პენტაგონი საქართველოში ტანკების სწრაფად გადმოსროლაში ვარჯიშობს
02-05-2016
პენტაგონი საქართველოში ტანკების სწრაფად გადმოსროლაში ვარჯიშობს
რა სატრანსპორტო გზები არსებობს საქართველოში NATOს საბრძოლო ტექნიკის გადმოსასროლად, რამდენად სწრაფად შეიძლება ამის განხორციელება და როგორ შეიძლება შეუშალოს ხელი რუსეთმა ამ ჩანაფიქრს...

ამერიკული ტანკების აქეთ-იქით ტარებას აჯობებდა, პენტაგონს საქართველოში საბრძოლო ტექნიკის დასაწყობების ბაზა შეექმნა


მაისის შუა რიცხვებში თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, მეორედ გაიმართება ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი-2016" (Noble Partner-2016), რომელში მონაწილეობისთვისაც ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდლობა საქართველოში "აბრამსის" ტიპის ტანკების ერთ ასეულს გამოგზავნის.

იმის დასადგენად, თუ რამდენად
მოსახერხებელია ბულგარეთიდან ბორნით წამოღებული "აბრამსების" ჩამოტვირთვა ბათუმის პორტში და შემდეგ ვაზიანამდე სარკინიგზო ეშელონით მათი ტრანსპორტირება, ბათუმს ესტუმრა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი ამერიკელ და NATO-ს მაღალჩინოსან სამხედროებთან ერთად.

გენერალმა ჰოჯესმა არც დამალა, რომ მათი ვიზიტის მიზანია, გაეცნონ ბათუმის პორტისა და რკინიგზის
ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, დაადგინონ, რამდენად ოპერატიულად და უხიფათოდ შეიძლება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მძიმე ტექნიკის გადმოსროლა საქართველოში.

ეს რომ შესაძლებელია, ამერიკელი გენერალი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დარწმუნდა, როდესაც ვაზიანში, ერთობლივ სამხედრო სწავლებაზე - "ღირსეული პარტნიორი-2015" - ანალოგიური მარშრუტით ჯერ ჩამოიყვანეს და შემდეგ უკან გაიტანეს "ბრედლის" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები.

მართალია, 30 ტ-იანი "ბრედლის" (შარშან ამერიკელებმა ვაზიანში ამ ქვეითთა საბრძოლო მანქანის თანამედროვე მოდიფიკაცია M2A3 ჩამოიტანეს) და 62 ტ-იან "აბრამსის" ბორნიდან გადმოყვანისა და რაც მთავარია, სარკინიგზო პლატფორმაზე დატვირთვა-ჩამოცლის ტექნიკური პროცედურები განსხვავებულია, მაგრამ მთავარი სულ სხვა რამ გახლავთ - რამდენად ოპერატიულად შეძლებენ ისინი რეალურად შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში მძიმე საბრძოლო ტექნიკის საქართველოში გადმოსროლას, რა მარშრუტით და რამდენად ითვალისწინებენ რუსეთის ხელის შემშლელ ფაქტორებს.

ამერიკული დანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის საქართველოში გადმოსროლის სამი - სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო - გზა არსებობს, თითოეულს კი თავისი უპირატესობა და სუსტი მხარეები აქვს.

ბუნებრივია, ყველაზე ოპერატიულად ამერიკული სამხედრო დახმარების საქართველოში გადმოსროლა შეიძლება საჰაერო გზით, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის გამოყენებით (ოღონდ ცოცხალი ძალის, რადგან მძიმე საბრძოლო ჯავშანტექნიკის ჩამოტანას დიდი რესურსი დასჭირდება).

სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებს, ასევე - სენაკისა და მარნეულის სამხედრო აეროდრომებსაც შეუძლიათ, ვაზიანისა და თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომების მოწესრიგების შემდეგ კი მათი გამოყენებაც იქნება შესაძლებელი. მაგრამ თუ აგრესორმა ქვეყანამ ქართული აეროდრომების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების დაბომბვა და მწყობრიდან გამოყვანა მოასწრო (2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ავიაციამ თითქმის ყველა აეროდრომი დაგვიბომბა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა და ესეც პოლიტიკური მოსაზრებით არ გააკეთა, თორემ ტექნიკურად ეს არ გაუჭირდებოდა), მაშინ ეს შესაძლებლობა აღარ გვექნება.

სახმელეთო გზა, რომლითაც ამერიკული საბრძოლო ტექნიკის გადმოსროლა შეიძლება, მხოლოდ თურქეთზე გადის. მართალია, თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ინჯირლიყში, დისლოცირებულია დიდი ამერიკული სამხედრო ბაზა, მაგრამ ის საჰაერო ძალებისაა და იქ შეიარაღებაში მძიმე ჯავშანტექნიკა არ აქვთ. ერთადერთი მიმართულებაა გერმანიის ამერიკული სამხედრო ბაზებიდან, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით, "აბრამსებისა" და "ბრედლების" ავტოლაფეტებით ჩამოყვანა, თუმცა, ეს პროცესი გაჭიანურდება და ოპერატიულობას დაკარგავს.

ერთი წლის წინ ზემოხსენებული სახმელეთო მარშრუტი არცთუ მისაღები ჩანდა, რადგან NATO-ს წევრობის მიუხედავად, თურქეთი, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით, ალბათ, არ დასთანხმდებოდა ამერიკული "აბრამსების" საქართველოსკენ ტრანზიტს (ოფიციალური ანკარის ეს სიფრთხილე 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც გამოჩნდა, როდესაც მან შეზღუდა ბოსფორის სრუტეში ჩრდილოატლანტიკური პარტნიორის - აშშ-ის ზოგიერთი სამხედრო ხომალდის გავლა, რომლებიც საქართველოს სანაპიროსკენ მოემართებოდა), თუმცა, სირიის კონფლიქტში რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებისა და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუარესების ფონზე აღარ გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ ანკარამ ამერიკული მძიმე ტექნიკა სახმელეთო გზით ბათუმისა და ვალეს მიმართულებით გაატაროს.

მესამე, საზღვაო გზა, ერთი შეხედვით უფრო საიმედო ჩანს, რადგან ბულგარეთის (ბურგასისა და ვარნის) და რუმინეთის (კონსტანცის) პორტებიდან გამოსული ამერიკული "აბრამსებით" დატვირთულ ბორნებს ბათუმისა და ფოთის პორტებამდე საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შეიძლება პირდაპირ არ დაესხას თავს ამერიკულ ბორნებს, მაგრამ მწყობრიდან გამოიყვანოს ბათუმისა და უპირველესად - ფოთის პორტების ნავმისადგომები, ან სულაც საზღვაო ნაღმები ჩაუშვას ამ პორტების სიახლოვეს, რაც საქართველოს სანაპიროსთან დიდი ხნით შეაჩერებს ნაოსნობას სავაჭრო გემებისთვისაც კი და ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.

როგორც ხედავთ, არ არსებობს გზა, რომლითაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში ამერიკული სამხედრო დახმარების გარანტირებულად ოპერატიულად გადმოსროლა შესაძლებელი იქნება.

თუკი აშშ-ის ხელისუფლებას რუსული აგრესიის შემთხვევაში მართლაც ჩაფიქრებული აქვს საქართველოს სამხედრო დახმარება, ყველაფერს აჯობებს, არ დაელოდონ კრემლს და ქართულ მიწაზე წინასწარ განთავსდეს ამერიკული საბრძოლო ტექნიკა, როგორც მოხდა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ირაკლი ქუთაისელი
15 მაისი 2016 11:51
ვაიკო მაგარი ტალანტი გვყავს. რუსების ყველა გეგემა ხომ იცის. სტრატეგია-ტაქტიკა იცის. საცოდაობაა დროს ჩვენნაირებთან რომ აცდენს. რას ეწევი ვაიკო? დაანებე თავი თორემ კაპიტოლიუმი უკან დაგრჩება.
vato
14 მაისი 2016 12:40
რუსეთის ბაზების ფონზე ცხინვალში უკვე ცოტა გვიანი ხომ არაა საჰაერო თავდაცვაზე გათვლა?. კავკასიონს უკვე გამოცნენ და აქ გვიზიან. ამ სიტუაციაში ალბათ ტანკი მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება რომელიც ომის ბედს გადაწყვეტს. აქედან გამომდინარე ტანკის ირგვლივ უნდა ავაწყოთ ჩვენი თავდაცვის სტრატეგია ამ ეტაპზე მაიც.დიდი ალბათობით ვცდები რათქმაუნდა:)-


DDD
14 მაისი 2016 10:48
რას ნიშნავს "დაარტყი და გაეცალე"?
აზრზე თუ ხართ?
ომი კომფორტით გინდათ მოიგოთ? საკუთარი სისხლის დაუღვრელად?
სად წაიკითხეთ ასეთი? ალადაშვილის სტატიებში ალბათ.
"დასაწყობებაც" მაგარია. ჩამოვიტანოთ და დავასაწყობოთ.
ეს საქმეს შველის?
დასაწყობებული არ იყო იარაღი სანეკსა და გორში, რომ მივატოვეთ რა აგრესორებმა სატვირთო კოლონებით გაიტანეს?
ეეეხ, თქვენც ალადაშვილივით და თიკუნასავით სტრატეგები და მეომრები ხართ.

რედაქტორის რჩევით