რა შეეძლოთ რუსთავიდან გაშვებულ საზენიტო რაკეტებს...
09-05-2016
რა შეეძლოთ რუსთავიდან გაშვებულ საზენიტო რაკეტებს...
C-200-ის 11 ტონიან საზენიტო რაკეტას 200 კმ სიშორესა და 29 კმ სიმაღლეზე შეეძლო საჰაერო მიზნების განადგურება. რაკეტის საბრძოლო ქობინი ორი ერთმანეთთან შეერთებული ნახევარსფეროსგან შედგება, რომელშიც 90 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება და 37 ათასი გამზადებული დამაზიანებელი ელემენტია განთავსებული

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართულ ცაში უზარმაზარი, 125-ტონიანი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება მოსკოვმა უკრაინის მიერ ქართული მხარისთვის C-200 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემით ახსნა. სინამდვილეში უკრაინელებს ჩვენთვის C-200 არ გადმოუციათ, რუსული ზებგერითი რაკეტმზიდი - ბომბდამშენი
Ty-22M3 კი ქართულმა "ბუკმა" ჩამოაგდო, თუმცა თავის დროზე საქართველოში C-200-ები ნამდვილად იყო განთავსებული.

კუმისის ტბასთან 80-იან წლებში დისლოცირებული იყო საბჭოთა საზენიტო-სარაკეტო სამხედრო ნაწილი, რომლის შეიარაღებაში იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი C-200 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები იდგა. განსხვავებით C-75 და C-125 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისგან, რომლებიც მრავლად იყო
განთავსებული თბილისის გარშემო, ფოთსა თუ გუდაუთასთან, რუსთავთან მდგარი C-200-ების საბრძოლო ამოცანა უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ.

ამ საზენიტო რაკეტების ორი დივიზიონი, 12 გასაშვები დანადგარითურთ, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ რუსთავთან იყო განლაგებული. სამხრეთ კავკასიაში C-200-ები საქართველოს გარდა, აზერბაიჯანში, ბაქოსთანაც იდგა. სხვა­თა შორის, აზერბაიჯანმა C-200-ები შეიარაღებაში დაიტოვა და 2011 წლის სამხედრო აღლუმზეც ჩაატარა.

იმის გათვალისწინებით, რომ C-200-ების სასტარტო პოზიციები რუსთავის დასავლეთით და თბილისის სამხრეთით იყო, მათი მთავარი საჰაერო სამიზნეები NATO-ს ის დამრტყმელი თვითმფრინავები უნდა გამხდარიყო, რომლებიც მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში სამხრეთიდან, თურქეთის ტერიტორიიდან შეეცდებოდნენ შემოჭრას და თბილისის, როგორც სტრატეგიული ობიექტის (სადაც განთავსებული იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბიც) დაბომბვას.

თბილისის ზღვაზე, სოფელ ლენინისთან, მოწყობილი იყო C-75 და C-125 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების სასტარტო პოზიციები, თუმცა, C-200-ისგან განსხვავებით, C-75-ის საზენიტო რაკეტას 34 კმ-მდე, ხოლო C-125-ისას მხოლოდ 18 კმ-მდე მანძილზე შეეძლო საჰაერო სამიზნის დაზიანება. არადა, გასული საუკუნის 80-იან წლებში NATO-ს წევრი ქვეყნების ავიაციის შეიარაღებაში უკვე გამოჩნდა "ჰაერი-ხმელეთის" კლასის ბირთვულქობინიანი მართვადი რაკეტები, რომელთა გაშვება რამდენიმე ათეული კმ-იდან შეიძლებოდა ისე, რომ თვითმფრინავები არ შევიდოდნენ C-75-ისა და C-125-ის მოქმედების ზონაში.

რუსთავიდან გაშვებული C-200-ები შეიძლება გამხდარიყო ერთგვარი "გრძელი ხელკეტი", რომელიც 200 კმ მანძილზე, ფაქტობრივად, ისევ თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოყრიდა საბჭოთა კავშირის სამხრეთ საზღვრისკენ, საქართველოს ცისკენ წამოსულ NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავებს.

სავარაუდოდ, რუსთავთან განთავსებული C-200-ის დივიზიონების შეიარაღებაში ბირთვულქობინიანი საზენიტო რაკეტებიც უნდა ყოფილიყო (დივიზიონზე ერთი ბირთვული ქობინი). ბირთვულქობინიანი საზენიტო რაკეტა განკუთვნილი იყო ჯგუფური საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად. თუკი ომის დაწყების შემთხვევაში თბილისის დასაბომბად რამდენიმე ათეული თვითმფრინავი ერთად წამოვიდოდა, მათ წინააღმდეგ რამდენიმე საზენიტო რაკეტას კი არა, ბირთვულქობინიან ერთ C-200-ს გაუშვებდნენ, საჰაერო ბირთვულ აფეთქებას კი ვერც ერთი თვითმფრინავი ვერ გადაურჩებოდა.

C-200-ების გათვლებისთვის განსაკუთრებული საჰაერო სამიზნეები იყო ამერიკული ზებგერითი სტრატეგიული მზვერავი SR-71 და შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის E-3A "ავაქსის" ტიპის თვითმფრინავები. 25 კმ სიმაღლეზე 3000 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მფრენი SR-71-ის ჩამოგდება მხოლოდ C-200-ის საზენიტო რაკეტას თუ შეეძლო, რომელიც სტარტის შემდეგ წამში ერთ კმ-ს გადიოდა!

"ავაქსები" კი საბჭოთა საზღვარს 150-200 კმ-ზე ახლოს არ უახლოვდებოდნენ, რადგან მათ ძლიერ საბორტე რადიოლოკაციურ სადგურებს 600 კმ-ის რადიუსში შეეძლოთ რადიოელექტრონული დაზვერვა.

NATO-ს "ავაქსები" თურქეთის საჰაერო სივრციდან მუდმივად ზვერავდნენ იმდროინდელი საბჭოთა კავშირის სამხრეთ ფლანგს - ამიერკავკასიას. რუსთავთან მდგარი C-200-ების საბრძოლო გათვლებს­ მიზანში სწორედ ეს "ავაქსები" ჰყავდათ ამოღებული.

C-200-ების სასწავლო გასროლები ყაზახეთში, პოლიგონზე მიმდინარეობდა, სადაც ჩადიოდნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის - რუსთავიდანაც. რუსთავის პოზიციიდან C-200-ის სტარტი არ შემდგარა.

80-იანი წლების ბოლოს რუსთავთან C-200-ების საზენიტო-სარაკეტო პოზიციები გაუქმდა. ამის მიზეზი ისიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ რაკეტების გამშვები დანადგარები მიწაზე დაგებულ რელსებზე გადაადგილდებოდა და რაღაც მიზეზით ეს რელსები მწყობრიდან გამოვიდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ადგილზე დარჩა სპეციალურ კონტეინერებში შენახული C-200-ის საზენიტო რაკეტები, ხოლო დამიზნებისა და მართვის რადიოლოკაციური სადგურები და სხვა ტექნიკა რუსმა ოფიცრებმა სპეციალურად გამოიყვანეს მწყობრიდან. მოგვიანებით, 90-იან წლებში, ხანძარი გაუჩნდა კონტეინერებში ჩაწყობილ C-200-ის რაკეტებს, რაც, ჩვენი აზრით, შემთხვევით არ მომხდარა.

ასე დასრულდა C-200-ების ხანა საქართველოში. მიუხედავად ამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მოძველებისა, მისი ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენახვისა და საბრძოლო მორიგეობაზე დაყენების შემთხვევაში (როგორც აზერბაიჯანის არმიაშია) საქართველოს საჰაერო თავდაცვას მძლავრი და შორს მოქმედი საზენიტო საშუალება ექნებოდა.
CENTURION
24 მაისი 2016 16:36
სტატიის ავტორს აშკარად კომპეტენცია აკლია. ვშიშობ ექსპერტებიც ესეთები გვყავს. რაკეტა 11 ტონა კი არა, 11 მეტრია სიგრძეში და 7 ტონაა წონაში
გაბრო
21 მაისი 2016 00:48
ყველაფერი იმის ბრალია რომ საკუთარი აზრი არ გაგვაჩნია, ამერიკის და ევროპის დაპირებებზე და დაკრულზე ვცეკვავთ. საქართველოს რომ ყოლიყო ჭკვიანი, წინმხედი პოლიტიკოსები დიპლომატები ტერიტორიებს არ დავკარგავდით, რუსეთთანაც შევინარჩუნებდით ნორმალურ ურთიერთობას. მომწონს თუ არა ესე იქნებოდა საქართველოსთვის და მომავალი ქართველებისთვის უკეთესი, აბა ამხელა ურჩხულს ჩვენ რამეს ვუზამთ? როცა ამათი ყველას ეშინიათ და პირდაპირ დაპირისპირებას ერიდებიან, ბევრი ევროპაშიც და ამერიკაშიც ტრაკს ულოკავენ მოსკოვს. ჩვენი ხისტობით და წინდაუხედობით ურთიერთობაც გავიფუჭეთ და ტერიტორიებიც დავკარგეთ.
ჭკვა უხმარ არის ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.
ვაჟა17
20 მაისი 2016 22:42
წერტილ-წერტილ, დოს მარილი აკლიაო!
ზოგს რამდენი ბოღმა აქვს და ტვინის ნატამალი არა, საცოდაობაა!

რედაქტორის რჩევით