სენაკიდან დასაძინებელი ტორტით გატაცებული "მიგი" - კვირის პალიტრა

სენაკიდან დასაძინებელი ტორტით გატაცებული "მიგი"

კაპიტან ზუევს საბჭოთა კავშირიდან გაქცევისა და МиГ 29 -ის გატაცებისკენ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ უბიძგა, როდესაც საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი მომიტინგეები დაუნდობლად დაარბია...

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც საბჭოთა ჯარებმა რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეები დაარბიეს და დახოცეს, ყველა ამ ტრაგედიაზე ლაპარაკობდა... ერთი თვის შემდეგ კი მსოფლიო მასმედიის ყურადღება ისევ საბჭოთა საქართველომ მიიპყრო, - 1989 წლის 20 მაისს ყველა ცნობილი საინფორმაციო საშუალება სენსაციურ ცნობას ავრცელებდა: თურქეთის ქალაქ ტრაბზონის აეროპორტში მოულოდნელად დაჯდა წითელვარსკვლავიანი გამანადგურებელი МиГ-29, რომლის პილოტმა, კაპიტანმა ზუევმა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. როგორც გაირკვა, იმ დროისთვის უახლესი და გასაიდუმლოებული საბჭოთა გამანადგურებელი МиГ-29 ზუევმა საქართველოს ქალაქ ცხაკაიას (ასე ერქვა დღევანდელ სენაკს) სამხედრო აეროდრომიდან გაიტაცა.

სანამ თურქეთის, ხოლო შემდგომ აშშ-ის სპეცსამსახურები МиГ-29-ის გამტაცებელს დაჰკითხავდნენ, ცხაკაიას აეროდრომზე დიდი აურზაური იყო. მოსკოვიდან სპეციალური თვითმფრინავით ჩამოფრენილი КГБ-სა და ГРУ-ს გამომძიებლები, ლამის ხორცის საკეპ მანქანაში ატარებდნენ ცხაკაიაში მომსახურე სამხედროებს. როგორც დადგინდა, ცხაკაიაში დისლოცირებული 176-ე საავიაციო პოლკის მფრინავმა, კაპიტანმა ალექსანდრ ზუევმა საგანგებოდ გამომცხვარ ტორტში საძილე ტაბლეტები გაურია და 20 მაისს, ღამის მორიგეობაზე, რამდენიმე მფრინავსა და ტექნიკოსს გაუმასპინძლდა. ვინც ტორტი გასინჯა, ღრმა ძილს მიეცა, ზოგმა გონებაც დაკარგა. თავად ზუევი МиГ-29-სთან მივიდა, თუმცა შეიარაღებულმა მორიგე მექანიკოსმა შეაჩერა. ზუევმა მორიგე დაჭრა, მაგრამ ვალში არც მორიგე დარჩა და მისმა ავტომატის ტყვიამ ზუევს ხელი გაუკაწრა. საბჭოთა კაპიტანმა მაინც მოახერხა აფრენა... მართალია, აეროდრომზე უკვე გამოცხადებული იყო განგაში და ჰაერში მორიგე МиГ-29-ებიც აიჭრნენ, მაგრამ ზუევს ათიოდე წუთიც არ დასჭირვებია, რომ დაბალ სიმაღლეზე ფრენით ცხაკაიადან ტრაბზონამდე მიეღწია... თურქებმა არ დააკმაყოფილეს ამერიკელების მოთხოვნა და МиГ-29 საბჭოთა კავშირს რამდენიმე დღეში დაუბრუნეს, სამაგიეროდ, ზუევმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. მოგვიანებით ავტობიოგრაფიულ წიგნში წერდა, რომ საბჭოთა კავშირიდან გაქცევისა და МиГ 29-ის გატაცებისკენ მას 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ უბიძგა, როდესაც საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი მომიტინგეები დაუნდობლად დაარბია. ყოფილმა საბჭოთა პილოტმა უდიდესი დახმარება გაუწია ამერიკულ სპეცსამსახურებსა და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავ-ინსტრუქტორებს. მათ МиГ-29-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები და რაც მთავარია, მე-4 თაობის საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებლის ტაქტიკური გამოყენების მეთოდები გააცნო. 1991 წლის იანვარ-თებერვალში, "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციის დროს ამერიკელ მფრინავებს ძალიან გამოადგათ ზუევის რეკომენდაციები სადამ ჰუსეინის МиГ-29-ების წინააღმდეგ.

МиГ 29-ის გატაცება დიდი დარტყმა იყო ცხაკაიას საავიაციო პოლკისთვის, თუმცა ეს პოლკი საბჭოთა კავშირის დაშლამდე, სამხრეთ კავკასიაში მაინც ყველაზე ძლიერ გამანადგურებელთა პოლკად ითვლებოდა. მას პირველს უნდა გაემართა საჰაერო ბრძოლები თურქეთიდან შემოჭრილი NAთO-ს საბრძოლო თვითმფრინავებისთვის მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში.

რატომ ვერ დაიტოვა საქართველომ 34 МИГ-29

1992 წლის დასაწყისში, როდესაც საბჭოთა არმიის ქონების გადანაწილება მიმდინარეობდა სუვერენიტეტმოპოვებულ რესპუბლიკებს შორის, გაჩნდა შანსი, საქართველოს დაეტოვებინა უახლესი თაობის 34 ერთეული МиГ-29 და ორი МиГ-23ЕБ ტიპის გამანადგურებელი. პოლკის მეთაურის მოადგილე კრავცოვი პირად საუბრებში შესაძლებლად მიიჩნევდა, რომ გამანადგურებლები საქართველოს იმავე ხერხით დაეტოვებინა, როგორც აზერბაიჯანს - აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სატვირთო მანქანებით ჩახერგვით. ქართველი პილოტები ცდილობდნენ, ხმა მიეწვდინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, თუმცა აეროდრომზე ჩაფრენილ შევარდნაძესთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, რადგან პოლკის მეთაურობა მათ უკვე ალმაცერად უყურებდა. ამასთან, დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ამიტომაც მოსკოვმა ყველა МиГ-29 გაიყვანა...

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა იქ დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 მსუბუქი ქვეითი ბრიგადის ტერიტორია, ხოლო შემდგომ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების დანაყოფებმა ბაზა დაიკავეს. ბაზიდან გაიტანეს 1728 ცეცხლსასროლი იარაღი (მათ შორის 764 ამერიკული M4 და 754 "კალაშნიკოვი". ასევე Т-72 ტიპის ტანკები და