ქართველებს ქართული დაიცავს - კვირის პალიტრა

ქართველებს ქართული დაიცავს

ავღანეთში ქართველ სამხედროებს "დელტაში" დამზადებული ჯავშანჟილეტები და ჯავშანჩაფხუტები დაიცავს

1999 წელს რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე პირველად გავიტანეთ კომპოზიციური მასალებისგან დამზადებული ქართული ჯავშანჟილეტები და ჯავშანჩაფხუტები, სახელმწიფოს კი 17 წელი დასჭირდა, რომ ბოლოს და ბოლოს, თავისი ჯარისკაცები ამ ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღეჭურვა და აღარ ეგროვებინა უცხოეთიდან ნაჩუქარი თუ ნაყიდი, ხშირად - საეჭვო ხარისხის აღკაზმულობა.

რამდენიმე დღის წინ ავღანეთში როტაციით გამგზავრებული ქართული არმიის მე-5 ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის ოცეული და მე-4 მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული სწორედ "დელტაში" დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით არის აღჭურვილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის - "დელტას" ჯავშანჟილეტები იცავდა ორი წლის წინ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართული ასეულის პირად შემადგენლობასაც, მაგრამ ამჯერად ამ ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით ქართული არმიის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე აღიჭურვა, რაც გვაიმედებს, რომ მალე საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების პირადი შემადგენლობაც მაღალი ხარისხის და, რაც მთავარია, ახალ, სამამულო წარმოების ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებს გამოიყენებს.

ახალს იმიტომ ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ კომპოზიციური მასალებისგან (კერამიკა, კევლარი) დამზადებულ ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს ვარგისიანობის ვადა აქვს და 5-7 წლის შემდეგ მათი მდგრადობის მახასიათებლები ნელ-ნელა იკლებს. ეს პროცესი ჩქარდება, თუკი ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებს ინტენსიურად იყენებენ წვიმასა და თოვლში. ამიტომაც ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების განახლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ავღანეთში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიმდინარე სამხედრო თუ სამშვიდობო ოპერაციები ახალი შეიარაღებისა და აღჭურვილობის დეფილედ იქცა. იქ აკვირდებიან და აფასებენ, რამდენად ეფექტური და მოსახერხებელია ახალი ავტომატი თუ ჯავშანჟილეტი, რა ღირს და ა.შ.

"დელტას" წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით მასობრივად აღჭურვილი ქართული სამხედრო კონტინგენტი აუცილებლად მიიქცევს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაში მონაწილე არაერთი ქვეყნის მაღალჩინოსანი სამხედროს ყურადღებას, რომლებიც ინფორმაციას თავიანთი ქვეყნების შეიარაღებული ძალების სარდლობას მიაწვდიან, ეს კი იმის წინა პირობაა, რომ

"დელტას" პროდუქციამ იარაღის მსოფლიო ბაზარზე თავისი ადგილის პოვნა შეძლოს.

ჩვენ ვუსურვებთ ავღანეთში მყოფ ჩვენს სამხედროებს, ქართული წარმოების ჯავშანჟილეტები და ჯავშანჩაფხუტები მათი საიმედო დამცველი იყოს.

P.S. 1999 წელს - ბუქარესტში, 2000 წელს კი პრაღაში საერთაშორისო სამხედრო გამოფენებზე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ექსპოზიციებზე მათი ჯავშანჟილეტები დავათვალიერეთ, დავრწმუნდით, რომ ჩვენი პროდუქცია მათ არაფრით ჩამოუვარდებოდა, თუმცა, ისინი უკვე იყო შეიარაღებაში, ჩვენი ჯავშანჟილეტის კი მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი არსებობდა და მაშინდელი ხელისუფლება ქვეყნის დამცველების უსაფრთხოებაზე არ ფიქრობდა, არადა, კერამიკულფილებიანი ქართული ჯავშანჟილეტების სერიული წარმოება მაშინვე რომ დაწყებულიყო, დღეს, შეიძლებოდა, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ქვეყანა ყოფილიყო ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების შექმნასა და წარმოებაში...

ჩვენი დოსიე:

"დელტაში" დამზადებული საარმიო დანიშნულების ჯავშანჟილეტის მასა, ორ (მკერდის და ზურგის) კერამიკულ ფილასთან ერთად, 8,4 კგ-ს იწონის და იცავს სნაიპერული СВД-სა და ტყვიამფრქვევ ПКМ-ის 7,62x54R მმ კალიბრის ვაზნის სტანდარტული ტყვიისგან. კერამიკული ფილების გარეშე ჯავშანჟილეტი 4 კგ-მდე მსუბუქდება, მაგრამ მისი დაცვის ხარისხიც ეცემა, თუმცა, პისტოლეტ ТТ-ს 7,62x25 მმ კალიბრის ტყვიისგან მაინც იცავს. კერამიკულფილებიან ჯავშანჟილეტს ასევე შეუძლია 720 მ/წმ სიჩქარით შეჯახებული 1,1 გ მასის ნამსხვრევების შეჩერებაც. ჯავშანჟილეტი ადამიანის ტანს 31 კადრატულ დეციმეტრზე ფარავს.

"დელტას" საერთო საჯარისო დანიშნულების ტაქტიკური ჯავშანჩაფხუტი დამზადებულია კომპოზიციური მასალებისგან, ზომების მიხედვით იწონის 1,2-დან 1,5 კგ-მდე და ТТ-ს ტიპის პისტოლეტის ვაზნის ტყვიის შეკავება შეუძლია. ჩაფხუტის შიგნით გამოკრულია კინეტიკური ენერგიის ჩამხშობი სპეციალური ამორტიზატორები, რომლებიც მებრძოლის თავსა და კისერს მეორეული დაზიანებისგან იცავს.