"აბრამსებს" ჩამოგვიტანენ, მაგრამ დაგვიტოვებენ? - კვირის პალიტრა

"აბრამსებს" ჩამოგვიტანენ, მაგრამ დაგვიტოვებენ?

მაისში ქართულ-ამერიკულ სწავლებაზე ვაზიანში "ბრედლების" შემდეგ, "აბრამსებიც" გამოჩნდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ გაზაფხულზე ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული მხარე "აბრამსის" ტიპის ტანკებსაც ჩამოიტანს. ამის შემდეგ ქართულ სოციალურ ქსელებში დაიწყო გაცხარებული დისკუსია, რომ თურმე პენტაგონს არა მარტო ვაზიანში სწავლებისთვის ჩამოაქვს "აბრამსები", არამედ ქართული არმიისთვის მათ დატოვებასაც აპირებს. შესაძლოა, ვინმეს სასურველის სინამდვილედ გასაღება სურდა და ამიტომაც გაავრცელა ასეთი ინფორმაცია, თორემ არსად ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, რომ ამერიკელები "აბრამსების" დატოვებას აპირებენ.

გასულ წელს ანალოგიურ ერთობლივ სწავლებაზე პენტაგონმა 14 ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი" გამოგზავნა, რომლებიც სწავლების შემდეგ უკან წაიღო, თუმცა, ქართულმა მხარემ 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ გამოფენაზე ერთი "ბრედლის" გამოტანა მაინც მოასწრო.

წელს, მაისშიც, ალბათ, იგივე გამეორდება - "აბრამსები" ვაზიანის პოლიგონზე თავიანთ აირტურბინიან ძრავებში ქართულ ჟანგბადს დაწვავენ და "ბრედლებივით" "გაგვიფრინდებიან".

და მაინც, ცოტათი გზა გავუხსნათ ჩვენს ფანტაზიას და წარმოვიდგინოთ, რომ "აბრამსები" მართლაც გადასცეს ქართველ ტანკისტებს. საკითხავია, გააძლიერებს კი ეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს?

ეს რომ 1993 წელს, სოხუმის ომის დროს, ან სულაც 2008 წლის დასაწყისში ხდებოდეს, ჩვენს აღტაცებას საზღვარი არ ექნებოდა, მაგრამ თუნდაც აგვისტოს ომის მწარე გამოცდილებით უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ამერიკული "აბრამსების" ქართული არმიის შეიარაღებაში გამოჩენის პერსპექტივა არ შეიძლება, ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს. ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დავიწყოთ დადებითით.

"აბრამსების" ჩვენთვის გადმოცემას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება, რაც მთელ მსოფლიოს და უპირველესად - კრემლს დაანახებს, რომ თეთრი სახლი არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც ეხმარება საქართველოს და ჩვენს არმიას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოდიფიკაციის ტანკებს ჩუქნის.

საბრძოლო და ტაქტიკურ-ტექნიკური თვალსაზრისით, ქართულ არმიაში "აბრამსების" გამოჩენა მნიშვნელოვნად გაზრდის მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის უფრო შორ მანძილზე აღმოჩენის და უფრო ზუსტად დაზიანების შესაძლებლობას; ამასთან, ქართველ ტანკისტებს გაუადვილდებათ ერთობლივი სასწავლო და საბრძოლო ოპერაციების ჩატარება და მოწინააღმდეგის მიერ საბრძოლო მანქანის დაზიანების შემთხვევაში უფრო დაცული იქნება მათი სიცოცხლე, რადგან "აბრამსში" ტანკის 120 მმ-იანი ჭურვები კოშკურის უკან, სპეციალურ შეჯავშნულ ნაკვეთურში ინახება და მათი დეტონაციის შემთხვევაში ოთხკაციან ეკიპაჟს გადარჩენის მეტი შანსი აქვს, რადგან დეტონირებული ჭურვები ამ ნაკვეთურის ზედა სახურავს აგლეჯს და აფეთქების ტალღა და ნამსხვრევები ეკიპაჟს არ ემუქრება. საბჭოთა T-72-ში, ისევე, როგორც T-64-ში, T-80-სა თუ T-90-ში, ეკიპაჟი ფაქტობრივად, ჭურვებსა და ჰილზებზე ზის და მათი დეტონაციის შემდეგ აფეთქების ტალღა ტანკის ათტონიან ჯავშანკოშკურას რამდენიმე ათეულ მეტრზე აგდებს, რაც ეკიპაჟს გადარჩენის შანსს არ უტოვებს. "აბრამსის" კორპუსისა და კოშკურის შეჯავშნაში გამოყენებულია გაღარიბებული ურანი, რომელიც ზრდის ტანკის ჯავშანმდგრადობას ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი და კუმულაციურქობინიანი ჭურვების მიმართ.

ახლა კი ორიოდე სიტყვა ვთქვათ უარყოფით მხარეებზეც.

"აბრამსების" გადმოცემის შემთხვევაში რუსეთი საინფორმაციო შემოტევის ახალ ტალღას ააგორებს საქართველოს წინააღმდეგ და გააძლიერებს თავის საოკუპაციო ძალებს.

ამას, სამწუხაროდ, თითქოს შევეგუეთ კიდეც, მაგრამ "აბრამსების" გამოჩენა ქართულ არმიას რამდენიმე ტაქტიკური და ტექნიკური პრობლემის წინაშეც დააყენებს. ერთ-ერთი პირველი იქნება მეორეხარისხოვან გზებსა თუ მოძველებულ ხიდებზე 62-ტონიანი "აბრამსების" უსაფრთხო გადასვლა, რადგან ამ ხიდების დიდი ნაწილი ნაკლებ მასაზეა გათვლილი. ასევე გაჭირდება მძიმე "აბრამსების" გადაყვანა ქართული არმიის განკარგულებაში არსებული "მაზის" უნაგირიანი გამწევებით, რომლებიც, ძირითადად, 41 ტ-იანი T-72-ების ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი. საჭირო გახდება ახალი უნაგირიანი გამწევების შეძენა. "აბრამსების" ტექნიკური და საბრძოლო უზრუნველყოფისთვის აუცილებელი იქნება ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რაც დიდ ხარჯს მოითხოვს. ამ ამერიკულ ტანკს, ისევე, როგორც რუსულ T-80-ს, დიზელის ნაცვლად აირტურბინიანი ძრავა აქვს და შემთხვევითი არ იყო, რომ საბჭოთა გენერალიტეტმა T-80 სამხრეთ კავკასიაში არ გააჭაჭანა - ტანკის აირტურბინიან ძრავას მაღალმთიან რეგიონში ჟანგბადის ნაკლებობის გამო უჭირს მთელი სიმძლავრით მუშაობა, მით უმეტეს - დიდი სიცხის დროს. გარდა ამისა, ტანკის აირტურბინიანი ძრავის ჰაერის ფილტრებს მუდმივად სჭირდება რეცხვა და წმენდა, მით უფრო - ტანკების კოლონაში სიარულის შემდეგ, რაც ახალ პრობლემებს ქმნის "აბრამსების" საბრძოლო გამოყენების დროს.

ქართული რეალობის გათვალისწინებით უნდა გამოვყოთ კიდევ ერთი პრობლემა - სუსტი საჰაერო თავდაცვის პირობებში "აბრამსები" უფრო ადვილი სამიზნე ხდება მოწინააღმდეგის დამრტყმელი შვეულმფრენებისა და მოიერიშე თვითმფრინავებისთვის, რადგან ისინი თუნდაც T-72-ებს გაბარიტებით მნიშვნელოვნად აღემატება და ჰაერიდან მათი აღმოჩენა ადვილია. უარყოფით მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ "აბრამსის" აირტურბინიანი ძრავის "ღორმუცელობაც". ის უფრო მეტ საავიაციო ნავთს წვავს, ვიდრე დიზელის საწვავზე მომუშავე T-72.

შეგვეძლო, ამერიკული "აბრამსების" დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა გაგვეგრძელებინა, მაგრამ ჯერჯერობით ქართული არმიისთვის მათი გადმოცემის შესახებ კონკრეტული და დადასტურებული ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საქართველოში სწავლებისთვის "აბრამსების", ისევე, როგორც "ბრედლების" ჩამოტანა და უკან გატანა ძირითადად, ემსახურება საჭიროების შემთხვევაში აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ მძიმე საბრძოლო ტექნიკის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ოპერატიულად გადმოსროლის მეთოდების დახვეწას, ოღონდ რამდენად სწრაფად შეძლებს (ან საერთოდ შეძლებს კი) ამას პენტაგონი რუსეთის მიერ საქართველოს საზღვაო და საჰაერო ბლოკადის დაწყების შემთხვევაში, ძნელი სათქმელია.

თუმცა, რუსეთ-თურქეთის დღევანდელი დაპირისპირების პირობებში, რაც აგვისტოს ომის დროს არ არსებობდა, შესაძლებელია, "აბრამსებით" დატვირთულ ამერიკულ ავტოკოლონებს ანკარამ მართლაც გაუხსნას სახმელეთო გზა საქართველოსკენ. ისე კი, ყველაფერს აჯობებდა როგორც "აბრამსების", ისე "ბრედლებისა" თუ "ჯაველინებისა" და "სტინგერების" წინასწარ დასაწყობება ქართულ მიწაზე, თუნდაც, ერთობლივი სასწავლო ცენტრის ბაზაზე, რომელიც წესით, წელს უნდა ამოქმედდეს...

P.S. "კვირის პალიტრას" გასული წლის შემოდგომიდან ჰქონდა ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ ქართული არმიისთვის რამდენიმე ათეული მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საბრძოლო ტექნიკის (არა "აბრამსების") შესაძლო გადმოცემის შესახებ, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო არც მათ რაოდენობას და არც ტიპს ჯერჯერობით არ ვამხელთ.

ამერიკული ტანკი თბილისთან

ამერიკულ საბრძოლო ჯავშანტექნიკას ქართულ მიწაზე არაერთი ასეული კილომეტრი გაუვლია და ათასობით ჭურვიც გაუსვრია მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც "ლენდ-ლიზით" ამერიკიდან ირანის გავლით საბჭოთა კავშირში გადმოჰყავდათ. ბოლო ამერიკული ტანკი "შერმანი" კრწანისის სასწავლო ცენტრის შესასვლელში საბჭოთა თ-34-თან ერთად იდგა მანამდე, სანამ იმდროინდელმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჯართად არ ჩააბარა...