საშიშროებას "ურანი-238"-ისგან დამზადებული კონტეინერი კი არა, მასში შენახული მაღალრადიოაქტიური ნივთიერება წარმოადგენს (ჟურნალისტური გამოძიება) - კვირის პალიტრა

საშიშროებას "ურანი-238"-ისგან დამზადებული კონტეინერი კი არა, მასში შენახული მაღალრადიოაქტიური ნივთიერება წარმოადგენს (ჟურნალისტური გამოძიება)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა "ურანი-238"-ის უკანონო შენახვა-გასაღების ბრალდებით საქართველოსა და სომხეთის სამ-სამი მოქალაქე დააკავა.

სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში გამოჩნდა საბჭოთა პერიოდში დამზადებული (ალბათ, 1980-იან წლებში) "მაგისტრალის" ტიპის კონტეინერი, რომელიც რადიოაქტიური ნივთიერებების გადასატანად გამოიყენება. რადიაციის გამზომმა ხელსაწყომ კონტეინერის ზედაპირზე თითქმის 10 მიკროზივერტი/სთ გამოსხივება აჩვენა, რაც დასაშვებ ნორმაზე 25-50-ჯერ მეტია. ცხადია, საფრთხე ემუქრებათ იმ ადამიანებს, ვისაც ეს კონტეინერი უკანონოდ გადაჰქონდა და ინახავდა.

საინტერესოა, რომ სატრანსპორტო კონტეინერი დამზადებულია გაღარიბებული ურანისგან, რათა უფრო მაღალი რადიოაქტიური გამოსხივების ნივთიერება გადაიტანონ უსაფრთხოდ.დაკავებულებს ჰბრალდებათ, რომ ისინი ამ ბირთვული მასალის გაყიდვას 200 მლნ აშშ დოლარად აპირებდნენ, რაც ძნელი წარმოსადგენია, რადგან გაღარიბებულ ურანს მსოფლიო ბაზარზე ამხელა ფასი არ აქვს.

გაღარიბებულ ურანს არ შეიძლება ჰქონდეს ასეთი მაღალი გამა-გამოსხივებაც, რაც აჩენს ეჭვს, რომ კონტეინერში უფრო მძლავრი რადიოაქტიური ნივთიერებაა მოთავსებული, რომლის გამა-გამოსხივებას ვერ ახშობს გაღარიბებული ურანისგან დამზადებული კონტეინერის კედლები. შეიძლება იმიტომაც, რომ დარღვეულია თავად კონტეინერის ჰერმეტულობაც.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემომტანები სომხეთის მოქალაქეები არიან. მათგან ყველაზე საშიშად ითვლება 2010 წლის 11 მარტს ამოღებული 17 გრამი მაღალგამდიდრებული ურანი, რომელიც სომხეთის ორმა მოქალაქემ ჩამოიტანა თბილისში. ბირთვული იარაღის შესაქმნელად სწორედ ასეთი, მაღალგამდიდრებული ურანი გამოიყენება.

აშშ-ის დახმარებით, საქართველოს საზღვრის ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებულია რადიაციის გამზომი ხელსაწყოები. მესაზღვრეები, პატრულის თანამშრომლები და სპეცსამსახურების წარმომადგელები აღჭურვილი არიან რადიაციის მზომი პორტატული პეიჯერებით. ეს ტექნიკური საშუალებები და ოპერატიული ღონისძიებები ქართველ სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს, მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძოლონ ისეთ საშიშ დანაშაულს, როგორიც არის ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ტრანზიტი და შენახვა.

ვის და საიდან შემოაქვს უკანონოდ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებები საქართველოში

შსს-მ და სუს-მა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის 24 ფაქტი გამოავლინეს და 70 პირი დააკავეს. აი, ასეთია 2006-2016 წწ-ებში განხორციელებული ოპერაციების სტატისტიკა:

2006 წელი:

1-ლი თებერვალი, ქ. თბილისი. ამოღებულია მაღალგამდიდრებული ურანი, 110 გრამი. დაკავებულია ხუთი პირი (ერთი რუსეთის და ოთხი საქართველოს მოქალაქე). ურანი ჩამოტანილია რუსეთის ფედერაციიდან.

17 ივლისი, ქ. ბათუმი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ერთი პირი (თურქეთის მოქალაქე), ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

1-ლი აგვისტო, ქ. ბათუმი. გაუმდიდრებელი ურანი, საერთო წონა 1,5 კგ. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე), ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

2007 წელი:

9 ივნისი, ქ. ბათუმი. ამოღებულია გაუმდიდრებელი ურანი, 14 გრამი. დაკავებულია ორი პირი (უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები). ურანი, სავარაუდოდ, მოპარულია რუსეთის ფედერაციაში.

24 ოქტომბერი, ქ. ბათუმი. მომწამვლელი ნივთიერება (ასაღებდნენ რადიოაქტიურად). დაკავებულია ოთხი პირი (სომხეთის მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია სომხეთიდან.

2 ნოემბერი, ქ. ზუგდიდი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

2008 წელი:

14 ოქტომბერი, ქ. თბილისი, "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია მცხეთის საცავიდან.

5 დეკემბერი, ქ. თბილისი. პროფილაქტიკური მუშაობის შედეგად ამოღებულია "ცეზიუმ-137"-ის წყარო. არავინ დაუკავებიათ.

2009 წელი

ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

2010 წელი:

11 მარტი, ქ. თბილისი. ამოღებულია მაღალგამდიდრებული ურანი, 17 გრამი. დაკავებულია სამი პირი (ერთი საქართველოს და ორი სომხეთის მოქალაქე). ურანი შემოტანილია სომხეთიდან.

12 ნოემბერი, ქ. თბილისი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ოთხი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

2011 წელი:

3 თებერვალი, ქ. ქობულეთი. ამოღებულია "ევროპიუმ-152"-ისა და "ირიდიუმ-192"-ის წყაროები, დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერებები მოპარულია საქართველოში, ქ. ქუთაისში.

4 აპრილი, სოფელი აღაიანი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია საქართველოში, რუსული სამხედრო ბაზიდან (ვაზიანი).

2012 წელი:

6 იანვარი, ქ. თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი 36 ამპულა. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

5 აპრილი, ქ. სამტრედია. გაუმდიდრებელი ურანი, საერთო წონა 1 კგ. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

10 აპრილი, ქ. ბათუმი. სხვადასხვა ნივთიერება ("ცეზიუმ-137"-ის, "კობალტ-60"-ის, "ამირიციუმ-241"-ის წყაროები). დაკავებულია სამი პირი (ერთი საქართველოს და ორი თურქეთის მოქალაქე). ნივთიერებები შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

20 აპრილი, ქ. ბათუმი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი სამი ამპულა. დაკავებულია სამი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

17 ივნისი, ქ. ზუგდიდი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი ცხრა ამპულა. დაკავებულია ოთხი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

17 ივნისი, ქ. ქობულეთი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი ორი ამპულა. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერების წარმომავლობა ვერ დადგინდა.

2013 წელი:

29 მაისი, ქ. სამტრედია. ამოღებულია "სტრონციუმ-90"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

25 სექტემბერი, დაბა ბეთანია. ამოღებულია "ამირიციუმ-241"-ით დაფარული 12 ფირფიტა. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია საქართველოში, ქ თბილისში.

2014 წელი:

1-ლი აგვისტო სოფ. სადახლო. ამოღებულია "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (სომხეთის მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია სომხეთიდან.

2015 წელი:

11 აგვისტო ქ. თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ 135"-ის და "ცეზიუმ 137"-ის ნარევის შემცველი ორი ამპულა. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება, სავარაუდოდ, შემოტანილია რუსეთის ფედერაციიდან.

2016 წელი:

5 იანვარი, ქ. თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ 137"-ის წყარო. დაკავებულია სამი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერების წარმომავლობა დგინდება.

15 აპრილი, ქ. თბილისი. ამოღებული გაღარიბებული ურანისგან დამზადებული კონტეინერი (ე. წ. მაგისტრალი). დაკავებულია ექვსი პირი (სამი საქართველოს და სამი სომხეთის მოქალაქე). ნივთიერების წარმომავლობა დგინდება.

რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება?!

"ურანის საქმეზე" დაკავებულები არიანL: სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე: მირან მოვსესიანი, აშოტ გოროიანი, ჰაიკაზ ჰოვაკიანი და საქართველოს 3 მოქალაქე: მუხტარ ცქიტიშვილი, თამაზ ბიჩიკაშვილი და სავლე ლურსმანაშვილი. სუს-ის განმარტებით, აღნიშნული პირები თბილისში ბირთვული მასალის გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ და ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე - საბურთალოზე, მუხტარ ცქიტიშვილის ბინაში დააკავეს. რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნივთიერება "ურანი-238"-ია (U-238). გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბირთვული მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი ან ვაჭრობა) მიმდინარეობს, რაც ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობით ისჯება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ყველა მათგანი დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიების ვარაუდით, ურანი სომხეთის მოქალაქეებმა ჩამოიტანეს, მაგრამ რა გზით, ეს დასადგენია. ერთი ვერსიით, ბირთვული მასალა სომხეთის მოქალაქეებმა 14 აპრილს სატრანსპორტო კონტეინერით შემოიტანეს. მათ ტვირთი მძღოლების - თამაზ ბიჩიკაშვილისა და სავლე ლურსმანაშვილის დახმარებით თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მიიტანეს. სახლი, სადაც "ურანი-238" შეინახეს, საქართველოს მოქალაქეს, 74 წლის მუხტარ ცქიტიშვილს ეკუთნის.

სუს-ს ოპერატიული ინფორმაცია საქმეში ჩანერგილმა აგენტმა მიაწოდა, რომელიც თითქოსდა ურანის მყიდველი იყო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან და რომელმაც სომხეთის მოქალაქეებს თბილისში დაუთქვა შეხვედრა.

იმის გასარკვევად, თუ როგორ გადმოიტანეს კონტრაბანდული ურანი საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადაც რადიოაქტიური ნივთიერების აღმომჩენი კონტროლის სისტემები - პორტატიული რადიაციული მონიტორებია დამონტაჟებული, "კვირის პალიტრა" სუს-ის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს გვეტყოდნენ. ქართველი ბრალდებულების ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარისგან თავს იკავებენ.

იოსებ ნატროშვილი, მირან მოვსესიანის ადვოკატი: - ურანის საქართველოში შემოტანა არავის ედება ბრალად, ამ ეტაპზე ეს ფაქტი დაუდასტურებელია. ექვსივე დაკავებულს რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვა-ფლობა და განკარგვა აქვს ბრალად წაყენებული, მაგრამ დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ორი მძღოლის გარდა, ყველანი მუხტარ ცქიტიშვილის სახლში დააკავეს. არც ერთი არ ამბობს, საიდან აღმოჩნდა იქ ეს ნივთიერება, ამის დადგენა გამოძიებას მოუწევს.

- ვინ არის მირან მოვსესიანი?

- მოვსესიანი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე პენსიონერია. პენსიაზე გასვლამდე სომხეთის ძალოვან უწყებაში მუშაობდა. სამივე სომხეთის მოქალაქე იცნობდა ერთმანეთს. საიდან მოხვდა ეს ნივთიერება ცქიტიშვილის ბინაში, ვისია ან ვინ დგას ამის უკან, ვერაფერს გეტყვით. ურანი სომხეთის მოქალაქეებს რომ შემოეტანათ, ეს საზღვარზე აუცილებლად დაფიქსირდებოდა. სენსორი რისთვისაა, თუ ურანი ვერ აღმოეჩინა?

- გამოძიება რა ვერსიაზე მუშაობს და ექსპერტიზამ რა დაასკვნა?

- იკვლევენ, როგორ და საიდან მოხვდა "ურანი-238" ცქიტიშვილის სახლში. მხოლოდ ისაა დადგენილი, რომ ის ნივთიერება U-238-ია. შესაძლოა, რომელიმე მხარემ ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა და მან სხვა დასკვნა გააკეთოს.

- ითქვა, რომ 200 მილიონ დოლარად აპირებდნენ ურანის გაყიდვას.

- ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაშია მითითებული, რომ სომხები ურანის 200 მილიონ დოლარად გაყიდვას აპირებდნენ, თუმცა საქმის მასალებით ეს არ იკვეთება. ეს მოწმე სუს-ის ჩანერგილი თანამშრომელია. მოვსესიანის ოჯახის წევრებს აინტერესებთ, რა ხდება, მათ არაფერი იციან. არც ერთი პირი ნასამართლევი არ არის. ამ საქმეს თავიდან გრიფი "საიდუმლო" ედო, თუმცა პროკურორმა გაასაიდუმლოა.

თემურ გოგსაძე, აშოტ გოროიანის ადვოკატი: - აშოტ გოროიანს სომხეთში მცირე ბიზნესი აქვს, სერიოზული ადამიანი ჩანს და არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ასეთ საქმეში გაეხვეოდა. შეხვედრის დროს მითხრა, მეგობრებთან ერთად თბილისში სტუმრად ვიყავი, იმ ბინაში ღამე გავათიე და სრულიად მოულოდნელად ასეთ გაუგებრობაში აღმოვჩნდიო. გოროიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს. 200 მილიონ დოლარს რაც ეხება, ეს ასტრონომიული ციფრი და ზღაპრის თემაა. არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, ექსპერტიზები, სპეციალისტთა შეფასებები, რომელთაც მე კარგად ვიცნობ. თვითონ ოფიცერი ვარ, ყველა ომი გამოვლილი მაქვს, 12 წელი ვიყავი მეცნიერებათა აკადემიაში, მცხეთის ატომური რეაქტორის ანაბანაც კარგად ვიცი და ვხედავ, ბევრი კითხვის ნიშანია. პროცესი საერთაშორისო სტანდარტის დაცვით უნდა წარიმართოს და არც საქართველოს და არც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეთა უფლებები არ უნდა დაირღვეს. ვერ უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, რომ აღმოჩენილი ნივთიერება მართლა "ურანი-238"-ია. ამგვარი ექსპერტიზების ჩატარება დიდ სირთულეებთან და დროსთან არის დაკავშირებული და ვფიქრობ, ხანმოკლე დროის განმავლობაში აბსოლუტურად ავთენტური ექსპერტიზის ჩატარება რთული იქნება. რადიოაქტიური ნივთიერების საზღვარზე გადმოტანის და შუაგულ თბილისში დაცლის ფაქტი თუ მართლა დადასტურდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემა იქნება.

რისთვის გამოიყენება ეს კონტეინერი

ეს კონტეინერი გაღარიბებული ურანისგან არის დამზადებული და დაახლოებით 54 კგ-მდე იწონის. მასში სამი რადიოაქტიური წყაროს განთავსება შეიძლება. ეს სატრანსპორტო-გადასატვირთი კონტეინერი გამოიყენება საველე პირობებში დეფექტოსკოპების (გამა-დეფექტოსკოპები გამოიყენება მეტალისა და შედუღების ადგილების რადიოგრაფიკული კონტროლისთვის, ანუ გამა-გამოსხივება აღმოაჩენს, თუკი მეტალის შედუღების ნაკერზე თვალით უნახავი დეფექტია. ასეთი კონტროლი აუცილებელია, მაგალითად, ნავთობისა და გაზის მილსადენების გაყვანისას) რადიოაქტიური წყაროების დასაყენებლად და შესაცვლელად. დეფექტოსკოპების რადიოაქტიური წყაროები "სელენი-75"-ის, "ირიდიუმი-192"-ის და "კობალტი-60"-ის რადიონუკლეიდებს შეიცავს. ეს რადიონუკლეიდები გამოირჩევიან ძალიან მაღალი რადიოაქტიურობით, მაგალითად, დედამიწის მთელი ზედაპირის რადიოაქტიური დაბინძურებისთვის მხოლოდ 510 ტ "კობალტი-60"-ია საკმარისი, ისე, რომ ერთ კვ.მ-ზე 1 გრამი მოვიდეს, რაც ადამიანს ერთი წლის განმავლობაში სასიკვდილო დასხივებას მიაყენებს.

ამიტომაც შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ამოღებულია არა გაღარიბებული ურანი, ანუ "ურანი-238" (რომლისგანაც სატრანსპორტო კონტეინერია დამზადებული და ის კი არ უნდა ასხივებდეს, არამედ მის შიგნით მოთავსებული მაღალრადიოაქტიური ნივთიერების გამოსხივებას უნდა შთანთქავდეს), არამედ მასში განთავსებული მაღალრადიოაქტიური ნივთიერება ან ნივთიერებები, სულაც, ზემოთ ჩამოთვლილთაგან ("სელენი-75", "ირიდიუმი-192", "კობალტი-60") - რომელიმე. საჭიროა კონტეინერის გახსნა უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით და დადგენა, რა დევს კონტეინერში.

როგორია ბუნებრივი რადიაციული ფონი

ნორმალური რადიაციული ფონია დაახლოებით 0,2 მიკროზივერტი/სთ-ში, დასაშვები ზედა ზღვარი კი - 0,5 მიკროზივერტი/სთ-ში. წელიწადში ადამიანმა შეიძლება უსაფრთხოდ მიიღოს 3-4 მილიზივერტი, ხოლო მთელი სიცოცხლის განმავლობაში - 100-დან 700 მილიზივერტამდე. ერთი მილიზივერტი ათას მიკროზივერტს უდრის.

2 000 მეტრზე მაღლა ვინც ცხოვრობს, სამჯერ მეტ მზის რადიაციას იღებს, ვიდრე ზღვის დონეზე მცხოვრებნი.K კბილის რენტგენის სურათის გადაღებისას ადამიანი დაახლოებით 0,2 მიკროზივერტი/სთ-ში დასხივებას იღებს.

რაში გამოიყენება "ურანი-238"

ურანის მადანში 99,27% "ურანი-238"-ის იზოტოპია და მხოლოდ 0,72% - "ურანი-235". ბირთვული იარაღის შესაქმნელად მხოლოდ "ურანი-235" გამოდგება, ისიც - 90%-მდე გამდიდრებული. ამიტომაც ურანის მადანს "ურანი-238" ათასობით ცენტრიფუგის გამოყენებით სცილდება და "ურანი-235" გროვდება. მოშორებულ "ურან-238"-ს გაღარიბებულ ურანს უწოდებენ და რა დაუჯერებელიც უნდა იყოს, მისი რადიოაქტიური გამოსხივება უფრო დაბალია, ვიდრე მიწიდან ამოღებული ბუნებრივი ურანის მადნისა.

ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ მაღალი სიმკვრივის გამო გაღარიბებულ ურანს სამგზავრო თვითმფრინავებში ბალასტადაც იყენებენ. მაგალითად, "ბოინგ-747"-ის პირველ მოდიფიკაციებში თითქმის ერთი ტონა გაღარიბებული ურანი იყო მოთავსებული. თანამედროვე მოდელებში ის ვოლფრამით შეცვალეს.

გაღარიბებული ურანი ასევე გამოიყენება ამერიკული ტანკის - "აბრამსის" ჯავშნის და ჯავშანგამტანი ჭურვების დასამზადებლად. მას ურევენ სტომატოლოგიურ ფაიფურში, რათა კბილების პროთეზს ბუნებრივი კბილების ბზინვარება მიეცეს.

გაღარიბებული ურანისგან ამზადებენ რადიოაქტიური ნივთიერებების სატრანსპორტო კონტეინერებსაც, სწორედ ისეთს, როგორიც სუს-მა 2016 წლის 18 აპრილს თბილისში ამოიღო.

ირაკლი ალადაშვილი

ნანა ფიცხელაური