საბჭოთა პერიოდში აქ ინახებოდა საინჟინრო ატომური ნაღმები - ვაზიანის აეროდრომის ისტორია - კვირის პალიტრა

საბჭოთა პერიოდში აქ ინახებოდა საინჟინრო ატომური ნაღმები - ვაზიანის აეროდრომის ისტორია

ვაზიანის აეროდრომის ისტორია მეორე მსოფლიო ომიდან იწყება.

ვაზიანის აეროდრომზე პირველი საბჭოთა საავიაციო შენაერთი 1942 წლის აგვისტოში გამოჩნდა. ეს იყო 982-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკი, რომელსაც თბილისის საჰაერო თავდაცვა ევალებოდა.

1951 წლამდე ვაზიანის პოლკის შეიარაღებაში ЯК-9 ტიპის ხრახნიანი გამანადგურებლები ირიცხებოდა. 1951-1955 წლებში ვაზიანში უკვე პირველი სერიული რეაქტიული გამანადგურებლები - МиГ-15-ები - გამოჩნდა, რომლებსაც თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობდნენ. 1954 წლიდან МиГ-15-ები გაუმჯობესებულმა МиГ-17-ებმა შეცვალა, რომლებიც თბილისის ცას 1962 წლამდე იცავდნენ. 60-იანი წლების დასაწყისისთვის МиГ-17-ები მოძველებულ გამანადგურებლებად მიიჩნიეს და ისინი ვაზიანის 982-ე საავიაციო პოლკში იმ დროისათვის ახალი МиГ-21-ებით შეცვალეს.

МиГ-21-ებს ვაზიანის აეროდრომზე ბაზირებამ 1978 წლამდე მოუწია. 1973 წლიდან ისინი ნაწილობრივ იცვლებოდა მოდერნიზებული МиГ-21ЯМ-ებით, მაგრამ 1980-იანი წლების დასაწყისისთვის ისინიც აღარ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს, ამიტომაც 1978 წელს

ვაზიანის აეროდრომზე იმ დროს თანამედროვე МиГ-23МЛА ტიპის ზებგერითი გამანადგურებლები გამოჩნდა, რომლებიც მალევე მათი მოდერნიზებული ვარიანტით - МиГ-23МKL-ით - შეცვალეს.

1984-1986 წლებში ვაზიანში დისლოცირებული გამანადგურებლების ნაწილი პილოტებსა და ტექნიკურ პერსონალთან ერთად გადაისროლეს ავღანეთში, ყანდაარის აეროდრომზე. ავღანეთში ორწლიანი საბრძოლო მოქმედებების დროს ვაზიანის საავიაციო პოლკმა სამი გამანადგურებელი და ორი პილოტი დაკარგა.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ პარიზში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ეწერა, რომ 1990 წლის ნოემბრისთვის საქართველოში, ვაზიანის აეროდრომზე დისლოცირებული 982-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკის შემადგენლობაში იყო 44 ცალი МиГ-23МKL-ს ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი.

ეს თვითმფრინავები სამ საავიაციო ესკადრილიაში იყო განაწილებული და ისინი დაცულ, ბეტონირებულ ანგარებში ინახებოდა ვაზიანის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ვაზიანის აეროდრომის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ იყო, ხოლო სიგანე - 60 მ. ვაზიანის 982-ე პოლკი ორგანიზაციულად ექვემდებარებოდა 283-ე საავიაციო დივიზიას, რომელშიც ასევე შედიოდა სენაკში (მაშინდელი ცხაკაია) დისლოცირებული 176-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკი (შეიარაღებაში იყო 35 МиГ-29 და 4 МиГ-23У), 841-ე გვარდიული გამანადგურებელი ბომბდამშენების საავიაციო პოლკი მახარაძეში (მერია) (შეიარაღებაში გამანადგურებლები МиГ-23М) და 529-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკი ბომბორაზე (გუდაუთა) (შეიარაღებაში ЯК-28П ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელები).

ვაზიანის აეროდრომზე, გარდა 982-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკის МиГ-23МKL-ებისა, განთავსებული იყო 313-ე ცალკეული სადაზვერვო საავიაციო პოლკის СУ-17М3Р ტიპის სადაზვერვო გამანადგურებელი ბომბდამშენებიც.

ოფიციალური ინფორმაციით, 982-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკმა ვაზიანის აეროდრომი ერთ დღეში - 1992 წლის 1-ელ იანვარს დატოვა და უკვე დამოუკიდებელი საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაფრინდა.

გარდა სამხედრო აეროდრომისა, ვაზიანში საბჭოთა პერიოდში დისლოცირებული იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 171-ე საოლქო სასწავლო ცენტრი, რომლის ბაზაზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა რუსეთის 137-ე სამხედრო ბაზა. იგი გაძლიერდა ახალქალაქიდან გადმოყვანილი 405-ე მოტომსროლელი პოლკით, რომლის შეიარაღებაში იყო 31 ტანკი, 54 ჯავშანმანქანა და 12 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. 2007 წლამდე ეს თბილისთან ყველაზე ახლოს მყოფი რუსული საბრძოლო შენაერთი გახლდათ.

ვაზიანის სარკინიგზო ბაქანი აღჭურვილია სპეციალური პანდუსით, რომელიც ღია სარკინიგზო პლატფორმებზე საბრძოლო ტექნიკის საკუთარი სვლით დატვირთვა-ჩამოტვირთვას ემსახურება, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს მექანიზებული დანაყოფების რკინიგზით ოპერატიულად გადასროლისას.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, საბჭოთა პერიოდში სწორედ ვაზიანში ინახებოდა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისა ("ტემპი", "ელბრუსი") და მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარებისთვის ("პიონი") განკუთვნილი ბირთვული ქობინები, ასევე - საინჟინრო ატომური ნაღმები, რომლებიც საქართველოდან 1989 წელს გაიტანეს.

დღეს ვაზიანში ქართული არმიის მე-4 მექანიზებული და 1-ლი საარტილერიო ბრიგადებია განთავსებული. აქვე დაიწყო ფუნქციონირება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრმა.

ბევრი ფაქტორი მიუთითებს, რომ ვაზიანის აეროდრომი და სამხედრო პოლიგონი საქართველოსა და NATO-ს მჭიდრო თანამშრომლობის მთავარი ასპარეზი ხდება, რაც რუსეთის გაღიზიანებასა და არცთუ სახუმარო მუქარას იწვევს - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ავიაციამ სწორედ ვაზიანის ქართული სამხედრო ბაზა დაბომბა...