ფრთხილად, სანქცია არ დაგვიწესონ! - იარაღით ვაჭრობასაც თავისი წესები აქვს - კვირის პალიტრა

ფრთხილად, სანქცია არ დაგვიწესონ! - იარაღით ვაჭრობასაც თავისი წესები აქვს

ვინ და როგორ არეგულირებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს საქართველოში

საქართველო წლების განმავლობაში დამოკიდებული იყო საზღვარგარეთიდან შეიარაღებისა და ტყვია-წამლის იმპორტზე. დღესაც ასეა, თუმცა, "დელტას" მიერ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების საუდის არაბეთში ექსპორტის დაწყების შემდეგ აქტუალური გახდა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების (პროდუქცია, რომლის გამოყენება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება) პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის პროცესის რეგულირება საერთაშორისო ნორმების მიხედვით.

იმპორტიორ ქვეყანას ვერ მიაწვდი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, თუკი მასზე რომელიმე საერთაშორისო სანქციაა დადებული, თორემ საჯარიმო სანქციები შენი ქვეყნის წინააღმდეგაც ამოქმედდება. ამის მაგალითი გვაქვს ჩვენს უახლეს ისტორიაშიც - ირანს ძალიან სურდა თბილისის საავიაციო ქარხანაში მოიერიშე თვითმფრინავების გარემონტება და ახლების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ კომერციული თვალსაზრისით ეს ძალზე მომგებიანი გარიგება იქნებოდა როგორც "თბილავიამშენის", ისე - საქართველოს ბიუჯეტისთვის, გარიგება ჩაიშალა, რადგან საქართველომ გაითვალისწინა ირანისადმი დასავლეთის ინტერესი (1979 წლიდან ირანი აშშ-ის მიერ სანქცირებული ქვეყანა იყო; 1984 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც ირანი ერაყში შეიჭრა, იარაღსა და სამხედრო პროდუქციაზე სანქციები გაძლიერდა).

როგორ რეგულირდება საქართველოში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი ანუ სტრატეგიული პროდუქტით ვაჭრობა?

ამის გასარკვევად არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში" აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის არგონის ლაბორატორიის მხარდაჭერით მოამზადა საინტერესო კვლევა "საქართველოში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლის რეჟიმის" შესახებ.

ამ კვლევით ჩანს, რომ დღეს მსოფლიოში მოქმედებს ძირითადი შვიდი საერთაშორისო შეთანხმება და ნორმა, რომლებიც არეგულირებს როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს და ტრანზიტს.

2013 წლის 29 ნოემბერს მიღებულმა ახალმა კანონმა "სამხედრო და ორმაგი პროდუქციის კონტროლის შესახებ", რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანა საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირების სფეროში არსებულ სტანდარტებთან, გააუმჯობესა სტრატეგიული პროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის კონტროლის რეჟიმის ეფექტიანობა.

ეს კანონი ასევე არეგულირებს ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემას იმ პირებსა და ორგანიზაციებზე, რომლებსაც სურთ საქართველოში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი, ტრანზიტი, ეწევიან საბროკერო საქმიანობას, ან მუშაობენ ტექნიკური დახმარების მიმართულებით. ასეთ ლიცენზიებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე თავდაცვის სამინისტრო გასცემს.

საჭიროა, კანონმა "სამხედრო და ორმაგი პროდუქციის ბრუნვის კონტროლის შესახებ" არ დააზარალოს კერძო ბიზნესის ინტერესები და იმ კერძო ფირმებსა და საწარმოებს, რომლებსაც შეხება აქვთ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ-იმპორტსა და ტრანზიტთან, არ შეექმნათ ბიუროკრატიული ბარიერები.

ასეთი სახელმწიფო თუ კერძო საწარმოები და ფირმები, რომლებიც საქართველოში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ-იმპორტსა და ტრანზიტს ახორციელებენ, არცთუ ცოტაა. მაგალითად, "დელტას" გარდა, იარაღითა და საბრძოლო საჭურვლით ვაჭრობს "გლობალ არმზი", შპს "მაგნუმი", "გლობალ დეფენს გრუპი", რომლებსაც საქართველოს იარაღის მაღაზიებში გასაყიდად შემოაქვთ ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი. "თბილავიამშენმა" საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საზღვარგარეთ გაყიდა თითქმის 30-მდე სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ასზე მეტს კი კაპიტალური რემონტი ჩაუტარა.

შპს "გეო ნიტრო" კომერციულ ფეთქებად ნივთიერებებს აწარმოებს და საზღვარგარეთ გააქვს. რუსთავის "აზოტს" მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გააქვს ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ნატრიუმის ციანიდი, ასევე აწარმოებს ამიაკს, აზოტმჟავას.

რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამედიცინო აპარატურას ინტენსიურად იყენებს არაერთი სამედიცინო დაწესებულება, მაგალითად, თოდუას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, "ავერსის" კლინიკა, რის გამოც ისინიც ხვდებიან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის საკანონმდებლო რეგულაციაში.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი 2013 წლიდან ფუნქციონირებს და ვალდებულია, ნებართვა მიიღოს ინფექციური მასალის (პათოგენების) მიღება-გაგზავნის დროს. გარდა ამისა, საქართველოში 13-მდე ლოგისტიკური გადამზიდავი კომპანია სისტემატურად მიმართავს შემოსავლების სამსახურს ორმაგი დანიშნულების ტვირთების ექსპორტის ნებართვისთვის.

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სფეროა, მაგრამ თუკი გვინდა, საქართველოს რომელიმე საერთაშორისო სანქცია არ დაუწესდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეიარაღების ექსპორტ-იმპორტსაც ცოდნა და სიფრთხილე სჭირდება.