ქობულეთში КГБ-ს ავიაცია ემზადებოდა
14-03-2016
ქობულეთში КГБ-ს ავიაცია ემზადებოდა
თბილისის აეროპორტსა და ქობულეთის აეროდრომზე დისლოცირებული იყო КГБ-ში შემავალი საბჭოთა სასაზღვრო ჯარების ერთადერთი სასწავლო-საავიაციო პოლკი

საბჭოთა პერიოდში ყველა ძალოვან სტრუქტურას საკუთარი ავიაცია ჰქონდა,­ მათ შორის - სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს, სახმელეთო, სტრატეგიული დანიშნულების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარებს. საბჭოთა შსს-ში შემავალ შინაგან ჯარებსაც საკუთარი ავიაცია ჰყავდათ, ისევე, როგორც КГБ-ს სასაზღვრო ჯარებს.

საბჭოთა სასაზღვრო ჯარების ავიაციის ჯგუფის შექმნა სამხრეთ კავკასიაში თავდაპირველად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, პრიშიბის აეროდრომზე ცალკეული საავიაციო რგოლის ჩამოყალიბებით დაიწყო 1962 წელს.
საავიაციო რგოლის შეიარაღებაში იყო Ми-4 ტიპის რამდენიმე შვეულმფრენი, რომელთა ეკიპაჟებს ევალებოდათ განგაშის სიგნალზე გაფრენა ჰაერიდან საზღვრის დამრღვევთა აღმოსაჩენად კასპიის ზღვის სანაპიროსთან, სადაც საბჭოთა კავშირი ირანს ესაზღვრებოდა.

1965 წელს პრი­შიბის საავიაციო რგოლის ბაზაზე შეიქმნა სასაზღვრო ჯარების ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ცალკეული საავიაციო ესკადრილია, რომლის შეიარაღებაში Ми-4 ტიპის
შვეულმფრენების გარდა, გამოჩნდა Ил-14 ტიპის ორძრავიანი თვითმფრინავებიც, რომელთა საშუალებით უფრო დიდხანს შეიძლებოდა საბჭოთა კავშირ-ირანისა და საბჭოთა კავშირ-თურქეთის სახმელეთო და საზღვაო საზღვრების საჰაერო პატრულირება.
საავიაციო ესკადრილიის ჩამოყალიბების მიუხედავად, საბჭოთა სასაზღვრო ჯარების გენერლები ხვდებოდნენ, რომ პრიშიბის აეროდრომიდან ძალზე გაუჭირდებოდათ შავი ზღვის საზღვაო საზღვრის გაკონტროლება, ისევე, როგორც სახელმწიფო საზღვრის თურქეთის მონაკვეთისა.
ამიტომაც 1972 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამხრეთ კავკასიის შუაგულში, თბილისში, შექმნილიყო მე-12 ცალკეული სასწავლო-საავიაციო პოლკი. ამ პოლკის ერთი ესკადრილია აზერბაიჯანში, პრიშიბში დარჩა, მეორე თბილისის აეროპორტის ჩრდილო-დასავლეთით, ალექსეევკაში განთავსდა, მესამემ კი ქობულეთის აეროდრომზე დაიდო ბინა.

თბილისის მე-12 ცალკეული სასწავლო-საავიაციო პოლკი ერთადერთი და უნიკალური იყო КГБ-ს დაქვემდებარებული საბჭოთა სასაზღვრო ჯარების ავიაციის შემადგენლობაში, რადგან იგი ასრულებდა როგორც სასწავლო, ისე საბრძოლო ამოცანებს.
თავდაპირველად ალექსეევკაში ამ პოლკის სასწავლო-საავიაციო ესკადრილიის განკარგულებაში მხოლოდ რვა Ми-8 ტიპის შვეულმფრენი იყო. გადასამზადებლად გამოყოფილ თითოეულ ჯგუფში იყო 15-20 მფრინავი, რომლებიც ორი თვის განმავლობაში ხვეწდნენ რთულ მთაგორიან რელიეფსა და დაბალ სიმაღლეზე ფრენის პილოტაჟს.

თბილისში მომზადებულ პილოტებს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ გაბნეული სასაზღვრო ოლქების საავიაციო ესკადრილიებში ანაწილებდნენ იმ იმედით, რომ კავკასიის მთებში გამოცდილებს შუა აზიასა თუ შორეულ აღმოსავლეთში ფრენა აღარ გაუჭირდებოდათ.
თბილისში წელიწადში 15-20-კაციანი 4-6 ჯგუფის მომზადებას ასწრებდნენ. მომზადება გულისხმობდა როგორც თეორიული საკითხების შესწავლას, ისე - პრაქტიკულ ფრენებს. პრაქტიკული მომზადება ტარდებოდა ისეთ აეროდრომებზე, რომლებიც მაინცდამაინც დატვირთული არ იყო. ბუნებრივია, ასეთ აეროდრომად თბილისის აეროპორტი არ გამოდგებოდა, ამიტომაც ფრენები პრიშიბის, ბოლნისისა და ქობულეთის აეროდრომებზე ტარდებოდა.
80-იანი წლებიდან მესაზღვრეების თბილისის სასწავლო-საავიაციო პოლკმა პილოტების მომზადება სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8-ის გარდა, საბრძოლო Ми-24-ებზეც დაიწყო, რაც გამოწვეული იყო ავღანეთში საბჭოთა არმიის შესვლით.

ავღანეთის საბრძოლო ოპე­რაციებში­ საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაციის გარდა, მესაზღვრეების შვეულმფრენებიც მონაწილეობდნენ, ოღონდ - საბჭოთა კავშირ-ავღანეთის საზღვართან ახლოს.

საბრძოლო მოქმედებებმა მალე დაარწმუნა КГБ-ს მაღალჩინოსნები, რომ როცა შეუჯავშნავი Ми-8-ების ეკიპაჟები ავღანეთის ხეობებში მესაზღვრეთა მოტოსამანევრო ჯგუფების გადასხმას ცდილობდნენ, ავღანელი მოჯაჰედების ლუკმა იოლად ხდებოდნენ.

КГБ-ს ზეწოლით, არმიის გენერლებმა სასაზღვრო ჯარების ავიაციას შეჯავშნული საბრძოლო Ми-24-ები გამოუყვეს და ბუნებრივია, პილოტების მომზადება "კროკოდილებზე" საფრენად სწორედ თბილისის ცალკეულმა სასწავლო პოლკმა დაიწყო.

გარდა მომზადებისა, თბილისის პოლკის მფრინავ-ინსტრუქტორები როტაციის პრინციპით იგზავნებოდნენ ავღანეთში, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. საბრძოლო მივლინების ხანგრძლივობა 45 დღე-ღამეს აღწევდა.

ავღანეთში საბრძოლო მივლინებების მიუხედავად, თბილისის მე-12 ცალკეული სასწავლო-საავიაციო პოლკისა და მისი სამივე ესკადრილიის ეკიპაჟების მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის სამხრეთ საზღვრის, ასევე კასპიისა და შავი ზღვის­ ტერიტორიული წყლების გაკონტროლება იყო.
საბჭოთა კავშირ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის საქართველოს მონაკვეთზე 1974 წელს საზღვრის დამრღვევი გადმოვიდა და მესაზღვრეებს გაუვალ მაღალ ბუჩქნარში დაემალა. მის მოსაძებნად გაგზავნილი შვეულმფრენის ეკიპაჟის მეთაურმა, პოდპოლკოვნიკმა ჯემალ ძნელაძემ (ის ერთხანს ქობულეთის ესკადრილიის მეთაური იყო, შემდეგ კი ბათუმის აეროპორტის უფროსი გახდა) საფრენი აპარატი ბუჩქნარის თავზე რამდენიმე მეტრ სიმაღლეზე "ჩამოჰკიდა". შვეულმფრენის ხრახნის ნიჩბების ტრიალისგან წარმოქმნილმა ქარბორბალამ საზღვრის დამრღვევის ადგილსამყოფელი გამოაჩინა.
კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა 1987 წლის 21 თებერვალს მოხდა.

თბომავალ "მოლდოვას" კაპიტანმა საკონტროლო-გამშვები პუნქტის - "ბათუმის" მეთაურობას რაციით გადასცა, რომ სამგზავრო ლაინერიდან ზღვაში მგზავრი გადახტა. საბჭოთა მესაზღვრეებმა სასწრაფოდ დაიწყეს ნაპირიდან იმ 35 კმ-იანი ზოლის გაცხრილვა, რომელიც სოჭი-ბათუმის მარშრუტით მცურავი "მოლდოვას" კურსს ემთხვეოდა. ბათუმიდან და ოჩამჩირიდან ზღვაში გავიდა მესაზღვრეების ოთხი სადარაჯო ხომალდი და ორი კატარღა. თბილისიდან Ан-26 ტიპის თვითმფრინავი გამოიძახეს. ცოტა ხანში Ан-26-ის ეკიპაჟმა ბათუმიდან 56 კმ-ში, შუა ზღვაში, გასაბერი ნავი და ადამიანი აღმოაჩინა, რომელიც თურქეთის ტერიტორიულ წყლებამდე ცდილობდა მიცურვას.

Ан-26-ის ეკიპაჟმა ქობულეთიდან Ка-27 გამოიძახა. შებინდებულზე Ка-27 რეზინის ნავის თავზე "დაიკიდა" და ერთი საათის განმავლობაში ხრახნების ნიჩბებით წარმოქმნილი ძლიერი ჰაერის ნაკადისა და მძლავრი ფარების გამოყენებით საშუალებას არ აძლევდა მოცურავეს, თურქეთისკენ წასულიყო. შვეულმფრენის ეკიპაჟის მინიშნებით მალე ადგილზე მესაზღვრეთა სადარაჯო ხომალდმაც მიცურა და რეზინის ნავში მყოფი "მოლდოვას" ყოფილი მგზავრი დააპატიმრა.
2008 წლის აგვისტოს ომამდე ქობულეთის აეროდრომი იყო ქართული არმიის ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებული ობიექტი, რადგან აქ ბაზირებდნენ ისრაელში ნაყიდი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები - "ჰერმესები". თუმცა, როგორც ჩანს, ეს საიდუმლო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო, რადგან რუსეთის სამხედრო დაზვერვამ კარგად უწყოდა ამის შესახებ და სეპარატისტული აფხაზეთის თავზე ქობულეთიდან აფრენილი სამი "ჰერმესიც" ჩამოგვიგდეს.
111111111111111111
23 მარტი 2016 10:55
ბიძაჩემი მსახურობდა ქობულეთში , ამ პოლკში მსახური პრესტიჟული იყო, რადგან პირადად ანდროპოვს ემორჩილებოდა , თბილიში ორი წლის განმავლობაში ერთხელ იუო შვებულებით სულ ორი დღით, სამსახურის დასრულების შემდეგ ლიმიტით ლენინგრადის იურიდიულ ინსტიტუტში ჩააბარა, ლიმიტი ანდროპოვის მითითებით გაიცა................................

რედაქტორის რჩევით