ცოლ-ქმარი ფიცხელაურები კოსმოსში უნდა გაფრენილიყვნენ... - კვირის პალიტრა

ცოლ-ქმარი ფიცხელაურები კოსმოსში უნდა გაფრენილიყვნენ...

იური გაგარინისა და ვალენტინა ტერეშკოვას შემდეგ შეიძლებოდა დედამიწის ორბიტაზე ლადო ფიცხელაური და მისი მეუღლე აღმოჩენილიყვნენ

1961 წლიდან მოყოლებული, კოსმოსში რამდენიმე ათეული ქვეყნის 550-მდე კოსმონავტი, ასტრონავტი თუ ტაიკონავტი (საბჭოთა კავშირში კოსმონავტებს უწოდებდნენ, ამერიკაში - ასტრონავტებს, ჩინეთში კი - ტაიკონავტებს) გაფრინდა.

სახელმწიფოს პრესტიჟია, როცა მისი მოქალაქე კოსმოსში გაფრინდება და ეს სურვილი ყველა ერს აქვს, მათ შორის, იმედია, ქართველებსაც.

მართალია, დღეს თითქმის წარმოუდგენელი ჩანს სუვერენული საქართველოს მოქალაქის დედამიწის ორბიტაზე მოხვედრა, მაგრამ იყო დრო, როდესაც ქართველები მართლაც ემზადებოდნენ კოსმოსში გასაფრენად. ყველაზე ახლოს ამ მიზანთან ცოლ-ქმარი ფიცხელაურები აღმოჩნდნენ, რომელთა ისტორია ქართველი საზოგადოებისთვის თითქმის უცნობია.

1962 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალების 30 წლის კაპიტანი, ინჟინერი ლადო ფიცხელაური (მამამისი ვლადიმერ ფიცხელაური მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო მფრინავი იყო) კოსმონავტთა მეორე ჯგუფის არჩევაში მონაწილეობდა, თუმცა, არ გაუმართლა, დაიწუნეს. სამაგიეროდ, ლადოს სხვა მხრივ ეწია ბედი - ცოლად მოიყვანა 21 წლის ტატიანა კუზნეცოვა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ქალ-კოსმონავტთა ჯგუფში მოსახვედრად გამართულ შერჩევაში.

კუზნეცოვა-ფიცხელაურს მეუღლეზე მეტად გაუმართლა და ის ოთხ სხვა მანდილოსანთან ერთად პირველი ჯგუფისთვის შეარჩიეს. ქართველების რძალს, როგორც ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილ პარაშუტისტს, დიდი შანსი ჰქონდა, გამხდარიყო მსოფლიოში პირველი ქალი-კოსმონავტი, მაგრამ გენერალური კონსტრუქტორის, სერგეი კოროლიოვის, არჩევანი ამავე ჯგუფის სხვა წევრზე, ვალენტინა ტერეშკოვაზე შეჩერდა, კუზნეცოვა-ფიცხელაურს კი დუბლიორის სტატუსი ერგო - თუკი რაიმე მიზეზით ტერეშკოვა ვერ გაფრინდებოდა, მას ქართველების რძალი შეცვლიდა.

ვალენტინა ტერეშკოვა პირველი ქალი-კოსმონავტი გახდა, თუმცა, ფრენის დროს მას პრობლემები შეექმნა, რის გამოც კოროლიოვმა დაიფიცა, რომ სანამ ის იქნებოდა გენერალური კონსტრუქტორი, მის კოსმოსურ ხომალდში ქალის ფეხი არ იქნებოდა.

შეიძლება ესეც იყო იმის მიზეზი, რომ ტატიანა კუზნეცოვა-ფიცხელაური კოსმოსში ვერც 1965 და 1966 წლებში გაფრინდა, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ემზადებოდა დუბლიორთა ეკიპაჟებში მეორე კოსმონავტის ადგილზე, რომელსაც ღია კოსმოსში გასვლა ევალებოდა.

1969 წელს ქალ-კოსმონავტთა ჯგუფი დაშალეს. მართალია, 1978 წელს ტატიანა კუზნეცოვამ განაახლა კოსმოსური მზადება, მაგრამ შანსი უკვე ხელიდან იყო გაშვებული - 1982 წელს კოსმოსში მეორე საბჭოთა კოსმონავტი ქალი სვეტლანა სავიცკაია გაფრინდა, რომლის მამა ავიაციის მარშალი და ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი იყო.

რაც შეეხება ლადო ფიცხელაურს, მას მეორე შანსი კოსმოსში გასაფრენად 1965 წელს მიეცა, როდესაც სამანდატო კომისიამ მისი კანდიდატურა თავდაპირველად მოიწონა, მაგრამ საბოლოო სხდომაზე მაინც ამოშალა მომავალი კოსმონავტების სიიდან და რეზერვში დატოვა.

ასე დამთავრდა ცოლ-ქმარ ფიცხელაურების კოსმოსური ისტორია, თუმცა, სარაკეტო და კოსმოსური სივრცის ათვისებაში ქართველებს არცთუ მცირე წვლილი მიუძღვით.

რად ღირს მარტო ალექსანდრე ნადირაძის სახელი, რომლის მობილური ბირთვულქობინიანი სარაკეტო კომპლექსი "პიონერი" შიშის ზარს სცემდა მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ხოლო საკონტინენტთაშორისო "ტოპოლები" რუსეთს დღესაც ამერიკისკენ აქვს დამიზნებული. ნადირაძის განაიარაღებული "ტოპოლი", სახელწოდებით "სტარტი", მსოფლიოში პირველ მობილურ კოსმოდრომად იქცა, რომელმაც ორბიტაზე დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები გაიყვანა.

ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) სახელი კი, საბედნიეროდ, უკვე ბევრმა იცის, როგორც გამოჩენილი ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის, მაგრამ ცოტას თუ მოეხსენება, რომ იგი საჰაერო-კოსმოსური თვითმფრინავის შექმნაზეც მუშაობდა "შატლის" გაფრენამდე დიდი ხნით ადრე.

1977-1991 წლებში ყველაზე მნიშვნელოვან საბჭოთა კოსმოსურ ორგანიზაცია "ენერგიას" ასევე ჩვენი თანამემამულე ვახტანგ ვაჩნაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის მთვარის მეორე, უხილავი მხარის პირველი კოსმოსური ფოტოსურათების გადაღებაში, ასევე - ორბიტულ სადგურ "მირის", რაკეტა-მატარებელ "ენერგიას" და საბჭოთა "შატლის" - "ბურანის" შექმნაში. სხვათა შორის, სწორედ ვახტანგ ვაჩნაძე იყო ინიციატორი თბილისში, პიონერთა სასახლეში კოსმოსური ექსპონატების გამოგზავნის. 11 წლის წინ ამ სტატიის ავტორს ქ. კოროლიოვში, კოსმოსური ფრენების მართვის ცენტრში, დიდი სურვილი ჰქონდა ვახტანგ ვაჩნაძის პირადად გაცნობის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ავადმყოფობის გამო ეს შეხვედრა არ შედგა.

დაბოლოს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, არ გავიხსენოთ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, რომელიც 1999 წლის 23 ივლისს დედამიწის ორბიტაზე გავიდა და გაიშალა. პროფესორისა და გენერლის, ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი და "თბილავიამშენში" აწყობილი რეფლექტორი იმ დროს კოსმოსში ადამიანის ხელით შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობიექტი გახლდათ.

P.S. ბ-ნმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა "კვირის პალიტრასთან" საუბარში გაიხსენა, რომ 1987 წელს თბილისში სტუმრად იმყოფებოდნენ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ენერგიას" გენერალური დირექტორი ვახტანგ ვაჩნაძე და ცნობილი ინჟინერ-კოსმონავტი კონსტანტინე ფეოკტისტოვი, რომლებსაც შეხვედრისას საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა დაჟინებით სთხოვა კოსმოსში ქართველის გაშვება. გადაწყდა, რომ სახელმწიფო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროდან, რომლის გენერალური დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორი ელგუჯა მეძმარიაშვილი გახლდათ, აირჩევნენ რამდენიმე კანდიდატს, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლებოდა ორბიტულ სადგურ "მირზე" ბორტინჟინრის რანგში გაფრენილიყო. მართლაც შეირჩა ოთხი კანდიდატურა: რამაზ აბუაშვილი, ვასილ ურუშაძე, ალექსანდრე იაკობაშვილი და მერაბ ადეიშვილი, რომლებმაც სპეციალური მომზადება დაიწყეს. ყველაზე მეტი შანსი, გამხდარიყო პირველი ქართველი კოსმონავტი, მერაბ ადეიშვილს ჰქონდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო ომებში აღმოჩნდა ჩათრეული და კოსმოსისთვის აღარავის ეცალა...

P.P.S. ჯერჯერობით თავი იმით შეიძლება დავიმშვიდოთ, რომ საქართველოში, კერძოდ, ბათუმში, 1959 წელს დაბადებულმა (მან ბათუმის კოროლიოვის სახელობის მე-5 რუსული სკოლის ფიზიკა-მათემატიკის კლასი 1976 წელს დაამთავრა) კოსმონავტმა ფიოდორ იურჩინიხმა კოსმოსში ოთხჯერ იფრინა. მისი მშობლები პონტოელი ბერძნები იყვნენ. კოსმონავტი დღეს საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში ცხოვრობს.