-მართალი გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პირველ ხელშეკრულებას შარშან, 15 ივნისს, მოაწერა ხელი კომპანია Thales Raytheon Systems (TRS)-თან, რომელიც მობილურ რადიოლოკატორებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო და საკონტროლო სისტემებს აწარმოებს.

მეორე კონტრაქტი კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ევროპულ კომპანია MBDA-სთან 10 ივლისს პარიზში გააფორმა.

GM400

წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა მოასწრო ორი საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება, რომლებიც 2016 წლიდან ქართული არმიისთვის ფრანგული წარმოების თანამედროვე საჰაერო თავდაცვის საშუალებების მოწოდებას ითვალისწინებს.

სესხის საერთო რაოდენობა 82,8 მლნ ევროა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მის აღებას ფრანგულ ბანკ Socie te Generale-სთან ხელი 2015 წლის 8 დეკემბერს მოაწერა.

5-წლიანი სესხი მხარდაჭერილია კრედიტების დაზღვევის ფრანგული სააგენტო Coface-ის მიერ და ის რამდენიმე ნაწილად იყოფა, ხოლო საპროცენტო განაკვეთები 1.27%-დან 2.1%-მდე მერყეობს.

სესხის მთლიანი თანხიდან 52.65 მილიონი ევრო მოხმარდება აღჭურვილობის და მომსახურების შეძენას Thales Raytheon Systems–ისგან, რომელიც რადარებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო სისტემებს აწარმოებს.

24.98 მილიონი ევრო მოხმარდება კომპანია MBDA-დან შესყიდვების დაფინანსებას. დარჩენილი 5.19 მილიონი ევრო კი მოხმარდება სესხთან დაკავშირებული რისკების შემსუბუქებას და სხვა ხარჯებს, მათ შორის - Coface-ისთვის სესხის სადაზღვევო პრემიას.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი გახდა, რა სახსრებით, უფრო სწორად - რომელი სესხით ყიდულობს საქართველო ფრანგულ საჰაერო თავდაცვის კომპონენტებს, ოფიციალურად კვლავ გაურკვეველი რჩება შესასყიდი ტექნიკის კონკრეტული ტიპი და ამ საკითხზე მარჩიელობა გრძელდება.

თუმცა, ჯერ კიდევ გასული წლის 17 ივლისს, ანუ პარიზში ხელმოწერიდან ერთ კვირაში, ცნობილ ფრანგულ გაზეთ La Tribune-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მითითებული იყო, რომ ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა ორი მობილური რადიოლოკატორის (GM200 Dდა GM400) და VL MICA-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ერთი ბატარეის შეძენას. სტატიაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ქართველებს შედარებით მოძველებულ Crotale-ს ტიპის საზენიტო სისტემასაც სთავაზობდნენ, მაგრამ "მიკამ" გაიმარჯვა.

თუკი ფრანგ კოლეგებს დავუჯერებთ, გამოდის, რომ წელს ქართულ ცას ზემოთ ხსენებული ფრანგული ტექნიკაც დაიცავს.

რას წარმოადგენს ისინი და რა შეუძლიათ?

კორპორაცია Thales Raytheon Systems-ის წარმოებული სამკოორდინატიანი მობილური რადიოლოკაციური სადგური GM200 არის ტაქტიკური რადარი, რომელიც მიმოხილვის რეჟიმში 250 კმ-ის რადიუსში საჰაერო სამიზნეებს აღმოაჩენს (ამ დროს რადარის ანტენა წუთში 20 ბრუნს ასრულებს), ხოლო 100 კმ-ის რადიუსში საზენიტო რაკეტების მიზანმართვა შეუძლია (ამ შემთხვევაში რადარის ანტენის ბრუნვის სიჩქარე წუთში 40-მდე იზრდება).

რაც შეეხება GM400-ს, მისი ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები ორჯერ გაზრდილია, კერძოდ, გამანადგურებელს მაქსიმალურ 450 კმ მანძილზე აღმოაჩენს, ხოლო ფრთოსან რაკეტას - 250 კმ-ში.

GM200

ორივე რადიოლოკატორს შეუძლია არა მარტო საქართველოს საჰაერო სივრცის გაკონტროლება, არამედ მეზობელი ქვეყნების ცაში "შეჭვრეტაც", რასაც ისინი სისტემატურად აკეთებენ ჩვენთან მიმართებაში. თუმცა, თითო-თითო ასეთი რადიოლოკატორი საკმარისი არ არის, რომ საქართველოს ცაში შექმნას ისეთი რადიოლოკაციური ველი, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს ქვეყნის საჰაერო სივრცეს.

რადიოლოკაციური სადგურების მიერ აღმოჩენილი საჰაერო სივრცის დამრღვევ საფრენ აპარატზე ინფორმაცია ოპერატიულად უნდა მიეწოდოს მართვის ცენტრს, რომელიც მოქმედების ბრძანებას გასცემს საზენიტო-სარაკეტო სისტემის გათვლას, ამ შემთხვევაში - VL MICA-ს. იგი გათვალისწინებულია 10-20 კმ-ის რადიუსში (დამოკიდებულია საზენიტო რაკეტის ტიპზე) და 9 კმ სიმაღლემდე არა მარტო შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების, არამედ ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდებისთვის. მისი საზენიტო რაკეტა შექმნილია "ჰაერი-ჰაერი" კლასის MICA-ს ტიპის მართვად რაკეტაზე, რომლითაც შეიარაღებულია ფრანგული გამანადგურებლები - "მირაჟები" და "რაფალები". საზენიტო რაკეტა შეიძლება აღჭურვილი იყოს როგორც აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემით, ისე სითბური დამიზნების მოწყობილობით, რაც ორივე შემთხვევაში მას "გაისროლე-დაივიწყე" პრინციპით მოქმედების საშუალებას აძლევს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასირებული საჰაერო შემოტევების ეფექტურად მოგერიებისთვის.

"მიკას" შექმნისას კონსტრუქტორებმა გაითვალისწინეს ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსი - საზენიტო რაკეტების ვერტიკალური სტარტის დროს რაკეტის საქშენიდან დიდი სიჩქარით გამოსული აირის ნაკადი ისე იფანტება, რომ გამშვები სარაკეტო დანადგარის დემასკირება ნაკლებად ხდება, რასაც ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საბრძოლო მოქმედებების დროს. ეს ქართველ მეზენიტეებს აგვისტოს ომმაც კარგად დაანახა.

"მიკას" თითოეულ დანადგარზე ოთხი საზენიტო რაკეტაა დამონტაჟებული, ხოლო ერთ ბატარეაში ოთხი გასაშვები დანადგარი შედის, ანუ თითქმის ერთდროულად 16 საზენიტო რაკეტის გაშვება იქნება შესაძლებელი, რაც საკმარისია, თუკი "მიკას" ბატარეა კონკრეტულ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს იცავს, მაგრამ ცოტაა ქვეყნის საჰაერო სივრცის დიდი მონაკვეთის სრულად გასაკონტროლებლად.

მთავრობაში, ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროში, აცხადებენ, რომ ეს პირველი ნაბიჯებია და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად სხვა საჭირო საბრძოლო ტექნიკასა და აღჭურვილობასაც შეისყიდიან.