საბჭოთა პონტონები ჯვრის მონასტრის ძირში - "სრულიად (არა) საიდუმლოდ" - კვირის პალიტრა

საბჭოთა პონტონები ჯვრის მონასტრის ძირში - "სრულიად (არა) საიდუმლოდ"

მტკვრისა და არაგვის შესაყარზე, ჯვრის მონასტრის ძირში, ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა არმიისთვის ძალზე მნიშვნელოვანი სამხედრო ნაწილი იყო დისლოცირებული

"კვირის პალიტრა" მკითხველს სთავაზობს ახალ რუბრიკას - "სრულიად (არა) საიდუმლოდ", რომელშიც მოგიყვებით იმ ყოფილ საბჭოთა სამხედრო ნაწილებსა და გასაიდუმლოებულ ობიექტებზე, რომლებიც საქართველოში არსებობდა და ბევრი მათგანის გვერდით (ან სულაც - მათ ტერიტორიაზე) შეიძლება ჩვენი მკითხველებიც ცხოვრობდნენ. ამ სტატიების ციკლით ვეცდებით, სინათლე შევიტანოთ იმ მითებსა და ლეგენდებში, რომლებიც იქმნებოდა საქართველოში არსებული ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილების შესახებ.

Хороший наблюдательный пункт! - ალბათ, გახსოვთ ეს ფრთიანი ფრაზა გენიალური ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის რომანიდან "ნუ გეშინია, დედა", სადაც ჯვრის მონასტერთან მდგარი საბჭოთა გაბღენძილი გენერალი, მტკვრისა და არაგვის ხეობების შემყურე, სალდაფონურად აფასებს საქართველოს ამ ულამაზეს ადგილს. თუმცა, სანამ ნოდარ დუმბაძის პერსონაჟი ამ ცნობილ ფრაზას იტყოდა, საბჭოთა გენერალიტეტმა მანამდე შეაფასა ამ ადგილის ოპერატიულ-ტაქტიკური მნიშვნელობა და ზუსტად მტკვარი-არაგვის შესაყართან ათწლეულების წინ მნიშვნელოვანი სამხედრო ნაწილი განათავსა. იგი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის - ЗакВО-ს ერთადერთი საპონტონე დანაყოფი გახლდათ, რომელსაც საბჭოთა არმიის შეტევისას მისი მძიმე ტექნიკის მიერ მდინარეების სწრაფი ფორსირება უნდა მოეხდინა.

ჯვრის მონასტრის ძირში, მთავარი საავტომობილო გზის ორივე მხარეს, განთავსებული იყო 521-ე ცალკეული საპონტონე-სახიდე ბატალიონის ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკის შესანახი ბოქსები.

პონტონი მცურავი საშუალებაა, რომელსაც წყლის ზედაპირზე სიმძიმეების დაჭერა შეუძლია. მცხეთასთან დისლოცირებული 521-ე ბატალიონის შეიარაღებაში იყო საპონტონე-სახიდე პარკი - ПМП, რომლის გაშლის შემთხვევაში ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებსა თუ მანქანებს შეეძლოთ, მათზე გავლით გადაელახათ მდინარე.

მდინარის სწრაფად გადალახვას ომში, არმიის შეტევაზე გადასვლისას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თუკი მოწინააღმდეგემ მდინარეზე ხიდის აფეთქება მოასწრო, შეიძლება ჩაშალოს საბრძოლო დანაყოფების შეტევა, რადგან მძიმე ტექნიკის მიერ მდინარის ფორსირება რთულია. მართალია, ჯავშანტრანსპორტიორებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს წყალში ცურვა შეუძლიათ, ტანკებს კი - მდინარის ფსკერზე გავლა (სპეციალური მოწყობილობის დაყენების შემდეგ), მაგრამ ხშირად მდინარის ნაპირები ისეთი ციცაბოა, რომ მდინარეში ჩასვლა და ამოსვლა მძიმე ტექნიკას არ შეუძლია. ამიტომაც იყენებენ პონტონებს, რომელთა გაშლისა და ერთმანეთთან მიბმის შემდეგ წარმოიქმნება მცურავი საპონტონე ხიდი, რომელიც უმძიმეს ტანკსაც კი უძლებს.

90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჯერ ცხინვალის რეგიონში, ხოლო შემდეგ - აფხაზეთში ომი დაიწყო, ЗакВО-ს სარდლობა უფრთხოდა, რომ ქართული გვარდია თუ "მხედრიონი" თავს დაესხმებოდა საქართველოს სხვადასხვა რაიონში განთავსებულ საბჭოთა სამხედრო ნაწილებს და შეიარაღებისა და ტყვია-წამლის გატაცებას ეცდებოდა.

საბჭოთა გენერლებს არ სურდათ, ქართველების ხელში აღმოჩენილიყო დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი საშუალებები, მათ შორის - ტროტილიც, ამიტომაც მათ სხვადასხვა ნაწილიდან სწორედ მცხეთის საინჟინრო ბატალიონში, ჯვრის მონასტრის ძირში გადმოზიდეს რამდენიმე ათეული ტონა ტროტილი და სხვა მატერიალური ფასეულობები, ხოლო ნაწილის პერიმეტრი რამდენჯერმე დანაღმეს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით.

დანაღმვა ლაგოდეხში განთავსებული ГРУ-ს მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის "ღამურების" მებრძოლებს ჰქონდათ დავალებული. ალბათ, ისინი ადგენდნენ დანაღმვის რუკასაც, თუმცა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ეს რუკა რუსეთის მხარეს ჩვენთვის არ გადმოუცია, რის გამოც მეტისმეტად გაჭირდა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან საავტომობილო გზასა და ნაწილს შორის ღობის შიდა პერიმეტრის გაწმენდა.

შემდგომში ამ ადგილას ქართული არმიის სხვადასხვა დანაყოფი განთავსდა და ნაღმებზეც რამდენიმე კაცი აფეთქდა, რომლებმაც ქვედა კიდურები დაკარგეს. ხშირად იხოცებოდა საქონელიც.

დღეს ჯვრის მონასტრის ძირში, მტკვრისა და არაგვის შესაყარზე, სამხედრო ნაწილი აღარ არის, თუმცა, ამ ადგილს მაინც არ დაუკარგავს სტრატეგიული მნიშვნელობა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა კვლავ არსებობდა რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ძალების თბილისზე შემოტევის საფრთხე, ორი მდინარის შესართავთან, მთის კალთაზე, საიდუმლო თავდაცვითი ნაგებობა აიგო, თუმცა, მას საიდუმლო ძნელად ეთქმოდა, რადგან ჯვრის მონასტრის მნახველები, მათ შორის უცხოელებიც, ფოტოვიდეოაპარატურით იღებდნენ მის მშენებლობას. ალბათ, ამ თავდაცვით ნაგებობებში (რომლებიც იმ რაიონში სხვაგანაც არის) საჭიროების შემთხვევაში განთავსებულ ქართული არმიის ტანკებსა თუ საარტილერიო დანადგარებს პირდაპირი დამიზნებით ცეცხლი უნდა გაეხსნათ ცენტრალური საავტომობილო გზით თბილისისკენ წამოსული რუსული ჯავშანტექნიკისათვის.