როგორ გაუძლებს შეიარაღების საერთაშორისო ბაზარის ჯუნგლის კანონს ქართული ჯავშანსასწრაფო?!
01-02-2016
როგორ გაუძლებს შეიარაღების საერთაშორისო ბაზარის ჯუნგლის კანონს ქართული ჯავშანსასწრაფო?!
საუდის არაბეთში საქართველოში აწყობილი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების გაყიდვა "დელტასაც" და მთელ საქართველოსაც ძალიან საინტერესო ეკონომიკურ და პოლიტიკურ პერსპექტივებს უჩენს...

30 იანვარს, დილაუთენია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთმანეთის მიყოლებით ორი უზარმაზარი სატრანსპორტო "ბოინგ-747" აფრინდა, რომლებმაც გეზი საუდის არაბეთისკენ აიღეს. მათ ბორტზე იყო ექვს-ექვსი 8-ტონიანი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა (თავდაპირველად დაგეგმილი იყო მათი ერთი მძიმე "რუსლანით" გადაზიდვა, მაგრამ არაბებმა გეგმა შეცვალეს).

ეს დღე შეიძლება მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღადაც მივიჩნიოთ, რადგან დამოუკიდებელმა საქართველომ დაიწყო ადგილზე სერიულად აწყობილი ჯავშანმანქანების
გაყიდვა, რითაც ის შეიარაღების ექსპორტიორი ქვეყნების არცთუ ისე დიდ კოჰორტაში შევიდა.

დღეს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, "დელტამ" საუდის არაბეთს 90 თუ 100 მლნ-ის 120 თუ მეტი ჯავშანსასწრაფო მიჰყიდა, რადგან ეს ციფრები უახლოეს მომავალში ისევ შეიცვლება (იმედია, გაიზრდება და არ შემცირდება), თუმცა, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება
საუდის არაბეთში ან სულაც, იემენში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონაში მათ წარმატებულ ექსპლუატაციაზე.

არადა, იემენში, სადაც საუდის არაბეთის არმია უკვე აშკარად იბრძვის, მათი დანაკარგი (როგორც ჯავშანტექნიკის, ისე - პირადი შემადგენლობის) არცთუ ისე მცირეა. ხშირად ჰუსიტები ჩასაფრებებს უწყობენ არაბთა ჯავშანკოლონებს, ამიტომაც მათი გენერლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაჭრილების დროულ და უსაფრთხო ევაკუაციას.

"დელტას" სამედიცინო-საევაკუაციო მანქანის ჯავშანი უძლებს საბჭოთა ПКМ ტიპის ტყვიამფრქვევიდან ან სნაიპერული СВД შაშხანიდან 15 მ-ზე ნასროლ ჯავშანგამტან Б-32 ტიპის ტყვიას (ამ სტატიის ავტორს 20 მ-იდან აქვს ნასროლი СВД -დან ამ ჯავშანფილისთვის რამდენიმე ჯავშანგამტანი ტყვია, რომლებმაც ის ვერ გახვრიტა). ეს სწორედ ის იარაღია, რომელსაც დღეს ყველაზე ხშირად იყენებენ არაბულ ომებში, მათ შორის - ჰუსიტებიც იემენში.

წესით, "დელტას" სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებით საუდის არაბეთი უკმაყოფილო არ უნდა დარჩეს, რადგან მათ ეს მანქანა უდაბნოში უკვე გამოსცადეს და ყველა წვრილმან ტექნიკურ დეტალსაც კი თვითონ ამატებინებდნენ "დელტას" ინჟინრებს. თუ ექსპლუატაციის დროს კონსტრუქციული პრობლემები გამოვლინდა, პასუხისმგებლობა მათაც დაეკისრება. მაგალითად, არაბი სამხედროების კატეგორიული მოთხოვნით, "დელტას" კონსტრუქტორებმა ჯავშანმანქანის კორპუსში დაამატეს ექვსი პატარა ფანჯარა ჯავშანშუშებით. ძნელი სათქმელია, რაში სჭირდება საკაცეზე მწოლიარე დაჭრილს მზის სინათლის ან ღამის განათების დანახვა, როცა სალონში სინათლის პლაფონების რაოდენობა საკმარისია. ჯავშანკორპუსში ამოჭრილ სარკმლებს მანქანის ჯავშანმდგრადობა ნამდვილად არ გაუზრდია.

ასევე მათი მოთხოვნა იყო, ჯავშანმანქანას ოთხი დაჭრილის და მათთან მყოფი სანიტრის გადაყვანა შესძლებოდა, რამაც გაზარდა მისი გაბარიტები და მასა, არადა, სხვა ქვეყნებში ანალოგიური დანიშნულების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მხოლოდ ორი მწოლიარე დაჭრილი გადაჰყავთ. თუმცა, როგორც ამბობენ, ვინც ფულს იხდის, სიმღერასაც ის უკვეთავს.

დღეს უმთავრესია არა ეს ტექნიკური დეტალები, არამედ ის, რომ "დელტა" და შესაბამისად, საქართველოც შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე გავიდა, სადაც ჯუნგლის კანონი მოქმედებს და ერთმანეთის ჩასაძირად კონკურენტი ფირმები და ქვეყნები ყველაფერს კადრულობენ. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში საუდის არაბეთში გაყიდული ქართული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების განმაქიქებელი შეკვეთილი სტატიები და ტელესიუჟეტები გამოჩნდება. ახალ მოთამაშეს, მით უმეტეს - საქართველოს მასშტაბის ქვეყანას - არავინ ელოდება ისედაც გაძეძგილ შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე.
მთავარია, "დელტამ" ზუსტად შეასრულოს საუდის არაბეთთან დადებული კონტრაქტის პირობები, რაც ბევრ ახალ საინტერესო პერსპექტივას შესთავაზებს არა მარტო "დელტას" კოლექტივს, არამედ - საქართველოს ეკონომიკას.
gorels
01 მარტი 2016 10:48
გორელო რა მიამიტი ხარ ამ შეთქმულების თეორიებს რო უშვებ.
სირცხვილი და ძალიან გულსატკენია როცა შენივე თანამემამულეებს, ვინც ამხელა შრომა ჩადო ამის მუშაობაში ასე უაზრო კომენტარებს აკეთებ.
მე პირადად ვმონაწილეობდი ამის აწყობაში და რასაც შენ ავრცელებ არის უპასუხისმგებლო და ბინძური ტყუილი. გრცხვენოდეს.
tornike
06 თებერვალი 2016 11:13
GOJO 18
ადამიანო, სტატიის წაუკითხავად ასეთ უაზრო რამეს რატო ამბობ?
"სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა "დელტა"
აბა თუ მიხვდები რას ნიშნავს?
goreli
06 თებერვალი 2016 03:05
ამერიკელების დაპროექტებულია და მასალაც სუფთა ამერიკულია შემოტანილი, ააწყვეს საქართველოსი, ამით ამერიკამ ფულის სოვნის საქმე მისცა, სულ ჩვენს კისერზე ხო არ იქნბითო და ეს არის ჩემო ბატონო სიმარტლე

რედაქტორის რჩევით