ქართველი, რომელმაც ზესაიდუმლო იარაღი შექმნა - კვირის პალიტრა

ქართველი, რომელმაც ზესაიდუმლო იარაღი შექმნა

დღესაც გამოცანად რჩება, რატომ არ აიღო იერიშით ლენინგრადი ჰიტლერმა და როგორ გაძლო ამ ქალაქმა 872 დღე ბლოკადაში

მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში დღესაც გამოცანად რჩება, თუ რატომ არ აიღო იერიშით ლენინგრადი ჰიტლერმა და როგორ გაძლო ამ ქალაქმა 872 დღე ბლოკადაში. ომის შემდგომ გამოქვეყნებულ საიდუმლოების გრიფმოხსნილ გერმანულ დოკუმენტებში ჩამოთვლილია რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ვერმახტმა არ მოინდომა გადამწყვეტი იერიშის მიტანა ამ მნიშვნელობით მეორე ქალაქზე. ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია ის გარემოება, რომ თუკი ქალაქს აიღებდა, გერმანიის ხელისუფლებას არ სურდა გამოეკვება ლენინგრადის მილიონზე მეტი დამშეული მცხოვრები. ამასთან, ჰიტლერს იმიტომაც არ სურდა ლენინგრადის აღება, რომ ქალაქში შესული გერმანული ჯარების დისლოკაციის ადგილები მოულოდნელად არ აფეთქებულიყო, როგორც 1941 წლის შემოდგომაზე ხდებოდა ოკუპირებულ ხარკოვში, ლუგანსკში და სხვაგან.

ვლადიმერ ბექაურს გუდამაყრის ხეობაში ძეგლი დაუდგეს

1941 წლის ოქტომბერში, როცა ვერმახტის ნაწილებმა ხარკოვი აიღეს, ქალაქის გარნიზონის უფროსი, გენერალ-მაიორი ფონ ბრაუნი ძველებურ სასახლეში დასახლდა. გერმანელებს ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ საბჭოთა არმიის მენაღმეებმა ხარკოვი დატოვებამდე დანაღმეს, ამიტომაც გარნიზონის უფროსის სასახლის ზედმიწევნით შემოწმებისას აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. სამი კვირის შემდეგ, როდესაც სასახლეში გარნიზონის უფროსთან ერთად 20-მდე ოფიცერი იმყოფებოდა, საშინელი ძალის აფეთქების ხმა გაისმა და ცოცხალი არავინ დარჩენილა.

როგორც ჩანს, სასახლეში გადამალული იყო კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, მაგრამ რატომ აფეთქდა მაშინ, როდესაც ყველანი სასახლეში იყვნენ?

მოულოდნელი აფეთქებები ხდებოდა აეროდრომებზე, ხიდებზე, შტაბების შენობებში, თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა და საჭირო დროს აფეთქებდა. გამოძიების შემდეგ გესტაპომ დაადგინა, რომ მოულოდნელი აფეთქებები საათის მექანიზმით კი არა, რამდენიმე ასეული კმ-დან გაგზავნილი რადიოსიგნალებით ხდებოდა. ჰიტლერის ბრძანებით, გერმანიის სპეცსამსახურები ომის ბოლომდე ცდილობდნენ დაედგინათ, ვინ იდგა დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკან, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა... საბჭოთა ზესაიდუმლო რადიომართვადი ბომბების შემქმნელი ჯერ კიდევ 1938 წელს დახვრეტილი ქართველი ინჟინერ-გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური გახლდათ. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა და შეიარაღებაში შევიდა დისტანციურად მართვადი რადიოფუგასები, სახელწოდებით "ბემი", რომლის მოქმედების პრინციპი ასეთი იყო: მენაღმეები სტრატეგიულ ობიექტზე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლებოდა მოწინააღმდეგეს დაეკავებინა, წინასწარ ჩააწყობდნენ რამდენიმე ასეულ კილოგრამ ტროტილს და მასზე დაამონტაჟებდნენ რადიოტალღების მიმღებ ხელსაწყოს, რომლის ანტენაც, ასევე შენიღბულად მონტაჟდებოდა შენობაზე. მას შემდეგ, რაც გერმანელი სამხედრო ხელმძღვანელობა დაიკავებდა ოკუპირებულ ქალაქში რომელიმე სახლს და იქ შტაბს განათავსებდა, ქალაქში დარჩენილი საბჭოთა მზვერავები იწყებდნენ სახლის თვალთვალს. როდესაც დაადგენდნენ, რომ იმ შენობაში იმართებოდა შტაბის თათბირი ან ბერლინელი მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ, მოსკოვში "სმერშს" (საბჭოთა კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველო, რომელიც პირდაპირ სტალინს ექვემდებარებოდა) დაშიფრულ შეტყობინებას უგზავნიდნენ. გადაწყვეტილებას მოსკოვში იღებდნენ და იქიდან მძლავრი სტაციონარული რადიოსადგურიდან გამოგზავნილი რადიოსიგნალებით აამოქმედებდნენ კონკრეტულ შენობაში ჩადებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საბჭოთა მენაღმეები კიდევ დიდხანს იღებდნენ წინამორბედების მიერ ჩადებულ "ბემებს" მოსკოვისა და ლენინგრადის სტრატეგიული ობიექტებიდან, ასე რომ, ჰიტლერი ტყუილად როდი უფრთხოდა ლენინგრადის დაკავებას - იქ გერმანელებს მართლაც ელოდათ ბექაურის დისტანციურად მართვადი რადიოფუგასები.

ვლადიმერ ბექაური მეუღლესთან ერთად

P.S. ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, ბექაურის კონსტრუქციის რადიოფუგასები ჩაწყობილი იყო საქართველოს სამხედრო გზაზეც იმ შემთხვევისთვის, თუ გერმანელთა არმია ლარსის გავლით შეეცდებოდა ჯერ საქართველოში გადმოსვლას, შემდგომ კი ბაქოში ნავთობსაბადოების დაპყრობას.

"ოსტეხბიურო" გიგანტურ დაწესებულებად იქცა

1920 წელს ბექაურმა ლენინს ფოლადის სეიფების ელექტრონული სიგნალიზაციის დაცვის შესაძლებლობა შესთავაზა. მალე ბექაური ლენინის პროტეჟედ იქცა და ქართველ ინჟინერ-გამომგონებელს საკუთარი ინსტიტუტის - "ოსტეხბიუროს" ("სპეციალური დანიშნულების სამხედრო გამოგონებების განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო") შექმნაშიც დაეხმარა. ბექაურის "ოსტეხბიურო" 30-იანი წლების დასაწყისში გიგანტურ დაწესებულებად იქცა, რომელიც მუშაობდა შორსმფრენი ბომბდამშენების, უპილოტო თვითმფრინავებისა და რადიომართვადი ფუგასებისა და ტორპედოების, ავტონომიური მინიწყალქვეშა ნავების, მოსასმენი აპარატურისა და სხვა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის საცდელი ნიმუშების შესაქმნელად. ბექაურის განკარგულებაში იყო ასობით თვითმფრინავი და რამდენიმე ათეული სამხედრო ხომალდი. ის 1937 წელს დააპატიმრეს გერმანიის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით, 1938 წლის 8 თებერვალს კი დახვრიტეს. 1956 წელს რეაბილიტირებულ იქნა.