ახალი შეიარაღება ყარაბაღის კონფლიქტში - კვირის პალიტრა

ახალი შეიარაღება ყარაბაღის კონფლიქტში

აზერბაიჯანმა ოთხდღიან საბრძოლო მოქმედებებში თანამედროვე შეიარაღების რამდენიმე სახეობა გამოცადა

მთიან ყარაბაღში 2 აპრილს, გამთენიისას, დაწყებული საბრძოლო მოქმედებები, საბედნიეროდ, მასშტაბურ ომში არ გადაზრდილა, თუმცა, ოთხდღიანი შეტაკებებიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს უახლესი ტიპის შეიარაღების ის ნიმუშები გამოეყენებინათ, რომლებითაც სამხრეთ კავკასიაში აქამდე ჯერ არავის უბრძოლია.

ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა აზერბაიჯანის არმია, რომელმაც ახალნაყიდი რუსული, თურქული, სამხრეთ აფრიკის და რაც მთავარია, ისრაელის წარმოების შეიარაღების საბრძოლო ნათლობა გამართა.

უნდა აღინიშნოს, რომ ორივე დაპირისპირებული მხარე, როგორც აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს, ისე - ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ინტენსიურად იყენებს უპილოტო სადაზვერვო საფრენ აპარატებს, ამასთან, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გამოცადეს უპილოტოების დარტყმითი შესაძლებლობებიც. ეს მიუთითებს უპილოტო საფრენი აპარატების გაზრდილ როლზე თანამედროვე შეიარაღებულ კონფლიქტებში (გავიხსენოთ თუნდაც საბრძოლო მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთსა და სირიაში), მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ მხრივ ქართულ არმიას არაფერი აქვს დასაკვეხნი.

უპილოტო-კამიკაძე Harop-ი

ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეორგოლში ისმის სომეხი სამხედროების სიხარულის შეძახილი, როდესაც ისინი პიკირებაზე გადასულ აზერბაიჯანულ უპილოტოს ხედავენ, თუმცა, მათი მხიარულება ნაადრევი გამოდგა, რადგან ეს უპილოტო კი არ ჩამოაგდეს, არამედ მან თვითონ ამოირჩია სამიზნე, როგორც კამიკაძე, მას დიდი სიჩქარით დაეცა და ააფეთქა.

სომეხი სამხედროები სამხრეთ კავკასიაში ისრაელის წარმოების დამრტყმელი უპილოტოს - Harop-ის საბრძოლო პირობებში პირველად გამოყენების მოწმენი, უფრო სწორად კი - სამიზნე გახდნენ.

Harop-ი იმით გამოირჩევა სხვა სადაზვერვო უპილოტოებისგან, რომ ჰაერში ექვსი საათი შეუძლია ბარაჟირება და სამიზნის ძებნა, მისი აღმოჩენისთანავე კი ამ 135 კგ-იან უპილოტო-კამიკაძეს ოპერატორი პიკირებაზე გადაიყვანს და მოწინააღმდეგის შტაბს ან საზენიტო-სარაკეტო დანადგარს ზემოდან დიდი სიჩქარით დაეცემა, რა დროსაც დეტონირდება უპილოტოს კორპუსში დამონტაჟებული 32 კგ-იანი საბრძოლო ქობინი. აზერბაიჯანელებმა სომეხი სამხედროების შტაბის აფეთქების ვიდეო გაავრცელეს. ეს აფეთქება, ალბათ, სწორედ უპილოტო-კამიკაძე Harop-ის უზუსტესი დარტყმის შედეგია.

ასეთი თანამედროვე უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელი სისტემების გამოყენება სრულიად ცვლის ბრძოლის ტაქტიკას და მცირე დანაკარგებით მოწინააღმდეგეზე დიდი უპირატესობის მოპოვების საშუალებას იძლევა.

ми-24 Super Hind

მთიან ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღესვე სომხურმა მხარემ გაავრცელა დამწვარი საბრძოლო შვეულმფრენის ფოტოსურათი განმარტებით, რომ ის სომეხმა ჯარისკაცმა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნიდან ერთი გასროლით ჩამოაგდო. ცოტა დაუჯერებელი ჩანს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნით შვეულმფრენის ჩამოგდება (თუმცა, შეუძლებელი არ არის), მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღებას იქცევს შვეულმფრენ ми-24 Super Hind Mk.4 -ის მოდიფიკაცია. ის კარგად ცნობილი საბჭოთა დამრტყმელი შვეულმფრენის - ми-24K-ის იშვიათი მოდიფიკაციაა, რომელიც შეიარაღებაში მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს. 2010-2011 წლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და უკრაინის საავიაციო ფირმებმა აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ააწყვეს 12 ასეთი შვეულმფრენი, რომლებსაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ми-24G დაარქვეს. მოდერნიზებული შვეულმფრენი გამოირჩევა თანამედროვე ოპტიკურ-ელექტრონული აპარატურით, რაც მის ეკიპაჟს ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უსაფრთხო ფრენისა და შეიარაღების ზუსტად გამოყენების საშუალებას აძლევს. ჯერჯერობით არ ვიცით, ჩამოვარდნამდე მოასწრო თუ არა აზერბაიჯანულმა "სუპერნიანგმა" მოწინააღმდეგისთვის თავისი საბრძოლო შესაძლებლობების ჩვენება.

ტანკსაწინააღმდეგო Spike

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ახალი შეიარაღების სახეობა, ისრაელის წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები - Spike-ები გამოიყენა, რაზეც მეტყველებს აზერბაიჯანული უპილოტო თვითმფრინავიდან გადაღებული სადაზვერვო ვიდეო. კადრში ჩანს კაპონირებში მდგარი სომხური T-72 ტიპის ტანკები, რომლებიც ზემოდან მოხვედრით არის აფეთქებული. ჯავშანტექნიკის ზემოდან აფეთქება ამერიკული "ჯაველინის" გარდა, ისრაელის "სპაიკებსაც" შეუძლიათ. ცნობილია, რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანმა ისრაელისგან რამდენიმე მოდიფიკაციის "სპაიკი" შეიძინა, მათ შორის - არანაკლებ ასი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი Spike LR. ამ კომპლექსის რაკეტა 14 კგ-ს იწონის, 4 კმ-მდე მიფრინავს და მისი ტანდემურად განთავსებული ორი კუმულაციური ქობინი 700 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს არღვევს. ეს დღეს ნებისმიერი ტანკის აფეთქების გარანტიაა, რადგან ამ სისქის ჯავშანი ზემოდან არც ერთ ტანკს არ იცავს. რაც მთავარია, რაკეტის დამიზნება "გაისროლე-დაივიწყეს" რეჟიმით ხდება, ანუ ოპერატორი გასროლის შემდეგ აღარ მართავს რაკეტას და ის თვითდამიზნების რეჟიმით მოქმედებს (სხვათა შორის, ამ სტატიის ავტორს 2000 წელს საშუალება მიეცა, პრაღაში, შეიარაღების საერთაშორისო გამოფენაზე, დეტალურად გასცნობოდა "სპაიკის" სხვადასხვა მოდიფიკაციას და ჯერ კიდევ მაშინ დარწმუნებულიყო "სპაიკებით" ქართული არმიის აღჭურვის აუცილებლობაში, თუმცა, ეს დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება).

"ცეცხლისმფრქვეველი" Тос-1А "солнцепек"-ი

მინიომი მთიან ყარაბაღში სამხრეთ კავკასიის რეგიონში კიდევ ერთი საბრძოლო სისტემის ნათლობად იქცა, კერძოდ, აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებების დროს გამოიყენა მძიმე ცეცხლისმტყორცნელი სისტემა Тос-1А "солнцепек"-ი. ტანკზე დამონტაჟებული 24 ლულიდან 220 მმ კალიბრის რაკეტების გაშვება 6 კმ სიშორემდე შეიძლება. რაკეტა თერმობარული ქობინით არის აღჭურვილი და აფეთქების ადგილზე სამიზნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის საშუალებით ანადგურებს. აზერბაიჯანს რუსეთმა 18 ასეთი დანადგარი მიჰყიდა. სომეხმა სამხედროებმა ერთი აზერბაიჯანული "солнцепек"-ის განადგურების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის არმიის სამხედროები, ძირითადად, საბჭოთა დროინდელი შეიარაღებით იბრძოდნენ, თუ არ ჩავთვლით ადგილობრივი წარმოების რამდენიმე უპილოტო სადაზვერვო აპარატს, რომელთაგან ორი მაინც აზერბაიჯანელებმა ჩამოაგდეს.

მოწინააღმდეგე მხარეების დანაკარგი პირად შემადგენლობაში

Caspian Defense Studies Institute-ის მონაცემებით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 1-დან 7 აპრილის ჩათვლით დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის 82 სამხედრო მოსამსახურე, 24 კი დაიჭრა. ცნობილია ყველა დაღუპულისა და დაჭრილის ვინაობა. დაღუპულებს შორის 49 ჯარისკაცია, 7 - ზემსახური, 7 - ზემდეგი და 19 - ოფიცერი.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა კი გამოაქვეყნა 2-დან 8 აპრილის ჩათვლით თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის 44 დაღუპული სამხედროს გვარი.