ტერაქტების სერია მასობრივი შიშის დასათესად
28-03-2016
ტერაქტების სერია მასობრივი შიშის დასათესად
საერთაშორისო ტერორისტების მოქმედების ახალი ტაქტიკა

ბელგიაში განხორციელებული ტერაქტების სერია (აფეთქებები ჯერ - ბრიუსელის აეროპორტში, შემდეგ კი მეტროში მოხდა, რამაც 31 ადამიანი იმსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა) შარშან პარიზში მომხდარი ტერაქტების ხელწერის გაგრძელებაა. საფრანგეთის დედაქალაქშიც აფეთქებები მოხდა დროის მცირე ინტერვალში, სხვადასხვა ადგილზე.

ადრე საერთაშორისო ტერორისტები, განსაკუთრებით - ერაყში, სხვა ტაქტიკას იყენებდნენ - ორმაგ ტერაქტს აწყობდნენ: როცა პირველი აფეთქების ადგილზე პოლიციელები და სპეცსამსახურების თანამშრომლები მოიყრიდნენ თავს, იქვე ჩადებული მეორე ბომბი ფეთქდებოდა...
ტერორისტების
ეს ხელწერა, ძირითადად, ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ იყო მიმართული და ამართლებდა კიდეც, მაგრამ ტერაქტების ტაქტიკის შეცვლამ მთელ მსოფლიოში მასობრივი შიში დათესა.

სწორედ ამ ტაქტიკით განხორციელდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების სერია, როდესაც ტერორისტებმა ერთმანეთის მიყოლებით ოთხი სამგზავრო ლაინერი ჩაიგდეს ხელში და აშშ-ში საჩვენებელი, მანამდე არნახული მასშტაბის
ტერაქტები მოაწყვეს.
ჯერ პარიზის, ახლა კი ბრიუსელის ტერაქტები მეტყველებს, რომ საერთაშორისო ტერორისტებმა ევროპა დიდი ხნით აქციეს თავიანთ სამიზნედ და შეჩერებას არ აპირებენ. ევროკავშირის ქვეყნების სპეცსამსახურები და პოლიცია მობილიზებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის ქალაქებში ტერაქტები აღარ მოხდება. რაგინდ ეფექტურადაც უნდა იმოქმედონ სპეცსამსახურებმა, კარგად ორგანიზებულ ტერაქტს ვერ აღკვეთენ, რადგან მრავალმილიონიან ქალაქებში ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია.

ტერორიზმთან ბრძოლა ანტიპარტიზანულ მოქმედებებს წააგავს, როდესაც არ არსებობს ფრონტის ხაზი და არ ჩანს მოწინააღმდეგე, რადგან ის მშვიდობიან მოსახლეობას შორის არის შენიღბული. თუმცა, არსებობს გამოსავალი - როდესაც სპეცსამსახურებთან მასობრივად თანამშრომლობს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ძალოვან სტრუქტურებს ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას ყველა საეჭვო (მათი აზრით) პიროვნებისა და საგნის შესახებ (მაგალითად, ტაქსის მძღოლმა, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში თვითმკვლელი ტერორისტები მიიყვანა, ისინი საეჭვოდ მიიჩნია, თუმცა პოლიციას მხოლოდ ტერაქტების შემდეგ დაუკავშირდა).
მოსახლეობას და სპეცსამსახურებს შორის ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა გაზრდის სავარაუდო ტერაქტების წინასწარ გახსნის შესაძლებლობას, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს - როდესაც ყველა ყველას აბეზღებს­, თუნდაც საკუთარი ინტერესების გამო, პროცესი შეიძლება მასობრივ ფსიქოზში გადაიზარდოს. ამასთან, სპეცსამსახურები საზოგდოებაზე ზემოქმედების ახალ ბერკეტებს მოიპოვებენ, რაც დემოკრატიის ძირითად პრინციპებს უპირისპირდება.

დღეს, ყოველი ახალი ტერაქტის შემდეგ, სპეცსამსახურები დაჟინებით მოითხოვენ მეტი სათვალთვალო ვიდეოკამერის დამონტაჟებას ქუჩებში, პირადი ტელეფონების გამარტივებული წესით მოსმენის უფლებას, მიმოწერის ლუსტრაციას და მოქალაქეების პირადი მონაცემების კონტროლს, ანუ ყველაფერს, რაც ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის არის დამახასიათებელი.
შეიძლება ითქვას, რომ ტერორისტები თავიანთი საქმიანობით დათვურ სამსახურს უწევენ სპეცსამსახურებს, საბოლოოდ კი მოქალაქეები ზარალდებიან.

უეჭველია, რომ ყოველი ახალი ტერაქტის შესახებ ინფორმაციის შეტყობისთანავე ძველი ევროპის მცხოვრებლებს შიში იპყრობთ, რადგან რამდენიმე წუთსა თუ საათში ტერაქტის გამეორებას ელოდებიან...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით