ვაზიანი: ჯერ მოსკოვის, ახლა კი ვაშინგტონის სტრატეგიულ გათვლებში - კვირის პალიტრა

ვაზიანი: ჯერ მოსკოვის, ახლა კი ვაშინგტონის სტრატეგიულ გათვლებში

სამხრეთ კავკასიის შუაგულში მდებარე ვაზიანის სამხედრო აეროდრომი სტრატეგიულ მნიშვნელობას იბრუნებს

ამერიკულ-შვედური ერთჯერადი ატ-4/მ-136 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი ერთი მეტრი სიგრძისაა და 7,5 კგ-ს იწონის. მის 84 მმ კალიბრის კუმულაციურქობინიან ყუმბარას 300 მ-ზე 500 მმ სისქის ჯავშნის გახვრეტა შეუძლია

თბილისთან ახლოს ამერიკული "აბრამსების" გამოჩენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ვაზიანის აეროდრომზე ასევე ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან NATO-ს რეაგირების ძალების პარაშუტისტების, მანქანისა და 105 მმ კალიბრის ჰაუბიცის საჰაერო დესანტირება, რაც სამმხრივი - ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული - სამხედრო სწავლების, "ღირსეული პარტნიორი-2016"-ის, გახსნის დღეს - 11 მაისს განხორციელდა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სარდლობა დაინტერესდა ვაზიანის აეროდრომის ინფრასტრუქტურით, რომლის გამოყენება თანამედროვე სახმელეთო-საჰაერო ოპერაციებში შეიძლება.

ვაზიანის აეროდრომი თავისი მდებარეობით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია არა მარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ მოსკოვს ის არ ეთმობოდა და ყველაზე ბოლოს, 2007 წელს, სწორედ ვაზიანიდან გაიყვანა თავისი სამხედრო დანაყოფები.

რატომ ჩამოდიან საქართველოში ამერიკელი სამხედროები?

ამ კითხვას ჩვენთან ისინიც სვამენ, ვისთვისაც მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის და ისინიც, ვისაც ერთადერთი მხსნელი ოკეანის გაღმა ეგულება. არადა, პასუხის პოვნა ძალიან ადვილი იყო ვაზიანის პოლიგონსა და აეროდრომზე, სადაც ქართველი და ამერიკელი სამხედროები ერთმანეთს დიდი მონდომებითა და მოთმინებით უზიარებდნენ სამხედრო გამოცდილებას - ქართველი ტანკისტი ამერიკელ კოლეგას თავისი ტანკის საბრძოლო შესაძლებლობებს უხსნიდა, ის კი, თავის მხრივ, "აბრამსის" მართვას ასწავლიდა...

ორივე ქვეყნის სამხედროები თავიანთ ენაზე მშვენივრად აგებინებდნენ ერთმანეთს და ხშირად უსწორებდნენ მთარგმნელებსაც კი, რომლებიც ტექნიკური ტერმინების გადათარგმნისას არცთუ იშვიათად სცოდავდნენ. ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა მხოლოდ პოლიგონზე, ერთობლივი წვრთნების შედეგად თუა შესაძლებელი, ამიტომ ასეთი ორ და მრავალმხრივი წვრთნების სისტემატურად ჩატარება სამხედრო თვალსაზრისით უდავოდ გამართლებულია.

გარდა ამისა, წელს, ისევე როგორც შარშან, "ღირსეული პარტნიორის" სწავლების ფარგლებში გაიწვრთნა ქართული არმიის პირველი ქვეითი ბრიგადის ასეული, რომელიც NATO-ს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ჩაირიცხება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას თავის ოპერაციებში ჩართავს.

თუმცა, სამწუხაროდ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თუკი ამ ასეულის სამშობლოს საფრთხე დაემუქრა, NATO-ს რეაგირების ძალები მყისვე დაიძვრებიან მის დასახმარებლად, არადა, საფრთხე რეალურია, თუნდაც სწორედ ამ ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამართვისა და თითზე ჩამოსათვლელი ამერიკული "აბრამსების" ჩამოტანის გამო.

რა შეიძლება მოიმოქმედოს კრემლმა საპასუხოდ?

სამწუხაროდ, ერთხელ ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ. 2008 წლის ივლისის ბოლოს ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლების დამთავრების შემდეგ, რამდენიმე დღეში, რუსეთის არმია საქართველოში შემოიჭრა...

დღეს, რა თქმა უნდა, სხვაგვარი სიტუაციაა და ერთი შეხედვით, არც წინაპირობა არსებობს, რომ რუსეთმა სამხედრო აგრესია განაახლოს - ვერც მძინარე ცხინვალის დაბომბვას დაგვაბრალებს და ვერც - რუსი "მშვიდობისმყოფელების" დაცხრილვას, მაგრამ ამჯერად საფრთხე სხვა მხრიდან მოდის.

რუსეთ-აშშ-ის დაპირისპირება თითქმის ყოველდღიურად იზრდება. რუმინეთში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის ერთ-ერთი კომპონენტის ამუშავებამ კრემლის ბინადართა გაღიზიანება გამოიწვია და რუსეთის პრეზიდენტი რუმინეთს საპასუხო ქმედებებით არცთუ ორაზროვნად დაემუქრა.

ამ დაძაბულობის ფონზე მოსკოვი ძალიან განიცდის რუსეთის საზღვრების სიახლოვეს თუნდაც დროებით, მხოლოდ ორიოდე კვირით და თანაც - რამდენიმე ცალი ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოჩენას. ამიტომ არ არის გამორიცხული, ამერიკელებზე გაბრაზებულმა რუსეთის ხელისუფლებამ ჯავრი პატარა საქართველოზე იყაროს, თუნდაც იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოს დაანახოს - თეთრი სახლი ვერ შეძლებს, რეალური დახმარება აღმოუჩინოს თავის პარტნიორს და ისევ "შეშფოთება-აღშფოთებას" დასჯერდება, რაც ერთხელ უკვე მოხდა...

რუსი საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის მოტივით საჩხერის რაიონის ცხრა მცხოვრების დაკავება იქნებ გაფრთხილება იყო და უპირველესად, სწორედ ყველასთვის ცნობილი საჩხერელის?

"გვაინტერესებს, რამდენად სწრაფად გადმოვისვრით ტანკებს თქვენს ქვეყანაში..."

მეორე მხრივ, აგვისტოს ომისგან განსხვავებით, დღეს ამერიკელი ოფიციალური პირები - იქნება ეს ამერიკელი გენერალი თუ დიპლომატი - თამამად აცხადებენ, საქართველოში ერთობლივ წვრთნებს იმიტომ ვატარებთ, რომ გვაინტერესებს, რამდენად სწრაფად შეგვეძლება ტანკებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის გადმოსროლა, თუკი თქვენს ქვეყანას საფრთხე დაემუქრებაო...

ლოგიკურად, ეს უნდა ნიშნავდეს, რომ თუკი რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განაახლა, აშშ ჩვენს ქვეყანას სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს! ყოველ შემთხვევაში, კრემლი სწორედ ასე ახსნის ამერიკელების განცხადებებს და ვინ იცის, იქნებ სცადოს კიდეც საქართველოსთან დაპირისპირებით პენტაგონის ოპერატიულობის გამოცდა?