ქაოსს ჯარების მართვაში ბოლო მოეღება?! - კვირის პალიტრა

ქაოსს ჯარების მართვაში ბოლო მოეღება?!

სახმელეთო ჯარები უქმდება, გენშტაბი აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიულ მიმართულებებს პირდაპირ უხელმძღვანელებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსვლელობა მისცა თავისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის სამი წლის წინანდელ რეკომენდაციას, რომელმაც უნდა გამოასწოროს ის უცნაური სიტუაცია, რომ ქართული არმიის უმთავრესი სტრუქტურები, ფაქტობრივად, კანონმდებლობის გარეშე ფუნქციონირებენ.

ლაპარაკია საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული მიმართულებების სარდლობებზე, რომელთა ლეგიტიმაცია არ იყო საჭირო სახით - კანონით დარეგულირებული.

ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 23 მაისის ბრძანებულებაში, რომელიც ეხებოდა დოკუმენტის - "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016წწ." - დამტკიცებას, რეკომენდებული იყო სახმელეთო ჯარების გაუქმება და მის ნაცვლად აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული მიმართულებების სარდლობების შექმნა, რომლებიც ბრძანებებს უშუალოდ გენშტაბიდან მიიღებდნენ.

ორივე მიმართულების სარდლობები მართლაც შეიქმნა, მაგრამ სახმელეთო ჯარების სარდლობა არავის გაუუქმებია, რის გამოც გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სარდლობის ფუნქციები ხშირად დუბლირდებოდა.

გენერალურ შტაბსაც ეს სახელი დაგვიანებით დაუბრუნდა, რადგან აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ ჯერ - სამხედრო-საზღვაო, ხოლო შემდეგ სამხედრო-საჰაერო ძალები, როგორც ჯარის სახეობები, გააუქმა და გაერთიანებული შტაბის არსი დაიკარგა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული მიმართულებების სარდლობების შესაქმნელად დროულია პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის გააქტიურება (თუ დაგვიანებულიც არა), თუმცა, სახმელეთო ჯარების სარდლობის გაუქმება იქ მომსახურე ოფიცრების შეშფოთების მიზეზი გახდა.

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სახმელეთო ჯარების სარდლობის წარმომადგენლებს შეხვდა. მან დაუფარავად უწოდა ქაოსი სახმელეთო ჯარებისა და მიმართულებების სარდლობებს შორის აქამდე არსებულ სიტუაციას. ამასთან, მინისტრი ხიდაშელი ოფიცრებს შეჰპირდა, რომ სამსახურის გარეშე არავინ დარჩება.

აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული მიმართულებების სარდლობათა მეთაურები უკვე დაინიშნენ. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად ეფექტური იქნება პირდაპირი კავშირი განშტაბსა და მიმართულებების სარდლობებს შორის (სხვათა შორის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული მიმართულებების სარდლობები პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროსაც არსებობდა), ამ ეტაპზე კი მთავარია, მრავალწლიანი გაურკვევლობა დასრულდეს.