ჰიტლერს ფოთი ყელში ეჩხირებოდა...
09-05-2016
ჰიტლერს ფოთი ყელში ეჩხირებოდა...
მეორე მსოფლიო ომის დროს ფოთის პორტი საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო

8-9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებიდან 71 წლისთავი აღინიშნება (8 მაისს ევროპასა და აშშ-ში აღნიშნავენ, 9 მაისს კი პოსტსაბჭოთა სივრცეში). საქართველომ, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელმა ნაწილმა, თავისი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. ბევრისთვის შეიძლება უცნობი იყოს, თუ რა სტრატეგიული როლი შეასრულა ფოთის პორტმა მეორე მსოფლიო ომის დროს.
ომამდე ცოტა ხნით ადრე, 1941 წლის 5 აპრილს,
ფოთში ოფიციალურად შეიქმნა საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა, უფრო სწორად, მანამდე ბათუმში მოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზა ფოთში გადაიტანეს.
ბათუმიდან ფოთში შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზის გადატანის მიზეზი შეიძლება ისიც ყოფილიყო, რომ ბათუმის პორტი თურქეთიდან საარტილერიო სროლების რადიუსში ხვდებოდა (თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვრიდან ბათუმის
პორტამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 17 კმ თუ იყო), თურქეთი კი აშკარად უჭერდა მხარს ფაშისტურ გერმანიას.

ბათუმიდან ფოთში გადატანის შემდეგ გაიზარდა ამ სამხედრო-საზღვაო ბაზის საოპერაციო ზონაც თურქეთის საზღვრიდან ადლერამდე.
ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზის შემადგენლობაში ომის დაწყებამდე შედიოდა წყალქვეშა ნავების ორი დივიზიონი, საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონი (ორი ხომალდი), სატორპედო კატარღების ბრიგადა (12 კატარღა), სადარაჯო კატარღების დივიზიონი (23 კატარღა), ზღვის­ რაიონის დაცვის შენაერთი, სანაპირო დაცვის ოთხი საარტილერიო ბატარეა და ექვსი საზენიტო ბატარეა.
საზღვაო ძალების ეს შემადგენლობა იმ დროისთვისაც ანგარიშგასაწევი ძალა იყო.

1941 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ვერმახტის შენაერთები სწრაფად იპყრობდნენ საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილს, შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ძალების ევაკუაცია სევასტოპოლიდან და ნოვოროსიისკიდან სწორედ ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზა შავი ზღვის ფლოტის მთავარ ბაზად ოფიციალურად მხოლოდ 1942 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, 1942 წლის ზაფხულში ფოთის პორტში უკვე ბაზირებდა შავი ზღვის ფლოტის ესკადრა ფლაგმანის - სახაზო ხომალდ "პარიზის კომუნის" მეთაურობით.

ფოთის პორტში ღუზა ჩაშვებული ჰქონდა ხუთ კრეისერსა და ექვს საესკადრო ნაღმოსანსაც. ამ მსხვილგაბარიტიანი სამხედრო ხომალდების გამო ფოთის პორტში სხვა მცირეტონაჟიანი ხომალდებისა და კატარღებისთვის ადგილი თითქმის აღარ დარჩა, ამიტომ ბაზის მეთაურობამ მდ. ხობზე დროებითი ბაზირების პუნქტის შექმნა გადაწყვიტა. აქ განათავსეს ბევრი მცურავი საშუალება, მათ შორის - წყალქვეშა ნავები, მცირე ხომალდები და კატარღები. სხვათა შორის, დროებითი ბაზირების ამ პუნქტმა ფუნქციონირება მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც განაგრძო.

1941-1943 წლებში ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზა შავი ზღვის აკვატორიაში საბჭოთა ფლოტის საბრძოლო მოქმედებებში მთავარ როლს ასრულებდა. გარდა ამისა, ფოთის პორტიდან გასული ხომალდები და კატარღები საზღვაო დესანტების გადასხმითა თუ საგემბანო არტილერიის ცეცხლით საბრძოლო მხარდაჭერას უცხადებდნენ ამიერკავკასიის, კავკასიის, ყირიმისა და სამხრეთ ფრონტებზე მყოფ საბჭოთა შენაერთებს. ამასთან, ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზის ხომალდები მიაცილებდნენ საზღვაო ტრანსპორტს და ახდენდნენ საზღვაო ფარვატების გატრალვას.

ომში გარდატეხის შემდეგ, როდესაც ვერმახტის შენაერთებმა უკან დახევა დაიწყეს, საბჭოთა მეთაურობას სამხედრო-საზღვაო ბაზის გადატანა ფრონტთან უფრო ახლოს დასჭირდა. ამ მიზნით 1943 წლის შემოდგომაზე ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზის ხომალდთა ნაწილი ტუაფსესა და ნოვოროსიისკში გადავიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1944 წლის შემოდგომაზე, შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა ფოთიდან ისევ სევასტოპოლში დაბრუნდა.

ფოთის პორტმა დაკარგა მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზის სტატუსი და 1945 წლის თებერვალში ის კავკასიის საზღვაო თავდაცვის რაიონად გადაკეთდა, თუმცა, ორ წელში ისევ დაუბრუნდა სამხედრო-საზღვაო ბაზის სახელი.
ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზა 1976 წლის პირველ სექტემბრამდე არსებობდა, სანამ 184-ე საზღვაო რაიონის დაცვის ბრიგადის სტატუსამდე არ ჩამოაქვეითეს. ეს ნომერი მას იმ 184-ე წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ხომალდების ბრიგადის მიხედვით მიენიჭა, რომელიც ფოთის პორტში ჯერ კიდევ 1960 წლის შემოდგომაზე შეიქმნა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წლის 14 მაისის მონაცემებით, ფოთის სამხედრო პორტში დისლოცირებული 184-ე საზღვაო რაიონის დაცვის ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდა: 181-ე წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ხომალდების, 182-ე მტრალავების, 39-ე სადესანტო ხომალდების, 82-ე სასწავლო ხომალდების დივიზიონები და სხვა დამხმარე ნაწილები.

1992 წლის ბოლოს 184-ე ბრიგადა ფოთის სამხედრო პორტიდან ნოვოროსიისკის პორტში გადავიდა, ისე, რომ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებს ორი მცირე სადესანტო კატარღა თუ დაუტოვა (რომლებშიც ქართველმა მეზღვაურებმა ფულიც კი გადაუხადეს).
მოგვიანებით, როდესაც რუსეთი და უკრაინა ყოფილი შავი ზღვის საბჭოთა ფლოტის ხომალდებს იყოფდნენ, საქართველო არავის გახსენებია, არადა, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან შავ ზღვაზე გასასვლელი, რუსეთსა და უკრაინასთან ერთად, მხოლოდ საქართველოს ჰქონდა.
Mari
25 ოქტომბერი 2016 02:07
Cyalqvsh navebis xma azanzarebda fots,exla fots gemebi enatreba,aashenes amatac qveyana,vai saqartvelos brali
კახა
20 მაისი 2016 10:18
ჩვენ სად გვეცალა შავი ზღვის ფლოტის წილის მოსათხოვად, ზვიადისტები, ყაჩაღების ბანდა მხედრიონი და კიდევ ათას კუტოკებად დაყოფილები დავერიეთ ერთმანეთს. ეხლა მაინც მოვეგოთ გონს და ჩვენს პარტნიორებს იქნებ როგორღაც დავტყუოთ სწრაფმავალი კატარღები ან ჩვენით რატომ ვერ უნდა ავაწყოთ კორპუსი ხომალდის, რადიო ელექტრონიკაში კი დახმარება გაგვიწიონ ნატოელებმა.
ვაჟა17
19 მაისი 2016 12:49
რაღა დროს ჰიტლერია! ჩვენი მთავარი "სტრატეგიული ფართნერების" სახმელეთო ჯარების სარდლად გეი რო დაინიშნა, ის აინტერესებს საზოგადოებას! ოჰ, რას გვასწავლის ომის ამბავს, ხო ხო ხო, რასტოვს გავცდებით და ერთ კვირაში ტულაში ჩავალთ!

რედაქტორის რჩევით