კორუფცია ქართული არმიის შეიარაღებაში?! - კვირის პალიტრა

კორუფცია ქართული არმიის შეიარაღებაში?!

ამერიკელი გამომძიებლები საქართველოს მთავრობაში შეიარაღების შესყიდვებთან დაკავშირებულ კორუფციის ფაქტებს იკვლევენ...

საზღვარგარეთ შეიარაღების შესყიდვა ყოველთვის ბურუსით იყო მოცული, რასაც ხელისუფლება მუდამ სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოებების დაცვის საბაბით ხსნიდა... თუმცა ეჭვი (ხშირად გამაოგნებელი კონკრეტული ფაქტებით) მუდამ იყო, რომ შეიარაღებისა და აღჭურვილობის იმპორტის დროს ქართველი მოხელეების (და არა მარტო თავდაცვიდან) ნაწილი ხელს ითბობდა და კორუფციული გარიგებების დროს მილიონები რჩებოდათ.

მარტის დასაწყისში აშშ-ის ფედერალურმა პროკურორებმა "საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტის" დარღვევასთან დაკავშირებით 22 ამერიკელ ჩინოსანს ქრთამის აღების მცდელობაში ბრალი წაუყენეს. მათ გაბონის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის აღჭურვისთვის 15-მილიონდოლარიან გარიგებაში 3 მლნ-იანი ქრთამის გადაცემის მცდელობას ედავებიან. ეს ქრთამი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მოხელეებისთვის უნდა გადაეხადათ.

მკითხველი იტყვის, სად გაბონი, სად საქართველო, ჩვენ რა შუაში ვართო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დევიდ ალგირესმა, რომელმაც თავი დამნაშავედ უკვე ცნო, ამერიკელ გამომძიებლებს სხვა ისეთი დანაშაულობებიც ჩაუკაკლა, რომლებიც საქართველოს მთავრობას ეხება.

ბრალდებაში საქართველოსთან დაკავშირებით სამი ეპიზოდი გამოჩნდა.

პირველ ეპიზოდში ნათქვამია, რომ 2008 წლის თებერვალში ისრაელიდან ალგირესს დაუკავშირდა გაყიდვების აგენტი, რომელმაც საქართველოს მთავრობასთან 14 მლნ ერთეული M855 ტიპის ვაზნის მიყიდვაზე გააფორმა ხელშეკრულება. ალგირესმა იცოდა, რომ ეს გაყიდვების აგენტი საქართველოს მთავრობის ჩინოსნებს ქრთამს უხდიდა, რათა მათ კონტრაქტის გაფორმებისათვის შეეწყოთ ხელი.

ამ აგენტმა ისრაელში ვაზნების პარტია 3,9 მლნ დოლარად შეიძინა, ხოლო საქართველოს მთავრობას 4,7 მლნ დოლარად მიჰყიდა. ალგირესმა ამ გარიგებიდან საკომისიოს სახით 112 ათასი დოლარი მიიღო.

გამოძიების მეორე ეპიზოდის მიხედვით, 2008 წლის ივლისში, იმავე აგენტმა საქართველოს ხელისუფლებას 7,2 მლნ ერთეული საბრძოლო მასალის პარტია მიჰყიდა. ალგირესს აქედან 57.600 დოლარი ერგო.

მესამე ეპიზოდში ალგირესი აღიარებს, რომ გაყიდვების აგენტმა MRE-ს (კვების ინდივიდუალური რაციონი) საქართველოსთვის მიყიდვაში დახმარების გამო მას საკომისიო 15 ათასი დოლარი მისცა და ზუსტად იცოდა, რომ ამ კონტრაქტის მოსაპოვებლად გაყიდვების აგენტმა "კორუფციული" ფული გაიღო ზოგიერთი ქართველი მოხელისთვის.

ეს ამბავი აშშ-ში ნელ-ნელა უფრო დიდ მასშტაბებს იღებს და, შესაძლოა, საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ბევრი საქმე გასკდეს.

რაც შეეხება M855 ტიპის საბრძოლო მასალას, ის 5,56X45მმ კალიბრიან ვაზნებს წარმოადგენს და განკუთვნილია თითქმის ყველა დასავლური ნაწარმის საიერიშო შაშხანისთვის, მათ შორის ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული M4 ტიპის საიერიშო ავტომატური კარაბინებისა და Negev-ის ტიპის ხელის ტყვიამფრქვევებისთვისაც.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ვაზნების პარტიის ნაწილის მოწოდება 2008 წლის აგვისტოს ომამდე მოხდა, საბრძოლო მოქმედებებში არც M4-ები, არც "ნეგევები" და შესაბამისად, არც M855 ტიპის ვაზნები ქართულ არმიას არ გამოუყენებია.

ცოტა ხნის წინ ამ სტატიის ავტორს სასროლეთში 21-ე საუკუნის ებრაული ავტომატის, თავორ-ის გამოცდისას, გაახსენდა მე-19 საუკუნის შაშხანა, რომელიც ყოველი გასროლის შემდეგ ხელით უნდა გადაგეტენა. "ტავორი" რომ ავტომატურ რეჟიმში ვერ ისროდა, სწორედ M855 ტიპის ვაზნების ბრალი იყო, რადგან მის მასრაში მოთავსებული დენთის აფეთქების წარმოქმნილი ენერგია საკმარისი არ იყო გადატენვის სრულყოფილი პროცესის განსახორციელებლად, რის გამოც მჭიდიდან მიწოდებული მეორე ვაზნა იჭედებოდა.

მე ვერ დავამტკიცებ, რომ ეს უვარგისი ვაზნები სწორედ იმ პარტიიდან იყო, რომელიც კორუფციული გარიგების შედეგად ისრაელმა მიჰყიდა ქართულ არმიას, თუმცა ძალიან საეჭვო კია.

ისე კი, ვინც ასეთ ვაზნებს ყიდულობს და ქართველ ჯარისკაცებს აწვდის, მტერზე უარესია!

ამერიკელი პროკურორების მიერ გამოქექილ საერთაშორისო კორუფციულ საიარაღო გარიგებებში ასევე ფიგურირებდა საქართველოსთვის MRE (Meal, Ready-to-Eat)-ს სახის კვების ინდივიდუალური რაციონების პარტია. თითოეული რაციონი სამი სახის საკვებს შეიცავს (მაგალითად, ხორციანი სპაგეტი, წვენის კონცენტრატი და დესერტი), რომელთა საერთო კალორიულობა 1200 კილოკალორიაა.

ცუდი არ იქნებოდა, შეძენილი MRE-ს პარტია, ხარისხის დასადგენად შერჩევით გადამოწმდეს, რადგან მათი შენახვის ვადა 3 წლამდეა და არ არის გამორიცხული, ზემოხსენებული კორუფციული გარიგების შედეგად ქართული არმიისთვის უკვე ვადაგასული კვების ინდივიდუალური რაციონები მიეყიდათ, რაზეც მოქრთამული ქართველი მოხელეები, ბუნებრივია, ხელს მოითბობდნენ...