ახალი ქართული საბრძოლო სისტემის მოლოდინში, რომლის მსგავსი ქართულ არმიას თავის არსენალში არასოდეს ჰქონია - კვირის პალიტრა

ახალი ქართული საბრძოლო სისტემის მოლოდინში, რომლის მსგავსი ქართულ არმიას თავის არსენალში არასოდეს ჰქონია

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, "დელტა" შეიარაღების იმ ახალი სისტემის პრეზენტაციას გეგმავს

26 თებერვალს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" ახალ ნომერში სტატიაში 26 მაისს "დელტა" სიურპრიზს გვპირდება" გამოვაქვეყნეთ ექსკლუზიური ინტერვიუ "დელტას" გენერალურ დირექტორთან - უჩა ძოძუაშვილთან. ინტერვიუში ის ამბობს: "წელს იგეგმება ერთი ძალიან საინტერესო ნაწარმის გამოტანა. ეს იქნება ახალი სიტყვა სწრაფი ბრძოლის წარმოებასა და ასიმეტრიულ სამხედრო დაპირისპირებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაწარმი გულშემატკივრების დიდ მოწონებას დაიმსახურებს. კონსტრუქციისა და ფუნქციური დატვირთვის მიხედვით, ეს ნაკეთობა ძალიან პერსპექტიული იქნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია გაყიდვების მოცულობით ამ პროექტმა სამედიცინო-საევაკუაციო მანქანების კონტრაქტი დაჯაბნოს".

ინტერვიუს ამ ნაწილმა ქართული (და არა მარტო ქართული) მასმედიისა და სოციალური ქსელების დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენმა კოლეგებმა "დელტას" მისაღები აუტალახეს იმის გასაგებად, რის ჩვენებას აპირებს "დელტა" მაისში, მაგრამ მათ 26 მაისამდე დაცდა ურჩიეს.

ჩვენ შეგვეძლო, ნათელი მოგვეფინა ამ საკითხისთვის.

საქმე ის არის, რომ ორიოდე წლის წინ "დელტას" ხელმძღვანელობის თხოვნით, ამ სტატიის ავტორმა ანალიტიკურად გამოიკვლია შეიარაღების სწორედ ის სახეობა, რომლის პრეზენტაციასაც "დელტა" მაისში აპირებს. Kკვლევის დროს შევისწავლეთ ამ იარაღის შექმნის ისტორია, მისი ტიპების ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები, გავაანალიზეთ მეზობელი ქვეყნების არმიების შეიარაღებაში მისი საბრძოლო გამოყენების (საქართველოს წინააღმდეგაც) შემთხვევები, იარაღის საერთაშორისო ბაზარზე მისი ექსპორტის პერსპექტივები და სხვა საინტერესო საკითხები. ეს ანალიტიკური კვლევა არსად გამოქვეყნებულა და "დელტას" გადაეცა.

"კვირის პალიტრის" მკითხველის დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ, ნაადრევად გავამხილოთ საიდუმლო და "დელტას" სიურპრიზი ჩავუშალოთ. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ შეიარაღების ეს სახეობა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგენილი საბრძოლო სისტემაა. ერთ-ერთი კომპონენტი თითქმის მთლიანად "დელტაში" მზადდება და იწყობა. სწორედ მისი გამართული მუშაობა იქნება პირობა, რომ საბრძოლო სისტემის მეორე კომპონენტი მწყობრიდან არ გამოვიდეს. სისტემა სამი განსხვავებული კონსტრუქციით შეიძლება დამზადდეს. "დელტას" კონსტრუქტორებმა საშუალო სირთულის ვარიანტი აირჩიეს.

რაც მართალია, მართალია, ეზოპეს ენით წერა არც ისე იოლი ყოფილა, მაგრამ ერთსაც დავამატებთ: ის, რის ჩვენებასაც "დელტა" აპირებს, ძალზე საჭიროა თანამედროვე შეიარაღებულ კონფლიქტებში, მათ შორის - ახლო აღმოსავლეთშიც და მას კარგი საექსპორტო პერსპექტივა აქვს, მით უფრო, რომ საუდის არაბეთში სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების გაყიდვით "დელტამ" იარაღის მსოფლიო ბაზარზე თავისი ბილიკი გაჭრა.

შეიარაღების ეს სახეობა ქართულ არმიას არსენალში არასოდეს ჰქონია. თუკი ამ სისტემის გამოცდა წარმატებით ჩაივლის, ქართული არმიის საბრძოლო შესაძლებლობები ერთიორად გაიზრდება, რა თქმა უნდა, თუკი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და გენერალური შტაბის სარდლობა "დელტას" ამ პროექტით დაინტერესდება.

P.S. მგონი, მართლდება ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიტყვები, სამიოდე წლის წინ უცხოელი სამხედრო ატაშეების ჯგუფის მიერ "დელტას" პროდუქციის დათვალიერებისას რომ წამოსცდა - საქართველოს შეიარაღებას რომ არ ვაძლევთ, იმდენს ვიზამთ, ქართველები თვითონ ისწავლიან იარაღის კეთებასო...