ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები საქართველოში - 9 ავიაკატასტროფა, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება
04-04-2016
ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები საქართველოში - 9 ავიაკატასტროფა, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება
ციდან ჩამოცვენილი სამგზავრო თვითმფრინავები

ქართულ ცაში, მას შემდეგ, რაც ავიაციამ საქართველოშიც შემოაბიჯა, სამწუხაროდ, არაერთი ავიაკატასტროფა მოხდა (საავიაციო შემთხვევას, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა, ავიაკატასტროფას უწოდებენ, მსხვერპლის გარეშე კი, ავარიის რანგში გადის).

ამჯერად იმ ავიაკატასტროფებზე მოგითხრობთ, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის სამგზავრო თვითმფრინავებს შეემთხვათ ქართულ ცაში ან ჩვენი აეროდრომებიდან აფრინდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე ათწლეულების განმავლობაში დისლოცირებული საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ავიაკატასტროფები ცალკე თემაა. ამ სტატიაში არ შევეხებით იმ ოთხი სამგზავრო თვითმფრინავისა და მათი
მგზავრების ტრაგიკულ ბედს, რომლებიც 1993 წლის 20-23 სექტემბერს აფხაზებისა და რუსების რაზმებმა სოხუმთან ჩამოაგდეს და ბაბუშერის აეროპორტში ააფეთქეს, რადგან მას საერთაშორისო ტერორიზმის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.

1925 წ.

22 მარტს, ტიფლისში, დიდუბის იპოდრომიდან გერმანული წარმოების Junkers F13-ის ტიპის პატარა სამგზავრო თვითმფრინავმა გეზი სოხუმისკენ აიღო, მაგრამ მალევე
ცეცხლის ალში გაეხვია. ორი მგზავრი ჰაერშივე გადმოხტა, მაგრამ ამან არ უშველა. ეკიპაჟის ორი წევრი და სამივე მგზავრი დაიღუპა. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან მგზავრები ცნობილი ჩეკისტები იყვნენ, ისინი, ვინც ხელმძღვანელობდნენ წითელი არმიის შემოჭრასა და საქართველოს გასაბჭოებას. ლევ ტროცკიმ იოსებ სტალინი დაადანაშაულა ამ ავიაკატასტროფის სპეციალურად მოწყობაში, თუმცა სპეციალისტებმა უფრო სანდოდ მიიჩნიეს ვერსია, რომ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჩეკისტმა ჩიბუხის გაბოლების დროს ჩაუმქრალი ასანთი თვითმფრინავის სალონის იატაკზე დააგდო, რამაც აალება გამოიწვია.

1953 წ.

ზუგდიდთან მომხდარმა ავიაკატასტროფამ მთელი საქართველო (და არა მარტო) შეძრა - დაიღუპა ცნობილი კინომსახიობი ნატო ვაჩნაძე...
Ил-12П ტიპის ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი 14 ივნისს მოსკოვიდან დონის როსტოვის გავლით თბილისისკენ გამოფრინდა. სოხუმის თავზე გადაფრენისას დისპეტჩერმა რატომღაც არ აცნობა ეკიპაჟს, რომ სამეგრელოში ჭექა-ქუხილი იყო. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები ზუგდიდიდან 15 კმ-ში აღმოაჩინეს, ლავრენტი ბერიას სახელობის საბჭოთა მეურნეობის საძოვარზე. ბორტზე მყოფი 18-ივე მგზავრი დაიღუპა. ეს იმ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველაზე მსხვილმასშტაბიან ავიაკატასტროფად იქნა მიჩნეული.

1963 წ.

24 აგვისტოს ქუთაისიდან სოხუმისკენ გაფრენილი Ил-14П ტიპის ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი ქალაქ გეგეჭკორთან (ახლანდელი მარტვილი) მთას შეეჯახა. დაიღუპა ეკიპაჟის 5 წევრი და 27 მგზავრი. ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა და ეკიპაჟის ნავიგაციური შეცდომა გახლდათ.

1973 წ.

დღეს მართლაც დაუჯერებელია, რომ საქართველოდან მოსკოვში გაფრენილმა ორმა ერთი და იმავე ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა ერთსა და იმავე აეროპორტში განიცადეს ავიკატასტროფა ორი თვის ინტერვალით.

13 ოქტომბერს ქუთაისიდან გაფრენილმა Ту-104Б ტიპის პირველმა საბჭოთა რეაქტიულმა სამგზავრო ლაინერმა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 122 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა (ეს Ту-104-ის კატასტროფების ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლია). გამოძიების დასკვნით, ავდარს დაემატა ლაინერის კაბინაში რამდენიმე ხელსაწყოს გათიშვაც (მათ შორის - ავიაჰორიზონტის), რაც ეტყობა, გამოიწვია ელექტროჩამრთველის უნებლიეთ გამორთვამ. ჩანს, ის ერთ-ერთმა იმ მგზავრმა გამორთო, რომელიც ეკიპაჟს კაბინაში უბილეთოდ გადაჰყავდა. 122 დაღუპულში რვა უბილეთო მგზავრი ამოიცნეს.

7 დეკემბერს ისევ ქუთაისის კოპიტნარის აეროდრომიდან გაფრენილი ანალოგიური Ту-104Б ისევ დომოდედოვოს აეროპორტთან ჩამოვარდა. ავდრისა და დისპეტჩერის არასწორი მითითების გამო ეკიპაჟმა დაჯდომისას შეცდომა დაუშვა და თითქმის 60-ტონიანი ლაინერი ასაფრენ ზოლამდე დაენარცხა მიწას, შუაზე გადატყდა და ცეცხლი გაუჩნდა. საბედნიეროდ, ეკიპაჟის 7 წევრისა და 68 მგზავრისგან 59 ცოცხალი გადარჩა.

1982 წ.

14 აგვისტოს სოხუმში, ბაბუშერის აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო თვითმფრინავი, Ту-134А და L-410M შეეჯახა, რასაც 11 მგზავრის სიცოცხლე შეეწირა. Ту-134А სოხუმიდან მოსკოვში მიფრინავდა და მის ბორტზე 76 მგზავრი იმყოფებოდა, უფრო მომცრო L-410M-ს კი ქუთაისში მიჰყავდა 9 მგზავრი. დისპეტჩერისა და ეკიპაჟების მეთაურების შეცდომის გამო, ასაფრენ ბილიკზე 200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გაქანებულმა Ту-134А-მ მარჯვენა ფრთით შუაზე გაჭრა L-410M-ის ფიუზელაჟი და 9-ვე მგზავრი და ორივე მფრინავი დაიღუპა. Ту-134А-ს მგზავრებს არაფერი დაშავებიათ.

საოცარი და­მ­თხვევაა, რომ ამ ტრაგე­დიიდან ზუსტად 10 წლის შე­მდეგ ახალი ტრაგედია - აფხაზეთის ომი დაიწყო...

1985 წ.

11 ოქტომბერს სენაკთან (კოპიტნარის აეროდრომიდან დასავლეთით, 47 კმ-ში) მთას შეეჯახა Як-40, რომელიც ასრულებდა ქუთაისი-ფოთის რეისს. ავიაკატასტროფას 10 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი შეეწირა. გაირკვა, რომ დისპეტჩერმაც და ეკიპაჟმაც შეცდომა დაუშვეს, რასაც დაემატა რთული მეტეოროლოგიური ვითარება და საშინელმა შედეგმაც არ დააყოვნა.

1992 წ.

ეს ავიაკატასტროფა ნამდვილად არ მოხდებოდა, რომ ელემენტარული წესები დაეცვათ. 20 ივლისს თბილისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გარბენისას Ту-154Б ტიპის თვითმფრინავმა ვერ შეძლო აფრენა, დასახლებულ ადგილას შეიჭრა და აფეთქდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 8 წევრი და 16 მგზავრი დაიღუპა. ავიაკატასტროფას ემსხვერპლა ხმელეთზე მყოფი 4 მოქალაქეც. როგორც გაირკვა, თვითმფრინავი 20 ტონა ჩაით იყო დატვირთული, რომელიც ქ. მინვოდში მიჰქონდათ, მაგრამ თვითმფრინავში ჩატვირთვის დროს არ დაიცვეს ტვირთის გადანაწილების წესები, რის გამოც დაირღვა თვითმფრინავის ბალანსირება და აფრენა შეუძლებელი გახდა.

1993 წ.

17 ივნისს თბილისიდან 33 კმ-ში, დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტთან, მთას შეეჯახა ტაჯიკეთის კუთვნილი სამგზავრო Ан-26Б, რასაც არანაკლებ 33 კაცის დაღუპვა მოჰყვა. თვითმფრინავი ბათუმიდან ბაქოში მიფრინავდა და კატასტროფის ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.

2000 წ.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ 27 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა იმის გამო, რომ ორი დღით ადრე ბათუმთან, მტირალას მთას შეეჯახა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების Ил-18Д ტიპის სამგზავრო თვთმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან მოფრინავდა. დაიღუპა ეკიპაჟის 11 წევრი და 73 მგზავრი. უამინდობის გარდა, კატასტროფის მიზეზი დისპეტჩერისა და ეკიპაჟის შეუთანხმებელი მოქმედებაც იყო, ასევე ეკიპაჟის მეთაურის არასწორი გადაწყვეტილება გახლდათ, როდესაც ბათუმის აეროპორტში დაშვება მთების მხრიდან გადაწყვიტა.
marika
24 ოქტომბერი 2016 10:17
გთხოვთ მითხრათ 1992 ში მასალა საიდან აიგეთ?ჟურნალისტ მივამართავ
Mar
30 მაისი 2016 09:22
Mec davamateb erts 80 clebshi ...chiaturis raionis sofeli mechxetuti..chamovarda tvitmfrinavvi ..daigupa ara marto vinc bortze mgzavrobda , aramed mckemsi bavshvebic..
ვავაააა
15 აპრილი 2016 00:03
რამოდენიმე შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, მათ შორის წინა შაბათს სამებიდან გასვენებულები, რომლებიც 1993 წლის სექტემბერში სოხუმის აეროდრომზე ტუ-ს ტიპის თვითფრინავის ჩამოდგდებისას დაიღუპნენ.

რედაქტორის რჩევით