რუსეთი "ბოინგის" ჩამოგდებაში "ქართულ კვალს" ხედავს - კვირის პალიტრა

რუსეთი "ბოინგის" ჩამოგდებაში "ქართულ კვალს" ხედავს

თურმე უკრაინელებისთვის "პითონებით" "ბოინგების" ჩამოგდება გვისწავლებია...

ისრაელის წარმოების "ჰაერი-ჰაერი" კლასის "პითონის" ტიპის მართვადი რაკეტა Su-25KM Scorpion-ის შეიარაღებაში არასოდეს ყოფილა და გამორიცხულია, ამ რაკეტით უკრაინელ პილოტს Cy-25-დან მალაიზიური "ბოინგი" ჩამოეგდო

"უკრაინის ცაში მალაიზიური "ბოინგი" 2014 წლის 17 ივლისს უკრაინულმა Cy-25 -მა იმ "პითონის" რაკეტით ჩამოაგდო, რომელიც საქართველომ ამ მოიერიშე თვითმფრინავის მოდერნიზაციის შემდეგ დააყენა!" - ეს ახალი სენსაციური ბრალდება გაისმა ინკოგნიტო რუსი საავიაციო სპეციალისტების დასკვნაში, რომელიც რუსულ მასმედიაში გავრცელდა.

წინასწარი გამოძიების შედეგად თითქმის მთელ მსოფლიოში ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ მალაიზიური "ბოინგი" რუსულმა საზენიტო-სარაკეტო "ბუკმა" ჩამოაგდო. მხოლოდ რუსეთში ცდილობენ ჯიუტად, ამაში დაადანაშაულონ უკრაინული Cy-25-ის პილოტი, რომელმაც ვითომ "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტით ჩამოაგდო 10 კმ-ზე მაღლა მფრენი სამგზავრო ლაინერი. ავიწყდებათ, რომ ჰერმეტული კაბინის არმქონე Cy-25 ამას ტექნიკურად ვერ შეძლებდა, რადგან 7 კმ-ზე მაღლა ვერ ადის. მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება მაინც ავითარებს "უკრაინული მოიერიშის" ვერსიას. ამას დაემატა ახალი ბრალდება, რომელშიც უკვე საქართველოც არის ნახსენები.

ინკოგნიტო რუსი საავიაციო სპეციალისტების ერთმა ჯგუფმა რუსულ მედიაში გაავრცელა მალაიზიური "ბოინგის" ავიაკატასტროფის გამომწვევი შესაძლო მიზეზების საკმაოდ ვრცელი ანალიზი და დაასკვნა, რომ "ბოინგის" ჩამოგდებისას უკრაინული Cy-25-ის პილოტმა გამოიყენა ისრაელის წარმოების "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტა "პითონი". ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველომ 21-ე საუკუნის დასაწყისში განახორციელა Cy-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მოდერნიზაცია და მას "პითონის" რაკეტების გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. რუსმა სპეციალისტებმა ვერ გაბედეს, აშკარად დაედანაშაულებინათ ქართული მხარე, თუმცა, არცთუ ორაზროვნად მიუთითეს, რომ ქართველებს შეეძლოთ, უკრაინელებისთვის გაემხილათ Cy-25-ის "პითონებით" აღჭურვის ტექნოლოგია.

2001 წელს "თბილავიამშენმა" ისრაელის ფირმა "ელბიტთან" ერთად საფრანგეთში, ლე ბურჟეს 44-ე ავიაკოსმოსურ გამოფენაზე მართლაც წარადგინა მოდერნიზებული Su-25KM Scorpion-ი, რომელსაც საბჭოთა შეიარაღების გარდა NATO-ს სტანდარტის რაკეტებისა და მართვადი ბომბების გამოყენებაც შეეძლო.

ამ სტატიის ავტორი ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იყო და გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა "თბილავიამშენის" სპეციალისტებს საჩვენებელი ფრენებისთვის "სკორპიონის" მომზადებაში. მოგვიანებით ვესწრებოდი "სკორპიონიდან" შეიარაღების გამოყენების საცდელ ფრენებს ალგეთის პოლიგონზე და როგორც თვითმხილველმა და მონაწილემ შემიძლია ვთქვა: "სკორპიონზე" ისრაელის წარმოების "პითონის" რაკეტების დაყენება და მით უმეტეს - გასროლა არ მომხდარა! ასე რომ, მოდერნიზებული Cy-25-ის "პითონებით" შეიარაღება არის ინკოგნიტო რუსი საავიაციო სპეციალისტების ფანტაზიის ნაყოფი და ალბათ, მცდელობა, მიიჩქმალოს მალაიზიური "ბოინგის" რეალური ჩამომგდებისა და 298 უდანაშაულო ადამიანის მკვლელის ვინაობა და მათი ქვეყნის სახელი.

ინკოგნიტო რუს სპეციალისტებს შეეძლოთ, ჩვენთვის ისიც დაებრალებინათ, რომ ისრაელში ნაყიდი და აგვისტოს ომში გამოყენებული საზენიტო-სარაკეტო "სპაიდერები" გადავეცით უკრაინელებს, რომლებიც საზენიტო რაკეტად სწორედ გადაკეთებულ "პითონებს" იყენებენ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მათ ტყუილს მოკლე ფეხი ექნებოდა, რადგან მიწიდან გაშვებული საზენიტო "პითონი" მხოლოდ 9 კმ სიმაღლეზე ადის და 10 კმ-ზე მაღლა მფრენ მალაიზიურ "ბოინგს" ვერ მისწვდებოდა.

P.S. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სენაკის სამხედრო ბაზიდან რუსმა სამხედროებმა "ბუკის" რამდენიმე დანადგარი და საზენიტო რაკეტები წაიღეს, ამიტომაც ჩვენც შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი: სწორედ ნაალაფარი საზენიტო რაკეტით ხომ არ ჩამოაგდეს რუსმა სამხედროებმა მალაიზიური "ბოინგი" დონბასში? მით უმეტეს, რომ სწორედ აგვისტოს ომის დროს რუსეთის არმიის 45-ე ცალკეული სადაზვერვო პოლკის მიერ ნაალაფარი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "გრომი" (ისინი საქართველომ ომამდე შეიძინა პოლონეთში) 2014 წლის ზაფხულში უკრაინაში, პრორუსი სეპარატისტების შეიარაღებაში აღმოჩნდა...