ზოგჯერ სიჩქარითაც დაშავდების, ქ-ნო თინა!.. - კვირის პალიტრა

ზოგჯერ სიჩქარითაც დაშავდების, ქ-ნო თინა!..

ხშირად ზოგიერთ მინისტრსა და მათ ზოგიერთ უცოდინარ მოადგილეებს პირველად სწორედ "ინტერპრესნიუსისგან" შეუტყვიათ, კიდევ რამდენი ათეული მეტრით ჩამოაცოცა ოკუპანტმა მავთულხლართი ქართული სოფლების ეზოებში, ან რომელი ახალი საბრძოლო ტექნიკა ჩამოიტანა საოკუპაციო ბაზებზე და როდის აპირებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას

24 წელია, რაც ქართულ სამხედრო ჟურნალისტიკაში ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში ათი ათასამდე სტატია გამოვაქვეყნე და სულ ვოცნებობდი, საქართველოს ხელისუფლებას მყისიერი და ეფექტური რეაქცია გამოევლინა საფრთხეებზე, ქვეყანას რომ ემუქრებოდა - იქნებოდა ეს გაგრის, სოხუმისა თუ ცხინვალის დაცვა, ქართულ ცაში შემოჭრილი რუსული ბომბდამშენების მოგერიება, საზღვაო აკვატორიაში უნებართვოდ მცურავი გემების დაკავება, თბილისის თავზე ოკუპანტი ქვეყნის უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების დაუსჯელად "ნავარდობა"... მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფალთა ადეკვატური რეაგირება თითქმის არც მინახავს. ამის მიზეზი ხან უცოდინარობა იყო, ხან - არაკომპეტენტურობა, ხან - შიში...

სწორედ ეს გამახსენდა, როდესაც 11 მარტს პრეზიდენტმა და იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრებმა "ერთიანი ძალებით" დემარში მოაწყვეს დამოუკიდებელი სააგენტოს წინააღმდეგ, თანაც მაშინ, როცა საინფორმაციო სააგენტომ ჩვეული ოპერატიულობით აღიარა შეცდომა...

ხელისუფლების ზემოხსენებულმა წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს "ინტერპრესნიუსს", რომლის ვებგვერდითაც წლების განმავლობაში იწყებოდა და მთავრდებოდა მათი სამუშაო დღე. არც იმას დავმალავთ, რომ ხშირად ზოგიერთ მინისტრსა და მათ ზოგიერთ უცოდინარ მოადგილეებს პირველად სწორედ "ინტერპრესნიუსისგან" შეუტყვიათ, კიდევ რამდენი ათეული მეტრით ჩამოაცოცა ოკუპანტმა მავთულხლართი ქართული სოფლების ეზოებში, ან რომელი ახალი საბრძოლო ტექნიკა ჩამოიტანა საოკუპაციო ბაზებზე და როდის აპირებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას.

შეცდომის აღიარებისა და ბოდიშის მოხდის გარდა, "ინტერპრესნიუსის" პასუხისმგებელმა რედაქტორმა ნატა მუმლაძემ თანამდებობა დატოვა. მე ასეთი რამ ქართული მედიასაშუალებებისგან არ მახსენდება. ნატა მუმლაძე არის პროფესიონალი, რომელიც ბოლო ოთხი წელი ქმნიდა და აძლიერებდა "ინტერპრესნიუსს" და რომლის ოჯახმაც საკუთარ თავზე გამოცადა აგვისტოს ომის ტრაგედია.

ჩემთვის, როგორც სამხედრო სფეროზე მომუშავე ჟურნალისტისთვის, "ინტერპრესნიუსი" ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური და ოპერატიული საინფორმაციო სააგენტოა, ის სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებზე ყოველთვის სანდო ინფორმაციას ავრცელებს, ამიტომაც ჩემთვის მოულოდნელი გახლდათ დემარშისტ მაღალჩინოსანთა სიაში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის გვარის დანახვა. თუმცა, თავდაცვის მინისტრისვე სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან, ზემოხსენებული სამეულიდან პირველმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა "ინტერპრესნიუსისადმი" მიძღვნილი თბილი წერილი, რაც იმის აღიარებაა, რომ ზოგჯერ სიჩქარითაც დაშავდების!..