შავ ზღვაში NATO-ს საქართველოს დახმარების იმედი ექნება?! - კვირის პალიტრა

შავ ზღვაში NATO-ს საქართველოს დახმარების იმედი ექნება?!

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავი ზღვის აკვატორიაში პოზიციების გაძლიერებას იწყებს და თავისი წევრი შავიზღვისპირა ქვეყნების გარდა, საქართველოსთან პარტნიორობის სურვილიც აქვს

ბათუმის პორტში 15 თებერვლამდე დრეიფობდა NATO-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ოთხი მცირეტონაჟიანი ხომალდი, რომლებმაც საქართველოს შსს-ს საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის კატარღებთან ერთად წვრთნები ჩაატარეს.

ასეთი ერთობლივი წვრთნები გასულ წლებშიც გამართულა და თითქოს ეს სიახლე არ უნდა იყოს, მაგრამ წლევანდელ წვრთნებს დაემთხვა NATO-ს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი, რომელზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება სამ - ბალტიის, ხმელთაშუა და შავ - ზღვაზე უსაფრთხოების ზომები გააძლიეროს.

NATO-ს ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულიც კია, რადგან სწორედ ზემოხსენებული სამი ზღვის აკვატორიაში ორი წელია, რუსეთი თავის საზღვაო ძალებს აძლიერებს.

ბალტიის ზღვაში - კალინინგრადის ოლქის, შავ ზღვაში - ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის, ხოლო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში - სირიის სახით რუსეთმა შექმნა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო პლაცდარმები, რომლებიც უპირველესად სწორედ NATO-ს სტრატეგიულ ინტერესებს ემუქრება.

ცხადია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შავი ზღვის აკვატორიაში მიმდინარე პროცესებია. მიუხედავად იმისა, რომ შავიზღვისპირა ექვსი ქვეყნიდან სამი - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, ხოლო ორი - უკრაინა და საქართველო - რუსეთთან, ფაქტობრივად, გაყინული ომის მდგომარეობაშია, დღეს შავ ზღვაში სიტუაციას მაინც რუსეთი აკონტროლებს.

"კვირის პალიტრაში" არაერთხელ ვწერდით, რომ რუსეთმა დაიწყო თავისი შავი ზღვის ფლოტის გადაიარაღება ახალი წყალქვეშა ნავებით და მცირე სარაკეტო ხომალდებით. რუსეთი დღეს, თავისი სანაპირო ზოლის გარდა, აკონტროლებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროებს, რაც შავი ზღვის აკვატორიის უდიდეს ნაწილზე სამხედრო ზემოქმედების შესაძლებლობას იძლევა.

ამის სურვილიც და განხორციელების შესაძლებლობაც კრემლმა მთელ მსოფლიოს დაანახა, როდესაც "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით კასპიის ზღვიდან, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეების გავლით, სირიაში ობიექტები დააზიანა. ანალოგიური ფრთოსანი რაკეტებით იქნება შეიარაღებული შავ ზღვაში წლის ბოლომდე შემოყვანილი ექვს-ექვსი წყალქვეშა ნავი და მცირე სარაკეტო ხომალდი, რომლებიც "კალიბრებით" ყირიმის სანაპიროდან ევროპის შუაგულსაც მისწვდებიან.

შავ ზღვაში NATO-ს წევრი ქვეყნებიდან რეალური საზღვაო ძალა მხოლოდ თურქეთს აქვს. თუმცა ახალი რუსული წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა ხომალდების შემოყვანის შემდეგ უპირატესობა მოსკოვის მხარეს გადავა. NATO-ს, რა თქმა უნდა, შეუძლია ამერიკული, ბრიტანული თუ ფრანგული კრეისერების გამოგზავნა, მაგრამ მონტრეს ხელშეკრულება შავ ზღვაში სხვა ქვეყნების სამხედრო ხომალდების 21 დღე-ღამეზე მეტხანს ყოფნას კრძალავს.

საინტერესო გამოსავალი იქნებოდა, NATO-ს სწრაფი ტემპით დაეწყო თავისი მოკავშირე შავიზღვისპირა ქვეყნების და მათ შორის - საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების აღორძინება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები დაშალა, ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად გაეანალიზებინა ქართული სამხედრო ფლოტის უმოქმედობა და დაესაჯა კონკრეტული თანამდებობის პირები.

NATO-ს ხელმძღვანელობამ იგრძნო ის საფრთხე, რაც რუსეთისგან მოდის, ამიტომ ეცდება, ის შეძლებისდაგვარად გაანეიტრალოს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ალბათ, ეცდება, უფრო ინტენსიურად გამოიყენოს საქართველოს ტერიტორიული წყლები, ასევე - ბათუმისა და ფოთის პორტების ინფრასტრუქტურა. არ არის გამორიცხული ქართულ სანაპიროზე NATO-ს მიერ საზღვაო და საჰაერო სივრცის კონტროლის თანამედროვე რადიოელექტრონული საშუალებების დამონტაჟებაც.

P.S. ხშირად გაოცებას იწვევს NATO-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები. 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ფუნქციონირებას გააგრძელებს NATO-რუსეთის საბჭო, რომელმაც მუშაობა რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის გამო შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ ამ საბჭომ მუშაობა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოც შეწყვიტა, მაგრამ ნახევარ წელში აღადგინა კრემლთან ურთიერთობა. როგორც ჩანს, დასავლელი პოლიტიკური ლიდერები თავიანთ შეცდომებზეც ვერ სწავლობენ...