სართიჭალიდან კოსმოსური თანამგზავრები იმართებოდა - კვირის პალიტრა

სართიჭალიდან კოსმოსური თანამგზავრები იმართებოდა

32 წელი დედამიწის ორბიტაზე საბჭოთა კოსმოსურ თანამგზავრებს სართიჭალის დასახლებიდან აკონტროლებდნენ

სართიჭალიდან აკონტროლებდნენ მსოფლიოში პირველი კოსმოსური თანამგზავრისა და პირველი კოსმონავტის ფრენებს

სართიჭალის დასახლება სამ ათეულ წელზე მეტხანს ინახავდა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ თემას - დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების მართვის კონტროლს.

თბილისიდან კახეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მარჯვნივ, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე განთავსებული უცნაური ფორმის ანტენები და გუმბათები სოფლის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში შიშს ჰგვრიდა - ამ ანტენებიდან რადიაციული დასხივების შესახებ ჩურჩულით ლაპარაკობდნენ.

საბჭოთა კავშირმა მსოფლიოში პირველი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი 1957 წლის 4 ოქტომბერს გაუშვა, რაც იმავე დღეს მთელმა მსოფლიომ შეიტყო და უეჭველია, ეს ინფორმაცია სართიჭალელებამდეც მიაღწევდა (იმ დღესვე თუ არა, იმ კვირაში მაინც). თუმცა, საეჭვოა, მაშინ ამ სოფლის მცხოვრებთ ერთმანეთთან დაეკავშირებინათ ორი ფაქტი - დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება და სამი თვით ადრე, 1957 წლის ივლისში, მათ სოფელში ახალი საბჭოთა სამხედრო ნაწილის გადმოსვლა, რომელმაც მანამდე სართიჭალაში დისლოცირებული კავშირგაბმულობის ბატალიონი ჩაანაცვლა. არადა, ამ ორ მოვლენას შორის კავშირი მართლაც იყო.

1957 წლის 8 მაისს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გასცა საიდუმლო დირექტივა, რომლის თანახმად, მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სწრაფად უნდა შექმნილიყო 12 ცალკეული სამეცნიერო-გამზომველი პუნქტი (რვა - დიდი და ოთხი - პატარა), რომლებსაც დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების კონტროლი და მართვა ევალებოდათ. აჩქარება იმით იყო გამოწვეული, რომ საბჭოთა კავშირის მაშინდელი ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი მეცნიერებსა და სამხედროებს კატეგორიულად სთხოვდა, დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება აშშ-ისთვის საბჭოთა კავშირს დაესწრო.

თანამგზავრის გაშვების შემდეგ აუცილებელი იქნებოდა მართვის პუნქტში ფრენის ტელემეტრული მონაცემების მიღება და მისი ფრენის ტრაექტორიის კონტროლირება, რაც მხოლოდ მოსკოვიდან და ბაიკონურიდან შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც გადაწყდა, ასეთი სამეცნიერო-გამზომველი პუნქტები მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაენაწილებინათ, რათა ორბიტაზე გასული თანამგზავრი დიდხანს ეკონტროლებინათ.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი სამეცნიერო-გამზომველი პუნქტის, კერძოდ კი НИП-11-ის განთავსების "ბედნიერება" ერგო საქართველოს, კერძოდ კი - სართიჭალას. 1957 წლის სექტემბერში ეს პუნქტი დედამიწის პირველი თანამგზავრის გაშვებას ელოდებოდა.

დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის ფრენას აკვირდებოდნენ სართიჭალის პუნქტიდანაც, სადაც იწერდნენ თანამგზავრის რადიოგადამცემიდან გამოსხივებულ რადიოტალღებს.

1980-იან წლებში ასე გამოიყურებოდა სართიჭალის გასაიდუმლოებული კოსმოსური ობიექტი

საბჭოთა კავშირი დედამიწის ორბიტაზე თვეში რამდენიმე კოსმოსურ ობიექტს უშვებდა და სართიჭალის გამზომველ პუნქტსაც საქმე არ აკლდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი თანამგზავრები შავი და კასპიის ზღვების თავზე, რამდენიმე ასეულ ან ათასეულ კმ-ზე გამოჩნდებოდნენ. თანდათან სართიჭალის პუნქტში გაჩნდა თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურა, რომელიც სტაციონარულად იყო დამონტაჟებული შენობებში.

სართიჭალის სამეცნიერო-გამზომველ პუნქტ НИП-11-ში შეიქმნა სამი განყოფილება: პირველი პასუხს აგებდა თანამგზავრების ფრენის ტრაექტორიის ცვლილებებსა და ცენტრში რადიოხაზებით ინფორმაციის გადაცემაზე; მეორე განყოფილების ფუნქცია იყო თანამგზავრების ტელემეტრული მონაცემების (მაგალითად, თანამგზავრის საბორტე აპარატურის ფუნქციონირებაზე) მოპოვება; მესამე კი ამ ორი განყოფილების მოპოვებულ მონაცემებს ამუშავებდა ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებით.

სართიჭალის პუნქტი რადიოკავშირს ამყარებდა ორბიტაზე გასულ ყველა საბჭოთა უპილოტო და პილოტირებულ კოსმოსურ აპარატთან, როდესაც ისინი მისი მოქმედების ზონაში შემოდიოდნენ. ცენტრში ინფორმაცია თანამგზავრის ფრენის ტრაექტორიის შესახებ სადენიანი ტელეფონით გადაიცემოდა, თუმცა, ჩვეულებრივი სატელეფონო ხაზებისგან განსხვავებით, ის ЗАС-ის (დახურული კავშირი) სპეციალური აპარატურით იყო აღჭურვილი.

თანამგზავრების ტელემეტრული ინფორმაცია იწერებოდა ფოტოფირზე, გამჟღავნების შემდეგ კი მოჰქონდათ თბილისში და პირველივე ავიარეისით ცენტრში გზავნიდნენ. თუკი განსაკუთრებული რამ ხდებოდა და ინფორმაცია სასწრაფოდ იყო ცენტრში გადასაცემი, ტელემეტრულ მონაცემებს სართიჭალის პუნქტშივე შიფრავდნენ და შემდეგ ЗАС-ის ტელეფონით გადასცემდნენ.

80-იანი წლების დასაწყისში, რადიოელექტრონული აპარატურის ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების შემდეგ, აღარ იყო საჭირო, სამეცნიერო-გამზომველ პუნქტებს მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ემუშავათ.

სართიჭალის НИП-11-იც ისეთი მნიშვნელოვანი აღარ იყო, როგორც კოსმოსური ხანის დასაწყისში; ამას დაერთო საბჭოთა კავშირის რღვევის დასაწყისი და 1989 წლის 8 ივნისს ეს საიდუმლო კოსმოსური ობიექტი ოფიციალურად გაუქმდა. გასაიდუმლოებული სპეცტექნიკა რუსეთში გაიტანეს და სართიჭალიდან კოსმოსური ობიექტების კონტროლის 32-წლიანი ეპოპეა დასრულდა.

თუმცა, სართიჭალის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ცოტა ხნით განთავსდა მონღოლეთიდან გამოყვანილი კავშირგაბმულობის ბრიგადა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე გაიყვანეს რუსეთში.

დამოუკიდებელ საქართველოში სართიჭალის ყოფილი გასაიდუმლოებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ერთხანს დისლოცირებული იყო ქართული არმიის საინჟინრო-მენაღმეთა დანაყოფი.